Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრას


თეთრ სახლში ჯორჯ ბუშთან შეხვედრას მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული უწოდა, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები შეხვედრის ისტორიულ მნიშვნელობას ჯერ ვერ ამჩნევენ.

ერთია ის, რასაც პრეზიდენტები საჯაროდ ამბობენ, მეორე - პირისპირ, დახურულ კარს მიღმა, ნათქვამი. ამ ცნობილი გარემოების მოშველიებით, ისინი ფიქრობენ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ხელისუფლების მერ გადადგმული ნაბიჯები გამოკვეთს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგებს. როგორ აფასებენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრას?

წლების წინ, ძველ დროში, ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხმალი ჩაიტანა, 2006 წლის 5 ივლისს კი მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხევსურების მიერ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაწერილი წერილი გადასცა, ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის სახელზე დაწერილი წერილი, რომელმაც 42 ხევსურის სიცოცხლე შეიწირა. მათმა თხოვნამ ადრესატამდე ახლაღა ჩააღწია და არსებითად ქართველების დღევანდელი თხოვნაც გამოხატა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ძლიერის ერის სახელმწიფო ხართ და გვინდა დახმარება გაგვიწიოთ. თუ თქვენ გვიშველეთ, სხვა მშველელი აღარ არის. აბა, ძმებო, თქვენი იმედიღა გვაქვს, შავ დღეში ვართ.”(სტილი დაწერილია)

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში დაცული წერილი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოდან გაყოლილ ჟურნალისტებს ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ წაუკითხა, თავად შეხევდრას კი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის უწოდა. ”ყველაფერი ნათელი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაუდგება გვერდით ბოლომდე,” - თქა მან. როგორ და რა ფორმით შეიძლება გამოიხატოს ეს თანადგომა, ამის შესახებ მინიშნება ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ” მე მჯერა, რომ ნატო მოიგებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებით, ისევე როგორც საქართველოსთვის იქნება მომგებიანი ნატოს წევრობა. ამის მიღწევა ნატოში გაწევრიანების გეგმის გავლით შეიძლება. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გავუიოლოთ საქართველოს ნატოსკენ გზა. საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი და მის პრეზიდენტს ესმის ეს. ”

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს - მათ შორის, ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს - უჭირთ ილაპარაკონ ჯორჯ ბუშის ამ განცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ამ გამონათქვამს ისტორიულს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ამდაგვარი ტერმინილოგიით შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს დიდი ხანია და, სხვათა შორის, არამარტო მოქმედი პრეზიდენტი. ეს საკითხი თეორიულ დონეზე, სურვილების დონეზე, უცვლელია მინიმუმ 7-8 წლის მანძილზე.”

”მხარდაჭერა და კეთილი სურვილები კარგია, თუმცა მთავარია, რამდენად გაამართლებს საქართველო ნდობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჯერჯერობით კიდევ არსებობს,” - დასძენს დავით უსუფაშვილის ნათქვამს ”ახალი მემარჯვენეებიდან” მამუკა კაციტაძე:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ჩვენი ინფორმაციით, იქ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე საკმაოდ კრიტიკული საუბარი იყო.”

მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ არ შეუძლია მის ხელთ არსებული ინფორმაციის უტყუარობის მტკიცება და დასძენს: ” რა იყო და როგორ, რა შენიშვნები და რჩევები მისცეს საქართველოს პრეზიდენტს, - მათ შორის, რუსეთთან საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, - ახლო მომავალში უნდა გამოჩნდეს, მათ შორის, იმ დადგენილებაშიც, რომელიც პარლამენტმა სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.”

საყურადღებოა, რომ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებულ ჩამონათვალში, ვაშინგტონში განხილულ საკითხთა ჩამონათვალში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს ბოლო ადგილი უკავია. საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხების შემდეგ.

“დიდი რვიანის” სამიტის წინ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრა შედგა, მის შედეგებს ახლო მომავალში ვიგრძნობთ,” - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საყურადღებო მინიშნება ვაშინგტონში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც უნდა დავინახოთ: ” საქართველო მნიშვნელოვანია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ სჭირდებათ ალტერნატიული ენერგოდერეფანი, რასაც ვთავაზობთ კიდეც. ”
XS
SM
MD
LG