Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 9 ივლისი


8 ივლისს ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში

საზეიმოდ დაიხურა 41-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. მთავარი პრიზი ამერიკელ რეჟისორ ქალს, ლორი კოლიერს ერგო ფილმისათვის ”შერიბეიბი”.ფილმი ყოფილი ნარკომანი ქალის, და მისი ქალიშვილის, ურთიერთობას ეხება. ჟიურის სპეციალური პრიზები ერგოთ ჩეხ რეჟისორს, იან ჰრებეიკს ფილმისათვის ”სილამაზე გასაჭირში”, და ბულგარელ რეჟისორებს - ივან ჩერკელოვს და ვასილ ჟივკორს - ფილმისათვის ”ამოყირავებული საშობაო ნაძვის ხე”.

ისტორია, მართლაც, ყოვლისშემძლეა. ისტორიას შეუძლია ოჯახის წევრები, მეგობრები ერთმანეთს გადაჰკიდოს. ისტორია პარადოქსებითაა სავსე.…პარადოქსია, მაგალითად, ჩეხეთის სახელგანთქმული საკურორტო ქალაქის კარლოვი ვარისა და მოსკოვის კინოფესტივალების ისტორია. ამ ორ კინოფორუმს ერთად იმიტომ ვახსენებთ, რომ დაარსებიდანვე კარლოვი ვარისა და მოსკოვის კინოფესტივალებს, ფაქტობრივად, ერთ კინოფორუმად აღიქვამდნენ. თავიდანვე ასე გაანაწილეს: ფესტივალები 2 წელიწადში ერთხელ მოეწყობოდა – მოსკოვის კინოფორუმს კენტი წლები, კარლოვი ვარისას კი ლუწი წლები ერგო. ეს ყველაფერი პრინციპულად არ ჯდებოდა “ა” კლასის კინოფორუმების რეგლამენტში (გაგახსენებთ, რომ კარლოვი ვარისა და მოსკოვის კინოფესტივალები, კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფორუმების მსგავსად, უმაღლესი კატეგორიის კინოფორუმებად ითვლება), მაგრამ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს შეუნდეს – დასავლეთი თავად იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირსა და ჩეხოსლოვაკიაში საერთაშორისო კინოფესტივალების მოწყობით.

ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ჩეხოსლოვაკიაც. კარლოვი ვარი მოსკოვს აღარაფერს ეკითხებოდა. 90-იანი წლებიდან ფესტივალი ყოველწლიური გახდა. ყოველწლიურად ეწყობა მოსკოვის ფესტივალიც. თუმცა აქამდე ამ ორი კინოფორუმის ჩატარების თარიღი ერთმანეთს არ დამთხვევია. მთავრდებოდა ერთი და იწყებოდა მეორე. ბოლო წლებში კინემატოგრაფისტები პირდაპირ მოსკოვიდან ჩადიოდნენ ჩეხეთში.

ბოლო დროს კარლოვი ვარის კინოფესტივალმა ავტორიტეტი განიმტკიცა. მაყურებლის რაოდენობით, კარგი ფილმებით, საინტერესო პროგრამებით დაჩაგრა მოსკოვის ფესტივალი, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ კარლოვი ვარის ფესტივალის დირექციას “თავიდან ამოეგდო” ყოფილი მეგობარი, მერე კი კონკურენტი – მოსკოვი. წელს ჩეხეთის და, საერთოდ, ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდი ფესტივალი თითქოს სპეციალურად დაამთხვიეს მოსკოვის კინოფორუმს. ამბობენ, რომ სწორედ ეს გახდა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის თითქმის კატასტროფული მარცხის შედეგი – კარგი ფილმები კარლოვი ვარიში უჩვენეს, მოსკოვი კი იძულებული გახდა “ნარჩენებით” დაკმაყოფილებულიყო.

[კარლოვი ვარის ფესტივალის ქუდი]

ეს კარლოვი ვარის 41-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქუდის მუსიკაა - ქუდისა, რომელიც 30 ივნისიდან 8 ივლისამდე სამასამდე ფილმის ჩვენებას უძღოდა წინ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დატვირთული პროგრამით მხოლოდ კანის ფესტივალი თუ გამოირჩევა..თუმცა არც ის იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ კარლოვი ვარის ფესტივალის მსგავსი მრავალფეროვანი პროგრამა თავად კანის კინოფორუმსაც არა აქვს: მაყურებელს კარლოვი ვარიში შეეძლო ყველა იმ ფილმის ნახვა, რომელიც წელს მსოფლიოს სხვა კინოფორუმებზე უჩვენეს (მაგალითად, გელა ბაბლუანის ფილმისა “ცამეტი”, რომლის პრემიერა კარლოვი ვარიში მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა), წელსვე მოეწყო მსოფლიოში ძალზე ავტორიტეტული, თუმცა ევროპელებისთვის ნაკლებად ცნობილი, სანდერსის კინოფორუმის ფილმების ჩვენება, უცნობი ბრიტანული კინოს რეტროსპექტივა, იმ ფრანგული ფილმების კვირეული, რომელშიც მოზარდების ცხოვრებაა ასახული და დიდი ამერიკელი რეჟისორის ჯონ ჰიუსტონის დაბადების ასი წლისთავთან დაკავშირებული რეტროსპექტივა, რომლის გახსნას ჰიუსტონის ვაჟი (და ანჯელიკა ჰიუსტონის ძმა) დენი ჰიუსტონი დაესწრო. მოგვიანებით მსოფლიო კინოს კლასიკოსის ვაჟმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: შემთხვევითი არ არის, რომ მამაჩემის 100 წლისთავის აღნიშვნა კარლოვი ვარიმ ჰოლივუდს დაასწრო. ასეთი თბილი ატმოსფერო და, რაც მთავარია, კარგი კინოს სიყვარული არც ერთ სხვა ფესტივალზე არ მინახავსო. მერე კი თავის სახელგანთქმულ მამაზე ისაუბრა:

[ჰიუსტონის ხმა] “ჭაბუკობის ასაკში მან წაიკითხა წიგნი “სიერა მადრეს განძი”, რომელიც მთელი მისი ცხოვრების უსაყვარლეს ნაწარმოებად იქცა. ასეთივე წიგნებს შორის იყო კიპლინგის “ადამიანი, რომელსაც მეფობა ეწადა”. საერთოდ, მისი სიყვარული ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას ეკუთვნოდა და კინოს იგი, გარკვეული თვალსაზრისით, ხელოვნების ამ დარგების “ნაბიჭვრად” მიიჩნევდა. საკუთარ მოვალეობად ის მიაჩნდა, რომ ხელოვნების დიდი ქმნილებებისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა, თუმცა კინემატოგრაფს ის ამ დიდი ქმნილებების ვულგარულ გამოვლინებად თვლიდა.”

კინო, მართლაც, ახალგაზრდა ხელოვნებაა და ვერ შეედრება დიდ ლიტერატურას, მაგრამ კარგი კინო შეიძლება კარგი ლიტერატურის დონეს მიუახლოვდეს. სწორედ ასეთ კინოს ანიჭებენ უპირატესობას აქ და სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს სახელგანთქმული კინემატოგრაფისტები სიამოვნებით ჩამოდიან კარლოვი ვარიში და აქ აწყობენ თავიანთი ფილმების საერთაშორისო პრემიერებს. წელს კარლოვი ვარის თავისი ახალი ფილმით ეწვია კორეელი რეჟისორი კიმ კი დუკი. მისი ფილმით “დრო”, რომელშიც ახალგაზრდა შეყვარებულები გარეგნობას იცვლიან, რათა “განაახლონ” თავიანთი გრძნობა, გაიხსნა წლევანდელი კინოფორუმი. კარლოვი ვარიში ბრძანდებოდა ტერი გილიამიც, რომელმაც, მას შემდეგ, რაც “ძმები გრიმების” გადაღების პროექტი ჩაეშალა, დაასრულა დეპრესიული, მაგრამ ძალიან სანახაობრივი ფილმი “ტიბერლანდი”. დაასრულა და პირადად დაესწრო ფილმის ჩვენებას კარლო ვარიში. “ბრაზილისა” და “12 მაიმუნის ავტორმა” პრესკონფერენციაზე ისევ უსახსრობაზე ისაუბრა:

[ტერი გილიამის ხმა] “ფილმის მოქმედება ტეხასში ხდება, მაგრამ იძულებულები ვიყავით ნატურა კანადაში გადაგვეღო. ფულის გამო, რა თქმა უნდა. თუმცა ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო. პირველად გადავიღე ფილმი მწერალი ქალის სცენარის მიხედვით. ერთგვარი ”ქალური ფილმი” გამოვიდა. პროდიუსერიც ხომ ქალი მყავდა.”

ტერი გილიამის პრესკონფერენციას დაესწრნენ მისი ფანები – ახალგაზრდა კინომანები, რომლებიც დიდ რეჟისორთან ერთად მოგზაურობენ. ესეც კარლოვი ვარის ფესტივალის სპეციფიკაა; ბილეთები ფილმებზე საკმაოდ იაფი ღირს (სულ რაღაც 2 ევრო), რაც საშუალებას აძლევს ევროპელ სტუდენტებს ჩავიდნენ კარლოვი ვარიში და მსოფლიო კინოში მიმდინარე ტენდენციებს გაეცნონ. ამიტომაცაა კარლოვი ვარის სასტუმრო “თერმალის” დარბაზები სავსე არა იმდენად კინოკრიტიკოსი-ინტელექტუალებით, როგორც კანსა და ბერლინში, არამედ 18-20 წლის ახალგაზრდებით. ფესტივალის დირექცია იძულებულია მათი ინტერესები და გემოვნება დააკმაყოფილოს. ამიტომაცაა, რომ კარლოვი ვარის ფესტივალზე ჭარბობს ახალგაზრდული თემატიკა. ძალიან ბევრია ფილმი, რომელიც ასახავს ადამიანის იდენტურობის, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემას - მაგალითად, როგორ უნდა იცხოვროს კორეელმა ქალმა შეერთებულ შტატებში, როცა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა აქაურ კულტურასთან ინტეგრაცია, ან რა უნდა ქნას დედამ, რომელიც ათი წლის შემდეგ აღმოაჩენს თავის დაკარგულ ქალიშვილს – გოგონას, რომელსაც ახალი დედა ჰყავს. ესაა ფრანგი რეჟისორი ქალის ვირჯინ ვაგონის ფილმი “სხვისი შვილის დედა”, რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა კარლოვი ვარიში. ახალგაზრდა რეჟისორი ქალის პრესკონფერენციაზეც ხალხის ტევა არ იყო.

[ვირჯინ ვაგონის ხმა] “ეს არ არის ფილმი სპეციალურად ქალებისთვის. ამავე დროს, ეს არ არის სოციალური ფილმი. მე უფრო ქალების ფსიქოლოგიის კვლევა ვცადე, ქალებისა და მათი შვილების ურთიერთობის გამოხატვა. საბედნიეროდ, გამოჩნდა ტელეარხი “არტე”, რომელიც მთელ კოლექციას ქმნის იმ რეჟისორების სატელევიზიო ფილმებისა, რომელთაც დიდი კინოს გადაღების საშუალება არა აქვთ.”

ასეთი რეჟისორებისთვის კარლოვი ვარის ფესტივალის კარიც ღიაა - განსხვავებით მოსკოვის ფესტივალისგან, სადაც უპირატესობას ბლოკბასტერებს და, შესაბამისად, გლამურს, სიმდიდრეს ანიჭებენ. ისტორია, მართლაც, უცნაური რამეა: კარლოვი ვარის ფესტივალმა მშრალად დაამარცხა მოსკოვის კინოფორუმი. თავად კურორტი კარლოვი ვარი კი რუსებითაა სავსე. მაღაზიებში, სასტუმროებში, რესტორნებში უხვადაა რუსული წარწერები. მაგრამ რუსი პაციენტები ფესტივალის ფილმებს არ ესწრებიან. ერთ-ერთმა სამარელმა ქალბატონმა მითხრა, რომ არ მოსწონს, ფილმებს აქ რუსულად რომ არ ახმოვანებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG