Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ვითარება, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქვეყნის ხელისუფლებაში


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ვითარება, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქვეყნის ხელისუფლებაში, ომის საფრთხე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში

– ამ და სხვა თემებს აშუქებს დღევანდელი ქართული პრესა. მინდა რამდენიმე პუბლიკაცია გაგაცნოთ.

“24 საათი” აქვეყნებს უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ კიკნაძის წერილს მეგობრებისადმი, სათაურით “უნივერსიტეტი ხელახლა არსდება”. ღია წერილის ავტორი უნივერსიტეტის ახლო წარსულს იხსენებს და წერს: “ავტონომია ნიშნავდა: რასაც მინდა, იმას ვაკეთებ! ეს ჩვენი საშინაო საქმეა. რეფორმას კი სურს, ჭეშმარიტი ავტონომია აღუდგინოს უნივერსიტეტს, რომელიც მას რეალურად ჰქონდა თავის გენეზისში და არსებობდა 1926 წლამდე. ახლანდელი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამჟამად, რეფორმირების პერიოდში, ავტონომია, თუკი მისი აჩრდილი არსებობდა, შეჩერებულია. ამას არ ნიშნავს “რექტორის თანამდებობის შემსრულებელი”? ახლა ის პერიოდია, როცა უნივერსიტეტი ხელახლა არსდება და მისი არსებობა პარადოქსულია: არსებობს, არც არსებობს. ის თითქოს ვაკუუმში იბადება”, - წერს პროფესორი ზურაბ კიკნაძე თავის უნივერსიტეტელ მეგობრებს “24 საათის” ფურცლებზე.

“რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ხუბუასთან, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტში პოლიციის შეყვანა იყო იმ მწვავე ვითარების ადეკვატური, რომელიც უნივერსიტეტში შეიქმნა. ინტერვიუს დასასრულს ხუბუა ამბობს: “ზოგიერთი ჩემი წინამორბედის პოლიტიკას თუ გავაგრძელებ, მე ახლაც შემიძლია რამდენიმე ჩემი ოპონენტი ძალიან მარტივად გავაჩერო - რაიმე თანამდებობა შევთავაზო, ინსტიტუტი მივცე და ამით ბევრი პრობლემა განეიტრალდება. მაგრამ ასეთი პოლიტიკა უნივერსიტეტში აღარ გატარდება, რადგან ის, ვინც აუდიტორიაში სტუდენტებთან შევა, ყველაზე უფრო მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის მქონე უნდა იყოს და მან ეს კვალიფიკაცია კონკურსის გზით უნდა დაადასტუროს, რადგან კონკურსი არსებითად ერთადერთი უალტერნატივო ფორმაა, რომელიც სამართლიანი სელექციისა და შერჩევის საშუალებას იძლევა,” - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხუბუა “რეზონანსთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს ხელისუფლებაში, ეს თემა პრესაში სულ უფრო აქტუალური ხდება. იგივე “რეზონანსი” წერს, რომ სააკაშვილს მერაბიშვილისა და ნოღაიდელის მოხსნას ურჩევენ. გაზეთის თანახმად, სახელისუფლო კულუარებში მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობენ. ავტორი წერს: “პრეზიდენტი მთავრობას შეცვლის, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გამძაფრდება და ვითარების განმუხტვა ამით მოხდება; პრეზიდენტი არაფრის შეცვლას არ მოინდომებს და, საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით მასობრივ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს. თუმცა, პოლიტოლოგთა ვარაუდით, ყველაზე რეალური და აუცილებელიც კი პირველი ვარიანტის განვითარებაა”, - წერს “რეზონანსის” მიმომხილველი. “ხვალინდელი დღე” კი მკითხველს ამცნობს, რომ “მერაბიშვილს განცხადება გადადგომის შესახებ დაწერილი აქვს.” ამავე გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტი საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტს უწოდებს თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს. გაზეთის მიმომხილველი კი წერს, რომ ოქრუაშვილის გავლენისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან დაპირისპირების გამოყენებას ცდილობს ოპოზიცია. “ოპოზიციის მიზნები აქ, ამ წერტილში, თავდაცვის მინისტრისას თანხვდება. ამიტომ ამჯერად მას ნაკლებად ერჩიან”, - ასეთია “ხვალინდელი დღის” ავტორის შეფასება.

“ხვალინდელი დღეცა” და “ალიაც” ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ომის დაწყების საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას. “ალია” ომამდე დარჩენილ დღეებსაც კი ითვლის და ქართული ჯარის მდგომარეობას აკრიტიკებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG