Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა საქართველოს ზამთარში საკმარისი რაოდენობის ბუნებრივი აირი


2006 წლის 31 დეკემბერს ვადა გასდის საქართველოსთვის გაზის გარანტირებული მოცულობის მოწოდების შესახებ რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომთან”

გაფორმებულ ხელშეკრულებას. ”გაზპრომის” ახალი სატარიფო სქემის მიხედვით კი, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია შეტანილი, რომლებსაც ბუნებრივი აირის საფასურის გაორმაგება მოელით. ამჟამად საქართველო 1000 კუბურ მეტრ გაზში რუსეთის გაზის სახელმწიფო კომპანიას 110 აშშ დოლარს უხდის, 2007 წლის იანვარში კი შეიძლება 220 დოლარის გადახდა დასჭირდეს. ამიტომ საქართველოს მთავრობა ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობისა და ალტერნატიული წყაროების ძიების აქტიურ პროცესშია.

საქართველოს მთავრობა უკვე თითქმის ერთი წელია თურქეთსა და აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან გაზის დამატებითი მოცულობის გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებას ცდილობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ტრანზიტის საფასურის სახით, მილსადენით გატარებული გაზის 5 პროცენტი უნდა მიიღოს. მას ასევე უფლება აქვს კიდევ დამატებით 5 პროცენტი გარანტირებულ ფასად, 55 აშშ დოლარად, შეიძინოს. ეს კი 2007-2008 წლებში მხოლოდ 270 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. თუ რამდენია გაზზე საქართველოს მოთხოვნა 2007 წლისთვის, ეს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის დავით ინგოროყვას განცხადებიდან ჩანს:

[დავით ინგოროყვას ხმა] ”წლევანდელი განაცხადი მომხმარებლების არის 2 მილიარდი კუბმეტრი. შარშან იყო მილიარდ ოთხასი, 2004-ში იყო 1 მილიარდი. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა და წელს ასეთი განაცხადია. შეიძლება ოდნავ ნაკლები იყოს ან ოდნავ მეტი - იმაზეა დამოკიდებული, რა ტემპში იმუშავებენ საწარმოები.”

ამ რეალობის დასაკმაყოფილებლად კი პოლიტიკურად არასტაბილური და ძვირი რუსული გაზი ნაკლებად საიმედოა, განსაკუთრებით ცივ ზამთარში, - მიაჩნიათ საქართველოს ხელისუფლებაში და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან, 270 მილიონი კუბური მეტრი გაზის გარდა, 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოითხოვენ.


20 ივნისს ამ მოთხოვნის ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად თბილისში სამი ქვეყნის ექსპერტების კონსულტაციები გაიმართა, ხოლო 5 ივლისს ბაქოს ესტუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ამ შეხვედრების შემდეგ ითქვა, რომ ყველაფერს წერტილი ჯეიჰანში დაესმებოდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ინაუგურაციაზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, მხარეები ჯერაც ვერ შეთანხმდნენ, რადგან საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ცნობებში რაიმე გადაწყვეტილების შესახებ არაფერი თქმულა. დავით ინგოროყვას კომენტარი:

[დავით ინგოროყვას ხმა] ”პოლიტიკურ დონეზე თემა არის დაძრული და ყველა ცდილობს, რომ დახმარება გაგვიწიონ. როგორც ჩანს, ალბათ, 15 აგვისტომდე არაფერი არ იქნება. ეს არის ის დრო, რაც გვთხოვეს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებმა.”(სტილი დაცულია)

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მხარესთან უკვე შეთანხმებულია საქართველოსთვის დამატებითი გაზის გამოყოფის საკითხი. აზერბაიჯანიც თანახმაა საქართველოს დაეხმაროს, თუმცა აქამდე გაზის დამატებითი რესურსების მოძიების პროცესშია. მას ჯერაც არა აქვს დაკმაყოფილებული საკუთარი მოთხოვნები საკუთარ ტერიტორიაზე მოპოვებული გაზით და ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. შესაბამისად, ჯერჯერობით თბილისში ყველაზე ოპტიმისტებსაც კი უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ რა ფასად და რა მოცულობის გაზს მიიღებს საქართველო ზამთარში.

XS
SM
MD
LG