Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში ჯორჯ ბუშის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა


დიდი რვიანის სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, სანკტ-პეტერბურგში ერთმანეთს რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ის და ბუში ატომური ენერგეტიკის უსაფრთხო განვითარების გზებზე შეთანხმდნენ.

პუტინის თქმით, ორი პრეზიდენტის გეგმა ატომური იარაღის გავრცელების აღკვეთას ითვალისწინებს. ამისათვის გამდიდრების საერთაშორისო ცენტრები შეიქმნება, რომლებსაც ვენაში განთავსებული ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო უხელმძღვანელებს:

[პუტინის ხმა]: ”ჩვენ ორმხრივი, და საერთაშორისო მნიშვნელობის რამდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ. შევიმუშავეთ ერთობლივი განცხადება, რომელსაც საფუძვლად ატომური ენერგეტიკის უსაფრთხო განვითარებისთვის საჭირო, ჩვენი პარალელური ინიციატივები უდევს”.

ჯორჯ ბუშის განცხადებით, რუსეთი და შეერთებული შტატები მზად არიან ირანის ატომური პროგრამის, და ჩრდილოეთი კორეის საკითხებზე ითანამშრომლონ:

[ბუშის ხმა]: ”ჩვენ ჩრდილოეთ კორეაზე და ირანზე ვისაუბრეთ. ეს რთული საკითხებია - თუმცა მათი სირთულე იმით მცირდება, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები თანახმა არიან თანამშრომლობაზე, და ორი ქვეყნის მთავრობებს მკაფიო მესიჯს უგზავნიან - ატომური იარაღის შესახებ მათი ამბიციები მიუღებელია”.

პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციაზეს ისაუბრეს. ბუშმა ამაში ლიბანის ”ჰესბოლა” დაადანაშაულა, და დაჯგუფების განიარაღების მოწოდებით გამოვიდა:

[ბუშის ხმა]: ”აქ მყოფ ყველა მხარეს სურს ძალადობის დასრულება. ჩემი აზრით, ძალადობის დასრულების საუკეთესო გზა იმ მიზეზების დადგენაა, რატომაც დაიწყო ეს ძალადობა. ეს კი ის გახლავთ, რომ ”ჰესბოლა” ლიბანიდან ისრაელს ბომბებს ესროდა, და ”ჰესბოლამ” ისრაელის ორი ჯარისკაცი მძევლად აიყვანა. ძალადობა ამის გამო დაიწყო”.

პუტინის განცხადებით, ისრაელის შეშფოთება უსაფრთხოების ირგვლივ ”ლეგიტიმურია” - თუმცა, ”ძალის გამოყენება დაბალანსებული უნდა იყოს”.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, ამ შეხვედრის ძირითადი თემა იქნებოდა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაა. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს საქართველოს მხარემ რუსეთს ამ სფეროში დაბრკოლება შეუქმნა. საქართველოს მთავრობამ მოსკოვი ქართული პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი სავაჭრო ზომების შემოღებაში დაადანაშაულა, და რუსეთის ფედერაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ბაზარზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ბუშის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს - თუმცა მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა:

[ბუშის ხმა]: ”მოლაპარაკებისას, ჩვენ მკაცრები ვართ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გვსურს ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმება შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცოს. ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს. თუმცა, მე მჯერა, რომ მოლაპარაკებისას ჩვენ სამართლიანები ვართ. და ჩვენს წარმომადგენლებს ის მიზანი ამოძრავებთ, რომელიც მათ მე დავუსახე - ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. ესაა ჩვენი სურვილი. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ბევრ სფეროში შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს”.

რუსეთის დემოკრატიული სტანდარტები კიდევ ერთი თემა იყო, რომელსაც, როგორც ვარაუდობდნენ, შეხვედრაზე შეეხებოდნენ. ჯორჯ ბუშმა დემოკრატიული რეფორმების შესახებ შემდეგი განაცხადა:

[ბუშის ხმა]: ”მე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელების ჩემს სურვილზე ვისაუბრე - როგორც ერაყშია, სადაც პრესის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლებაა. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ რუსეთშიც იგივე მოხდება”.

ვლადიმერ პუტინის პასუხი შემდეგი იყო:

[პუტინის ხმა]: ”გულწრფელად გეტყვით - ჩვენ, რასაკვირველია, არ ვისურვებდით, რომ რუსეთში ისეთივე დემოკრატია იყოს, როგორიც ერაყშია. ”

ჯორჯ ბუშის თქმით, მას ესმის, რომ რუსეთში შეერთებული შტატებისგან განსხვავებული დემოკრატია ჩამოყალიბდება:

[ბუშის ხმა]: მე მესმის, რომ რუსული სტილის დემოკრატია ჩამოყალიბდება, და არ ველი, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებს დაემსგავსება. როგორც ვლადიმერმა გუშინ საღამოს მიმითითა, ჩვენ სხვა ისტორია, სხვა ტრადიციები გვაქვს”.

იმ საკითხებს შორის, რომლებსაც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეეხენ, საქართველო არ ყოფილა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG