Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში აფხაზეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მობილიზაციის მდგომარეობაში მოყვანის საბაბი ხდება


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, კოდორის ხეობის მისადგომებთან აფხაზური არმიის საარტილერიო, უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფები განლაგდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებზე გუშინ დახურულ კარს მიღმა საგანგებოდ ითათბირა სამხედრო საბჭომ. გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს კოდორის ხეობაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ორივე პოსტი. პოსტების გაძლიერების მიზნით, ოპერატიულად შეიქმნა დამატებითი სარეზერვო ჯგუფები, თუმცა, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის თანაშემწის იგორ კოლეშნიკოვის განცხადებით, ხეობის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ნაწილში საგუშაგოების გადატანის ან საგუშაგოებზე მყოფი ცოცხალი ძალის გადასროლის შესაძლებლობა გამორიცხულია.

კოდორის ხეობის მისადგომებთან, კონკრეტულად კი, ტერიტორიაზე, რომელსაც აფხაზური მხარე აკონტროლებს, აფხაზეთის შეიარაღებული ძალებია მობილიზებული. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, არ მოხდეს ემზარ კვიციანის მომხრეთა და საქართველოს სამთავრობო ძალების აფხაზეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა. რუსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ “მონადირის” წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაციის არსი კოდორის ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანაა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ჟარიხინი აცხადებს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემზარ კვიციანის ყურამდე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია გენშტაბიდან ვერ მიაღწევდა. ექსპერტი ვარაუდობს, რომ “მონადირის” ლიდერს ინფორმაცია საგანგებოდ მიაწოდეს, რაც აშკარად წინასწარ იყო დაგეგმილი.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სოხუმი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა სულ სხვას მეტყველებს დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წევრთა განცხადებები. თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში კონფლიქტის განახლებას არ გამორიცხავს:

[სერგეი ბაღაფშის ხმა]“ თუ ქართველი სამხედროები აფხაზეთის ჩვენ მიერ კონტროლირებად საზღვარს მოუახლოვდებიან,ეს სერიოზული კონფლიქტის პირველი ეტაპი იქნება. აფხაზეთის საზღვრის ერთი მეტრითაც დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ პოზიციებს ცეცხლს გავუხსნით.“

კიდევ უფრო აზუსტებს ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენშტაბის უფროსი ანატოლი ზაიცევი. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად არიან მზად:

[ანატოლი ზაიცევის ხმა]“ ჩვენი შეიარაღებული ძალები მუდმივ და განსაკუთრებულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, სამხედრო ძალების ნაწილი გადასროლილია კოდორის ხეობაში დისლოცირებული ნაწილების გასაძლიერებლად, უშუალოდ კოდორის ხეობაში ჩვენი შენაერთები ბლოკ–პოსტებს არ გასცდენიან, სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.“

ანატოლი ზაიცევი კოდორის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციას სამხედრო ოპერაციის კვალიფიკაციას არ ანიჭებს. მისგან განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება კოდორში სწორედ სამხედრო ოპერაციას ატარებს.მთლიანობაში კი, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა უარყოფს ემზარ კვიციანთან მოლაპარაკების ფაქტებს და მისი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობას. კვიციანი ჩვენთვის არასასურველი სტუმარი იქნებოდა და ეს მასაც კარგად ესმის, აცხადებს თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, გავრცელდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ 26 ივლისის გამთენიისას სოფელ აჟარასთან ემზარ კვიციანისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, მოგვიანებით კი მეამბოხე საველე მეთაურს სოფელ ლათაში დე ფაქტო მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა შეხვდა. რატომ, რისთვის? – შეკითხვა და ვერსია არაერთია, პასუხები კი გაცილებით ნაკლები. ერთი ნათელია: კოდორის ხეობის მოვლენებზე რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის ოფიციალური წრეების გამოხმაურებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება კოდორში პოზიციების მომაგრებას ცდილობს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, მაგალითად, აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრებთან, კოდორის პრობლემის სახით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის მორიგი კონფლიქტი მწიფდება.
XS
SM
MD
LG