Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათის ყოველდღიური გაზეთი ”რეზონანსი” დიდ ადგილს უთმობს თვითგამოცხადებული სამხრეთ


ოთხშაბათის ყოველდღიური გაზეთი ”რეზონანსი” დიდ ადგილს უთმობს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარ სამზადისს,

რისკენაც სეპარატისტებს საქართველოს ხელისუფლების საომარმა რიტორიკამ უბიძგა. ციტატა სტატიიდან: ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოსური მხარე კონფლიქტის ზონის სოფელ კოხათსა და დმენისში სანგრებსა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებს, ალაგებს რკინაბეტონის წინაღობებს. სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ერედვის გზის ორივე მხარეს 10-20 მეტრის სიგრძის სანგრები იქნა გათხრილი. ასევე ამოთხრილია ე.წ. მიწისქვეშა ”ბლინდაჟები.”

სეპარატიზმის თემას განაგრძობს გაზეთი ”ახალი თაობაც”. მასში თარგმნილია და კომენტარები ახლავს ჯავახეთში არსებულ სომხურ პოლიტიკურ გაერთიანება ”ვირქის” თავმჯდომარის, რსტაკიანის, ინტერვიუ, რომელიც რუსულმა სააგენტო ”რეგნუმმა” გამოაქვეყნა. ციტატა გაზეთ ”ახალი თაობის” პუბლიკაციიდან: ”რსტაკიანი გამოდის ჯავახეთის მთელი სომხობის სახელით და ამბობს, რომ სომხები რეგიონში ქართული ჯარის გამოჩენის წინააღმდეგნი არიან. ჩვენს უფროს თაობას კარგად ახსოვს, თუ რას ბედავდნენ ჯავახეთში მყოფი ქართული შენაერთები.” რსტაკიანი უკმაყოფილოა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარითაც, რომელიც ჯავახეთის ავტონომიის წინააღმდეგ გამოვიდა. ”ჯავახეთი ბურჯანაძის ბოსტანი არ არის, მან რომ გადაწყვიტოს მისი ბედი”, ამბოს ”ვირქის” ლიდერი, რომლის სიტყვებიც გაზეთ ”ახალ თაობას” მოჰყავს.

გაზეთ ”ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებულია ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძესთან, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს საქართველოსათვის დამღუპველს უწოდებს. ციტატა ინტერვიუდან: ”ეს დირექტივები, ძირითადად, ზოგადი ხასიათისაა. ჩვენ, პირველ რიგში, ის დირექტივები უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება. რაც შეეხება ეკონომიკურ დირექტივებს, პირდაპირ გეტყვით, რომ მათი პირდაპირი გათვალისწინება მავნებელია, რადგან ისინი სხვა ტიპის, სხვა დონის, სხვაგვარად განვითარებულ და მოწყობილ ეკონომიკებზეა მორგებული. დარწმუნებული ვარ, რომ სავალუტო ფონდში წარმოდგენაც არა აქვთ, თუ როგორააა მოწყობილი საქართველოს ფინანსური სისტემა,” ამბობს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე გაზეთ ”ახალ ვერსიასთან” ინტერვიუში.

დაბოლოს, ყოველდღიური ”24 საათი”. მასში ყურადღებას იპყრობს ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ღია წერილი, რომლის ადრესატია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ჟურნალისტი პარლამენტარს ”ტიპიურ დემაგოგს” და ბევრი ”ძალადობრივი აქტის” სულისჩამდგემლს უწოდებს: ”მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც 30 ივნისს სასამართლო შენობის წინ დათა ახალაიას, თაკო სალაყაიასა და ვასილ სანოძის დაცვის წევრებმა დაარბიეს. დღეს ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი, რომ გიწევს სქელკანიანების დაცვა და მტკნარი ტყუილების ლაპარაკი, თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ისინი მხოლოდ თავს იცავდნენ. რა გაიძულებს ილაპარაკო ამდენი ტყუილი და ისეთივე არაადამიანურობით მოეპყრო შენს ყოფილ მეგობრებს, როგორც ამას ცივსისხლიანი მკვლელების დაცვის დაკუნთული წევრები აკეთებენ?” წერია გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლის ადრესატია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG