Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე, განსხვავება რუსეთისა და ნატოს დამოკიდებულებაში ამ კონფლიქტების


კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე, განსხვავება რუსეთისა და ნატოს დამოკიდებულებაში ამ კონფლიქტების მოგვარების გზების მიმართ, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე

მიმდინარე სასამართლო პროცესი – ასეთი გახლავთ დღევანდელ ქართულ პრესაში დაბეჭდილ იმ პუბლიკაციათა თემები, რომლებიც მინდა მიმოვიხილო.

“რუსეთის და ნატოს განსხვავებული მიდგომები – ცხარე დებატები საქართველოს გარშემო” - “24 საათი” გასულ კვირაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუს კანონმდებლებთან ერთად სოჭში გამართული სემინარის ზოგიერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. სოჭის შეხვედრაში, რუსეთის მხარის ინიციატივით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველი დიმიტრი მედოევი და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც მონაწილეობდნენ. მათი გამოსვლების საპასუხოდ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პიერ ლელუშს რუსეთი სეპარატიზმის მხარდაჭერაში დაუდანაშაულებია და განუცხადებია: “რუსეთი ამ ვითარებაში ძირითადი მოთამაშეა: ორივე ანკლავში ბრუნავს რუბლი და რუსული პასპორტები რიგდება. იქ კიდია პლაკატები პუტინის პორტრეტებით და წარწერით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში”, - ასე ახდენს “24 საათი” ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ციტირებას. რუს დეპუტატებს კი ნატო სამხედრო კონფლიქტების წახალისებაში დაუდანაშაულებიათ.

გაზეთი “რეზონანსი” კი რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება. 28 ივნისს პუტინი რუსეთის ფედერაციის ელჩებსა და მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. “რეზონანსის” მიხედვით: “პრეზიდენტი პუტინი კონფლიქტის ზონებში რუსული სამშვიდობო მისიის შეწყვეტას არ აპირებს. როგორც მან სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, “მიუხედავად პროვოკაციებისა, რუსეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების კონფლიქტურ ზონებში თავის სამშვიდობო ჯარებს დატოვებს”, - წერს “რეზონანსი” და იქვე დასძენს: “თბილისში რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე კონსენსუსი თითქმის მიღწეულია. პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი პუტინის ბოლო განცხადებაში ახალს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ეს არის ის, რითაც საქართველო-რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში დაშორდნენ. გაბაშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტი რუსების გაყვანის გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს”. იმავე “რეზონანსთან” საუბარში დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ავთანდილ იოსელიანი ამბობს: “პირველ რიგში, სამშვიდობოების მანდატის შეცვლას უნდა მივაღწიოთ. პარლამენტში ეს მანდატი ბევრს წაკითხულიც არ აქვს. იქ საუბარია რუსების საზღვრის გასწვრივ განლაგებაზე, ასევე ჩვენი ტერიტორიის შიგნით 15 კილომეტრის სიღრმეში შემოსვლაზე. გაუგებარია, ისინი ზუგდიდის სიღრმეში რას აკეთებენ. ამიტომ სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციასა და მისთვის პოლიციური ფუნქციების მინიჭებაზე უნდა ვიმუშაოთ”, - ამბობს ავთანდილ იოსელიანი “რეზონანსთან” ინტერვიუში.

“აფხაზებს ბერძნებიც აიარაღებენ”, - წერს “ახალი თაობა”. “თითქოსდა საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ბერძნების საშუალებით აფხაზური სეპარატიზმი ძლიერდება. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ბერძნულმა სათვისტომომ სეპარატისტებს აჩუქა რამდენიმე სწრაფმავალი კატარღა, რომელზეც აფხაზებმა “ზუ-23” ტიპის საზენიტო დანადგარები დაამაგრეს. ასე რომ, აფხაზი სეპარატისტები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ტერორში ამყოფებენ, ომისთვის ემზადებიან”, - წერს “ახალი თაობის” კორესპონდენტი.

დასასრულ, ერთი პუბლიკაციის შესახებ, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებულ სასამართლო პროცესს ეხება. გაზეთი “ხვალინდელი დღე”: “გირგვლიანის საქმე – ღია პროცესი დახურულ სივრცეში”, ასე ასათაურებს ავტორი პუბლიკაციას, რომელშიც წერს: “ხელისუფლება დუმილით ცდილობს მაღალჩინოსანთა დაკვეთით შესრულებული მკვლელობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ კრიმინალად მონათლოს. ამის გამო გირგვლიანების ოჯახი მეტი გამჭვირვალობისთვის სასამართლოს პირდაპირ ტრანსლაციას მოითხოვს”. “ხვალინდელი დღე” მიანიშნებს ერთ დეტალზეც: “ბუხაიძის ჩვენება და საბრალდებო დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ბარ “შარდენის” კართან მისულმა გია ალანიამ გაიგონა, როგორი უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა სანდრო გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რამაც თურმე ალანიას აღელვება გამოიწვია. ბუხაიძის ჩვენების მიხედვით კი, ის და სანდრო, ბარიდან გამოსულები, ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ჩასვეს ავტომანქანაში, ცემა დაუწყეს და თან ერთ ფრაზას ეუბნებოდნენ – რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რატომ უსწორდებოდნენ მათ”, - წერს “ხვალინდელი დღე” მიმდინარე სასამართლო პროცესის თაობაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG