Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში ხოტბას ასხამს უნგრელების მისწრაფებას თავისუფლებისაკენ


აშშ-ის პრეზიდენტი ერთი დღით სტუმრობს ბუდაპეშტში, სადაც ის ვენიდან ჩავიდა ამერიკა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ.

უნგრეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი ერთ ისტორიულ თარიღს უკავშირდება: [ჯორჯ ბუშის ხმა]
“აქ ვიმყოფები 1956 წლის რევოლუციის (50-ე) წლისთავის აღსანიშნავად - აღსანიშნავად რევოლუციის იმ იდეისა, რომ ყველა ქალი და მამაკაცი თავისუფალი უნდა იყოს”. ეს სიტყვები წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უნგრეთში, ანტისაბჭოთა აჯანყების 50-წლიან იუბილესთან დაკავშირებული ვიზიტისას.

1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებაში 2500-მდე უნგრელი და 750 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპნენ. უნგრეთის პრეზიდენტმა ლასლო შოიომმა როგორც აღნიშნა პრეზიდენტის სასახლეში ამერიკელი კოლეგის მიღებისას, [ლასლო შოიომის ხმა] “ჩვენ გამოვხატავთ საერთო ფასეულობებს, რომელთათვისაც უნგრელები და უნგრეთი იბრძოდნენ 1956 წელს - ესენია თავისუფლება, დემოკრატია, ეროვნული თვით-გამორკვევა, ადამიანის უფლებები”.

უნგრელების ბრძოლა ამ ფასეულობებისთვის სისხლიანი გამოდგა: ყველაზე უფრო სისხლიანი საბჭოთა რეჟიმისთვის აღმოსავლეთ ევროპაში გაწეული წინააღმდეგობიდან. აჯანყება 1956 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო: იმ დღეს სტუდენტებმა მოაწყეს დემონსტრაცია, რომელზეც მხარდაჭერა გამოთქვეს პოლონეთის კომუნისტური პარტიის რეფორმისტული ფრთის მიმართ. მაგრამ როცა უნგრელი დემონსტრანტების რიცხვმა უმოკლეს დროში 100 000-ს მიაღწია, უშიშროების პოლიციამ ცეცხლი გახსნა: მოკლა ასობით დემონსტრანტი, რის შემდეგაც უკვე აჯანყებამ იფეთქა.

ერთი პირობა ისე ჩანდა, რომ უნგრელების ანტისაბჭოთა აჯანყება წარმატებით დაგვირგვინდებოდა: დაინიშნა რეფორმისტული მთავრობა, ახალი პრემიერ-მინისტრი ემრე ნოდი ვარშავის ხელშეკრულებიდან გასვლაზე ალაპარაკდა.
მაგრამ საქმეში საბჭოთა არმია ჩაერია: ტანკები აჯანყების მეორე დღიდანვე ამოძრავდნენ, 4 ნოემბრიდან კი უკვე მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. 10 ნოემბრისთვის შეტაკებები დასრულებული იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ვიზიტამდე მისი თანაშემწეები ამბობდნენ, რომ ბუშის გამოსვლაში აჯანყებაზე საუბარი იქნებოდა, როგორც ისტორიულ მოვლენაზე, რომ ეს არ უნდა იყოს მიჩნეული რაიმე სახის ნეგატიურ სიგნალად მოსკოვის მისამართით.

ასეა თუ ისე, ბუშმა ბუდაპეშტში ხოტბა შეასხა უნგრელების მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, რაც 1956 წლის აჯანყებაში გამოიხატა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა რეპრესიამ ჩაახშო აჯანყება, მაგრამ ვერ ჩაახშო “თავისუფლების წყურვილი” უნგრელებში. ბუში შეეხო კიდევ რამდენიმე საკითხს და გაიხსენა უნგრელების როლი 1989 წელს კომუნიზმის დამხობაში.

აშშ-ის პრეზიდენტი ამ შინაარსის მოხსენებით გამოვიდა გელერტის ბორცვზე - იმ ადგილას, რომელიც ბუდაპეშტს ორ ნაწილად, ბუდად და პეშტად, ჰყოფს. 50 წლის წინ ამ ბორცვიდან ესროდნენ რაკეტებს აჯნყებულებს საბჭოთა ჯარისკაცები.
XS
SM
MD
LG