Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდება თუ არა “დიდი რვიანის” სამიტის მსჯელობის საგანი საქართველოსა და მოლდოვეთში არსებული კონფლიქტები, რას ფიქრობენ ამაზე რუსეთსა და საქართველოში


რა ადგილს დაიკავებს “დიდი რვიანის” სამიტზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ, კი საქართველოსა და მოლდოვეთში არსებული ”გაყინული კონფლიქტები”,

არის თუ არა შანსი ეს კონფლიქტები ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმის განხილვის საგნად იქცეს ? ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ოპტიმისტურ მოსაზრებებს გამოთქვამენ, განსხვავებით რუსი პოლიტოლოგებისგან, რომელთაც ძალზედ ეეჭვებათ, “დიდი რვიანის” სამიტზე საქართველოსა და მოლდოვეთის პრობლემებზე საჯარო მსჯელობა გაიშალოს.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების მცდელობას “დიდი რვიანის” ქვეყნების მეთაურთა შეხვედრის წინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ჩასვან საქართველოსა და მოლდოვეთის ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების საკითხი, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში გარკვეული სკეპტიციზმით უყურებენ - სკეპტიციზმით იმ მხრივ, რომ არ არის საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული საკითხის “დიდი რვიანის” სამიტის დღის წესრიგში ჩასმის მოლოდინი, თუმცა საქართველოში ელიან, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვეთში არსებული კონფლიქტები გარკვეული ფორმით წინ აუცილებლად წამოიწევს. პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და მოლდოვეთის საკითხებს “დიდი რვიანის” შეხვედრაზე გვერდს ვერ აუვლიან. როგორც მან რადიო “თავისეფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში “სადისკუსი მაგიდასთან” ახლახან აღნიშნა:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ” ეს საკითხები გაიჟღერებს, თუმცა შეიძლება დღის წესრიგში არ ჩაიწეროს საქართველოსა და მოლდოვას საკითხი. ეს იქნებოდა ცივი ომის ფორმატი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ”

“დიდი რვიანის” სამიტს კიდევ უფრო მკვეთრ ოპტიმიზმს უკავშირებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი. ის, რა თქმა უნდა, არ იზიარებს რუსი პოლიტიკოსებისა და ესქპერტების ცნობილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პრობლემები რეგიონალური პრობლემებია დ ასეთი დონის პრობლემები “დიდი რვიანის” სამიტის განსჯის საგანი არ შეიძლება გახდეს.

[კოტე გაბაშვილის ხმა]

მაინც როგორ და რა ფორმით შეიძლება წამოიწიოს წინ “დიდი რვიანის” სამიტზე საქართველოსა და მოლდოვეთის საკითხებმა?- ამაზე საკუთარ მოსაზრებებს ავითარებენ რუსი პოლიტოლოგები. მათგან მოსკოვის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორს სერგეი მარკოვს და დამოუკიდებელ ექსპერტს პაველ ფელგენჰაუერს რადიო ”თვაისუფლების” რუმინული სამსახურის კორესპონდენტი ესაუბრა:

ჯერ პაველ ფელგენჰაუერის მოსაზრებას შემოგთავაზებთ. შეკითხვას, შედგება თუ არა “დიდი რვიანის” სამიტზე მსჯელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ კი, საქართველოსა და მოლდოვეთში არსებულ კონფლიქტებზე, მან უპასუხა:

[ფელგენჰაუერის ხმა] ”თუ არაფერი შეიცვლება და სამიტის დაწყებამდე კონფლიქტის ზონებში ვითარება სერიოზულად არ დაიძაბება, ამ საკითხების საჯარო განხილვა, ალბათ, არ მოხდება, თუმცა მათ ახსენებენ. პრივატულ საუბრებში პრეზიდენტები კონფლიქტების თემას თუ შეეხებიან, იქნება საუბარი საქართველოზე, სადაც სამხრეთ ოსეთში დიდია საომარ მოქმედებათა დაწყების ალბათობა. თანაც, ეს რეგიონი გეოგრაფიულად უკაშირდება ირანს, ირანის პრობლემა კი უმნიშვნელოვანესია რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში.”

რაც შეეხება მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორს სერგეი მარკოვს, ის ფიქრობს, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრაზე ჩვენ მიერ ხსენებული კონფლიქტების განხილვა სერიოზულად არ მოხდება:

[მარკოვის ხმა] ”რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული, ურთიერთდაპირისპირებული მიდგომები პოსტაბჭოთა სივრცისა და ამ სივრცეში გაყინული კონფლიქტებისადმი. სწორედ ამიტომ ამ კონფლიქტების განხილვა სერიოზულ დონეზე არ მოხდება. არავის არა აქვს სურვილი ჩაშალოს სამიტი იმ უგუნური ქართველების, მოლდოველების, აფხაზებისა და ოსების გამო, რომლებიც იარაღზე იყურებიან და ვერ პოულობენ ერთმანეთთან სალაპარაკო ენას.”

ჩვენ გაგაცანით რუსი პოლიტოლოგების მოსაზრებები. ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან განსხვავებით, მათ ნაკლები მოლოდინი აქვთ იმის, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების თემამ წამოიწიოს.


XS
SM
MD
LG