Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს გამოსული ქართული პრესის უმრავლესობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკული ვიზიტის


ორშაბათს გამოსული ქართული პრესის უმრავლესობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკული ვიზიტის დღის წესრიგისა და მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტას ცდილობს.

გაზეთ ”ახალი ვერსიის” ვერსიით, ”საქართველოს პრეზიდენტს თეთრ სახლში უსიამოვნო საუბარი ელოდება. ჯორჯ ბუშთან განსახილველ საკითხთა ვრცელ ნუსხას კიდევ ერთი თემა დაემატა. ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენიანმა ორგანიზაციამ, ”ჰიუმან რაითს უოთჩმა”, ამერიკის პრეზიდენტს წერილი მისწერა და სთხოვა, სააკაშვილთან შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ დარღვევებზე გაამახვილოს. ”ბუშის ადმინისტრაციას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობასთან. ამან არ უნდა გამორიცხოს კონსტრუქციული, კრიტიკული დიალოგი. დროა, ეს საკითხები ახლა წამოიჭრას, სანამ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკად არ დამკვიდრებულა”, აღნიშნულია ”ჰიუმან რაითს უოთჩის” განცხადებაში, რომელიც ორშაბათის გაზეთ ”ახალ ვერსიაშია” გამოქვეყნებული.
2 ივლისს დმანისის მამათა მონასტერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ყველა ქართული გამოცემა ეხმიანება. გაზეთი ”ახალი ვერსია” ოპერაციას ”დარბევას” უწოდებს და ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: ”2004 წელს ამ ტრადიციების დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში დააწიოკა მოწამეთას ეკლესია. რაც შეეხება გლდანის ეკლესიას, იქ, ასევე 2004 წელს, შსს-მ მოლოდინს გადააჭარბა - სატვირთო მანქანით შეანგრია ეკლესიის კარი, ჯერ ცრემლსადენი გაზი გაუშვა, შემდეგ კი სპეცრაზმს დაარბევინა მრევლი....”ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეკლესია, მედია, არასამთავრობო სექტორი და მთელი საზოგადოება მკაცრად უნდა აკონტროლებდეს და სჯიდეს ხელისუფალთა ნებისმიერი უკანონობისა და თავისუფლების გამოვლინებას”, წერს გაზეთი ”ახალი თაობა”.

”ყველამ იცოდეს, დუმილს არ ვაპირებ” - ასეთი სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბართან ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”. ”ჩემთვის მიუღებელია ძალის ზედმეტი გამოყენება. უამრავი დარღვევაა ციხეში. ყველა ოთახში, სადაც ადვოკატები პატიმრებს ხვდებიან, ვიდეოთვალი დააყენეს. თვალთვალი დასაშვებია კანონით, მაგრამ დაუშვებელია მოსმენა. სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ შეხვედრების მოსმენა არ ხდება,” - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

ყოველდღიური გაზეთი ”რეზონანსი” კი აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ ”გორბის” მორიგი გამოკვლევის შედეგებს შეკითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უფრო ენდობა საქართველოს მოსახლეობა. ”პირველ ადგილზე 47 პროცენტით ლიდერობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მისი რეიტინგი ახალი წლის შემდეგ სამი პროცენტით გაუარესდა. 32 პროცენტით მეორე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, მესამეზე - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც მყარი 28 პროცენტი აქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ოთხი პროცენტით აიწია, შარშანდელთან შედარებით, ოპოზიციის წარმომადგენლის, კობა დავითაშვილის, რეიტინგმა და იგი 27 პროცენტს აღწევს. მეხუთე და მეექვსე ადგილებზე კი იმყოფებიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG