Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახურული “კულტურული სეზონი” ხელოვნების


დახურული “კულტურული სეზონი” ხელოვნების

თეორეტიკოსებს კულტურაში მიმდინარე პროცესების გააზრების საშუალებას აძლევს. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხელოვნების მკვლევარებისა და კულტუროლოგების უმრავლესობა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, ბუნებრივად აღიქმება ამ ხალხის გააქტიურება სწორედ დღეს, როცა უნივერსიტეტში არდადეგები გამოცხადდა.

სწავლის დამთავრებისთანავე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ დისციპლინათა კათედრის ინიციატივით, მოეწყო კონფერენცია, რომელშიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის ქართველმა მკვლევარებმა მიიღეს მონაწილეობა. ხელოვნებათმცოდნეების გარდა, თანამედროვე ქართულ კულტურაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა.

ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჰუმანიტარულ დისციპლინათა კათედრის გამგე რუსუდან მირცხულავა, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, პროფესიით ფსიქოლოგია. ქალბატონი რუსუდანი აღნიშნავს, რომ ამიერიდან ასეთი კონფერენციები რეგულარულად ჩატარდება. მას იმედი აქვს, რომ თუკი თეორეტიკოსები იაქტიურებენ, ქართული კულტურის სურათი, რომელიც მათ წელს დახატეს, ასეთი “მოღუშული” არ იქნება:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “ყველამ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნება არის სერიოზული კრიზისის მდგომარეობაში..და ერთ-ერთი მიზეზი ქართული ხელოვნების თეორიის სისუსტეა.. იყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა საშუალებებით შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს.”

არსებითად ქართველი თეორეტიკოსები აღიარებენ, რომ, მძიმე კრიზისის მიუხედავად, ქართული ხელოვნება რეალობას ასახავს, მაგრამ
ასახვის “შედეგი” გააზრებული არ არის, ამიტომ ასეთი პროდუქტი ვერასდროს იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად, მით უმეტეს, რომ, რეალობის ასახვის თვალსაზრისით, კულტურას საქართველოში სერიოზული კონკურენტი ჰყავს – ელექტრონული მედია. სწორედ ტელევიზიას შეუტიეს ყველაზე მეტად ქართველმა ხელოვნების თეორეტიკოსებმა.

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “აღინიშნა მისი ნეგატიური ზემოქმედება აუდიტორიასა და ხელოვნებაზე.. აღინიშნა ჩვენი მედიის სპეციფიკური თავისებურებანი – პროვინციალიზმი, შაბლონებისკენ მიდრეკილება, არსებული ნორმების განმეორება და ხელოვნური გადმოტანა.. შთაგონების მეთოდების გამოყენება, ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდების გამოყენება მასმედიის მიერ საზოგადოების მიმართ, საზოგადოების პოლიტიზება, უარის თქმა კულტურულ ღირებულებებზე.”

როდესაც მედია ადამიანთა ერთ კონკრეტულ ჯგუფზე აკეთებს აქცენტს (რუსუდან მირცხულავა დარწმუნებულია, რომ ეს ჯგუფი “უმრავლესობა” არ არის), მისი კონკურენტი - კულტურა, იმის ნაცვლად, რომ ამ ტენდენციას დაუპირისპირდეს (რაც მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში კეთდება), იმასვე იმეორებს. პარადოქსია, მაგრამ ხელოვნება თითქოს არსებობს ყველასთვის, გარდა ხელოვნების დამფასებლებისა:

[რუსუდან მირცხულავას ხმა.] “სწორება მოარულ საშუალო ქართველზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა “ნევროტული ქართველი”, მასის დომინიზაცია პიროვნებაზე, როცა პიროვნება უკვე აღარაფერია, მისი ნიველირება, ჩვენი კულტურული სივრცის ერთფეროვნება, “ანდეგრაუნდის” არარსებობა, იმიტომ რომ დღევანდელი ანდეგრაუნდი, საქართველოს გაგებით, არის “ამოთხრილი თეატრები” (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), და ის, რომ ეს კულტურა უნდა დაუპირისპირდეს დომინანტურ კულტურას, მისი ოპონენტის სახით წარმოჩნდეს, ეს არ არის რეალურად.”(სტილი დაცულია)

რუსუდან მირცხულავა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ხელოვნებას და სცილდება კულტუროლოგიის ფარგლებს. ეს არც მხოლოდ ხელისუფლებისა და კულტურის ჩინოვნიკების პრობლემაა:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “საერთოდ, საქართველოში შეინიშნება
“კულტუროფობია” არა მარტო მაღალი ფენების დონეზე, ე.ი. იმ ხალხის დონეზე, ვინც მართავს საზოგადოებას, არამედ საზოგადოების წიაღშიც; ესაა შიში ნებისმიერი სულიერი ღირებულების მიმართ – იქნება ეს ზნეობრივი ღირებულება, ინტელექტუალური თუ ესთეტიკური. უფრო მეტიც, აღინიშნება ფობია პიროვნებების მიმართ. ხდება მასების როლის არნახული ზრდა.”

“მასკულტურა მთელ მსოფლიოში იქცა დომინანტად” – შევახსენებთ ქართველ ფსიქოლოგს. რუსუდან მირცხულავა გვეთანხმება, რომ ეს ასეა, მაგრამ თავად მასკულტურის ერთფეროვნებაზე საუბრობს. “საქართველოში, გარდა იმისა, რომ დომინანტია, მასკულტურა ერთფეროვანიცაა” – ჟანრის, სტილის თვალსაზრისით.

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “იუმორის როლის გაზრდა თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს აიხსნება ფსიქოლოგიური მექანიზმებით – ხდება კომპენსირება, თავდაცვითი მექანიზმები ამოქმედდა ამ ზეწოლის პირობებში (იგულისხმება სოციალური, პოლიტიკური ზეწოლა), მაგრამ როდესაც იუმორს აქვს ასეთი გადაჭარბებული როლი, ეს იძლევა უკუეფექტს..იუმორი გათვლილია ნევროტიკზე, რომელიც ჩვენ ავიყვანეთ კვარცხლბეკზე და ხდება სწორება “ავადმყოფზე”. ქართულ საზოგადოებაში ხდება იდეალიზება გონებრივად ჩამორჩენილი საშუალო ქართველისა.”

გავრცელებულია აზრი, რომ იუმორისა და სალაღობო ჟანრის მოჭარბება კონფორმიზმს აღვივებს საზოგადოებაში. რუსუდან მირცხულავა აღნიშნავს, რომ ესმის რატომ აღიქმება ეს ყველაფერი კონფორმიზმად, თუმცა იმასაც ამატებს, რომ ასეთ კულტურაზე მიჯაჭვულობამ შეიძლება აგრესია გააღვიძოს საზოგადოებაში:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “იუმორის ასეთი ჭარბი აქცენტირება იწვევს დამატებით აგრესიას. როცა ყოველდღიურად აჩვენებ ადამიანს არარაობას, შენ ამით პიროვნების გაუფასურებას ახდენ. ეს ადრე თუ გვიან დამატებითი მიზეზი ხდება აპათიისა და მთელი საზოგადოება რომ აპათიაშია, მე მგონი, ამას დიდი დამტკიცება არ სჭირდება..”

თანამედროვე ქართული კულტურა თითქოს სირაქლემას როლშია – მან “მიუგდო” ქართული საზოგადოება მასკულტურას, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე და ხელოვნების დარგებიდან განსაკუთრებით თეატრს ადანაშაულებს:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “ერთადერთი ნამდვილი ნათელი წერტილი ჩვენი საზოგადოების (ბრჭყალებში, რა თქმა უნდა) არის, სამწუხაროდ, ტელევიზორი, რომელსაც ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს ქართული კულტურა - თეატრიც კი.. ქართული თეატრი დღეს კაპიტულანტია. რატომ? ჯერ ერთი, ახდენს მასკულტურის შეგნებულ იმიტაციას.. აქ ლაპარაკია აკადემიურ თეატრებზეც, რომელიც მასკულტურის იმიტაციას ახდენს. რა არის ეს, თუ არა კაპიტულირება?”

რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე კულტურის მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ მასკულტურის აგრესიული აქტიურობის ფონზე კულტურის დადუმება, რუსუდან მირცხულავას სიტყვებით რომ ვთქვათ, “კულტურული აპოკალიფსის” ტოლფასია. თუმცა ჩვენს საუბარს ქართველი ფსიქოლოგი დაპირებით ასრულებს - როცა კულტურა დუმს, შტურმს კულტურის თეორეტიკოსები ახორციელებენ:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “ჩვენც განვახორციელოთ “კულტურული შტურმი. სხვანაირად მე ვერ ვხედავ გამოსავალს ამ ვაკუუმიდან.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG