Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიბარეს უნივერსიტეტის პროფესორები პოლიციის მთავარ სამმართველოში


უნივერსიტეტში მიმდინარე დაპირისპირება, როგორც ჩანს, გასცდა სასწავლებლის კედლებს. განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიასა და რექტორის მოვალეობის

შემსრულებლის გიორგი ხუბუას მიმართვებს მყისიერად გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შედეგად, პროფესორები: თენგიზ სანაძე, ავთანდილ არაბული, ჯემალ მებონია, გელა დოლიძე და გიორგი გოგოლაშვილი 5 ივლისს, 12 საათზე, დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, დაიბარეს. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციიდან მიღებული უწყებით შეიტყვეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადმინისტრაციული შენობის ბლოკირების, უფრო სწორად კი რექტორის სამუშაო კაბინეტში შეჭრისა და ხულიგნობის ფაქტზე.


უნივერსიტეტის პროფესორები პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ. გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, რომ მას შეტყობინება სახლში მიუტანეს:

[გიორგი გოგოლაშვილის ხმა] „წუხელ, სადღაც, დაახლოებით, პირველ საათზე, [მივიღე ცნობა,] სადაც წერია, რომ მე უნდა გამოვცხადდე მთავარი სამმართველოს კრიმინალურ განყოფილებაში გამომძიებელ ჭელიძესთან. გიბარებს თავის კაბინეტში 12 საათზეო. ეს არის სულ.“

გიორგი გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს კანონი არ დაურღვევიათ. მისი თქმით, დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტში საბჭოს გადაწყვეტილების გადასაცემად შევიდნენ. დაკითხვაზე დაბარებული კიდევ ერთი პროფესორის, ავთანდილ არაბულის, კომენტარი:

[ავთანდილ არაბულის ხმა] „არ არსებობს არც ერთი მოქმედება და არც ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და ჩაგვითვალონ ხულიგნობად, როგორც ამ სიტყვას იყენებდნენ ოფიციალური პირები ტელევიზიით გამოსვლისას.“(სტილი დაცულია)

ოფიციალურ პირებში ავთანდილ არაბული ალექსანდრე ლომაიასა და ზურაბ ნოღაიდელს გულისხმობდა. და მართლაც, განათლების მინისტრი ამბობს, რომ პროფესორ-მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ლომაია ოპონენტებს აფრთხილებს:

[ალექსანდრე ლომაიას ხმა] „თუ ამგვარი, ანალოგიური მცდელობა ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრის, სასწავლო ფართების დაკავება, ბლოკირება განმეორდება, ჩვენი მოქმედება იქნება ადეკვატური და, კანონის თანახმად, არც ერთ ადამიანს არ მიეცემა ამის საშუალება და მათ წინააღმდეგ ამოქმედდება კანონი მთელი სიმკაცრით.“

თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომელთა ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პროფესორებს გიორგი ხუბუას კაბინეტში შესვლით კანონი არ დაურღვევიათ:

[არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა] „ეს იყო, უბრალოდ, დიდი სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობა. არანაირ ძალადობას და შეჭრას პროფესორების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.“

პროფესორ-მასწავლებლების გარდა, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეიკრიბნენ. პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ყველაზე მეტად პრემიერ-მინისტრის პოზიციამ გააღიზიანა:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] „როგორც ოპერაში არ არის ვირის ადგილი, ასევე ნოღაიდელის ადგილი არ არის მთავრობაში. სააკაშვილს ვაფრთხილებ, რომ თავი დაანებოს ნეობრეჟნევისტული რეჟიმის მშენებლობას. ეს არ გავა.“

დაკითხვაზე დაბარებულმა პროფესორებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვებ პუნქტში რეგისტრაცია ზუსტად 12 საათზე გაიარეს.

[ისმის ხმა] „ავთო, ვაგვიანებთ, ავთო! იცოდეთ, ჩვენ დავბრუნდებით!“

თუმცა დაბრუნებამდე პოლიციაში დაბარებულმა პროფესორებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ, ზეწოლის მიუხედავად, უნივერსიტეტის ავტონომიისათვის იბრძოლებენ.

[ჯემალ მებონიას ხმა] „ჩვენ არ გადავუხვევთ კურსიდან. რეფორმები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც კანონშია გაწერილი, თორემ აქ ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ თანამდებობებს ვებღაუჭებით. ჩატარდეს რეფორმები კანონიერი გზით.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG