Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ზაქარეიშვილი: ''აფხაზები საქართველოსგან კიდევ უფრო იმედგაცრუებულები არიან''


”აფხაზებს არ გაუმართლდათ ის მოლოდინი, რაც თავის დროზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ გაუჩინა. დღევანდელი საქართველოსგან ისინი კიდევ უფრო იმედგაცრუებულები არიან,

ვიდრე აქამდე იყვნენ. მათ ეშინიათ საქართველოსი და ეშინიათ რუსეთისაც და აქეთ ან იქით გადახრას აფხაზეთის დღევანდელი სტატუს კვოს შენარჩუნება ურჩევნიათ,”- ასეთი დასკვნა გამოაქვს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს იმ შეხვედრებიდან, რომლებიც ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის ფორმატში გასული ერთი თვის მანძილზე გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიასა და თურქეთში.

ქართულ-აფხაზური შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ორგანიზაცია ”შერიგების რესურსების” მეშვეობით გაიმართა, ავსტრიასა და სტამბულში კი კალიფორნიის ინსტიტუტისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით. მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ხან დახურული, ხანაც ღია ფორმატით იმართება. დახურული ფორმატი გულისხმობს ქართველებისა და აფხაზების პირდაპირ დიალოგს, დასავლელი ან რუსი ექსპერტების მონაწილეობის გარეშე. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის დაკვირვებით, დახურულ შეხვედრებზე მხარეებს გაცილებით ღიად, მეტი გულწრფელობის გამოვლენით გამოსდით კამათი, ვიდრე ღია შეხვედრებზე, რომლებშიც ქართველებსა და აფხაზებთან ერთად აქამდე ხშირად რუსი ექსპერტები მონაწილეობდნენ. სტამბულში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზურ დიალოგს ევროპელი ექსპერტები აკვირდებოდნენ. საქართველოს სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით შემდგარი ამ შეხვედრის მიზანიც აფხაზებისთვის ევროპისკენ გზის გახსნის შეთავაზება იყო. ”შავი ზღვის ინტეგრაციის პროცესები და აფხაზეთის პერსპექტივები ” - ასე ერქვა ივნისის მიწურულს გამართულ შეხვედრას, რომელზეც პაატა ზაქარეიშვილს აფხაზები ქართველების მიმართ ადრინდელზე გაცილებით აგრესიულები და გაუცხოებულები ეჩვენა:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”უცხოელების ყოფნა იყო ერთ-ერთი ფაქტორი. აფხაზები ამან გაათამამა, ევროპელების წინაშე თავის მოწონება უნდოდათ. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ქართველების მიმართ აფხაზების ნდობის რესურსის ამოწურვა.” (სტილი დაცულია)

სანამ იმის შესახებ მოგახსენებდეთ, მაინც რა მოლოდინი გაუცრუვდათ აფხაზებს, გეტყვით, რომ სტამბულში გამართულ შეხვედრას აფხაზთაგან და ქართველთაგან, ძირითადად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სპიკერი კრისტაინ ბჟანიაც იღებდა, ის კი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა დღევანდელ აფხაზეთში.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”თქვეს, რომ ირაკლი ალასანია იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დაიწყო პირდაპირი კონტაქტები აფხაზებთან, მიხვდა, რომ საერთაშორისო ვექტორი მნიშვნელოვანია , მაგრამ არანაკლები მნიშვნელობისაა აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტები."

”ირაკლი ალასანიას ჩამოშორებამ იმ საქმიდან, რასაც აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება ჰქვია, აფხაზები დაარწმუნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მათთან პირდაპირი დიალოგი ლამის მეათეხარისხოვანია,” - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს : ”როცა შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, აფხაზებს ქართველებისგან ახალი ინიციატივების, ახალი იდეების მოლოდინი გაუჩნდათ. ეს იყო სწორედ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი, თუმცა აშკარაა, რომ სააკაშვილი, შევარდნაძისა არ იყოს, ერთადერთ გზას მიენდო - დასავლეთის დახმარებით რუსეთზე და, შესაბამისად, აფხაზებზე ზემოქმედების გზას."

როცა პირდაპირი დიალოგი არ ვითარდება და როცა აფხაზეთში აღწევს აგრესიული გზავნილები საქართველოდან, ძლიერდება შიში, ძლიერდება უნდობლობა. ცნობისათვის: ეგრეთ წოდებული შლაინინგის პროცესის არაფორმალურ შეხვედრებს (ქართულ-აფხაზურ შეხვედრებს ) წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხოლმე. დღეს კი მდგომარეობა ასეთია:

[პაატა ზაქრაეიშვილსი ხმა] ”თანხმდებიან თავიდან და მერე უარს ამბობენ. ეს ხდება წელიწად-ნახევარზე მეტია. სულ ცოტა, სამჯერ მოხდა ისე, რომ ხელისუფლების პირველ ათეულში მყოფმა პირებმა გადაგვაგდეს. თავიდან დათანხმდნენ, ბილეთები აღებული გვქონდა და არ წამოვიდნენ."

იყო შემთხვევა, როცა აფახაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, სტანისლავ ლაკობა და ლეონიდ ლაკერბაია, სიამოვნებით დათანხმდნენ ვენაში, არაფორმალურ გარემოში, საქართველოს წარმომადგენლებთან, პირველ როგში კი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, მაშინ ვენაში ჩასული ქართველებისთვის რა უხერხული იქნებოდა განმარტების მიცემა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს და მოულოდნელად უარი თქვეს აფხაზებთან შესახვედრად გამგზავრებაზე.

”ასეთი დეტალები უმნიშვნელო არაა. ისევე როგორც ძალიან მნიშვენლოვანია იმაზე დაფიქრება , რომ აფხაზებს რუსეთთანაც არ უნდათ, რუსების შიშიც აქვთ და აქეთ, დღევანდელი საქართველოსკენ, ან, პირიქით, იპერიალისტური რუსეთისკენ გადახრას არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება და ლოდინით ცხოვრება ურჩევნიათ, იმის ლოდინით, რომ საერთაშორისო სამართალი ოდესმე მათკენაც შებრუნდება,”- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს: ”ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ აფხაზების რეაქციების კითხვა. დავფიქრდეთ, რატომ არ ესიამოვნათ მათ ირაკლი ალასანიას გაეროში გადაყვანა, რატომ არიან აფხაზები რუსების დასწრების გარეშე ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის განვითარების მომხრეები და ამ საქმეში რატომ არ ვუბამთ მათ მხარს ქართველები."
XS
SM
MD
LG