Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხელისუფლება მხოლოდ კონსტიტუციური გზით უნდა შეიცვალოს“ - ოპოზიცია საზოგადოებას მიმართავს


იმ დროს, როცა ხელისუფლების მთელი ძალისხმევა კოდორის ხეობისკენაა მიმართული, ოპოზიციის ერთი ნაწილი, კერძოდ კი, დროებით საგანგებო შტაბში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები:

ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“, კონსერვატიული პარტია, ლეიბორისტები, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და სახალხო ფორუმი ახალი მემარჯვენეების სათავო ოფისში იკრიბებიან და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართავენ. „კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებული იმ უმწვავესი კრიზისის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რისი უმთავრესი მიზეზიც სააკაშვილის ხელისუფლების უგუნური პოლიტიკაა,“ ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით, მოხერხდება პოლიტიკური პროცესების ისეთნაირად წარმართვა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის ტრადიცია დამკვიდრდეს.

იმას, რაც კოდორის ხეობაში ხდება, დროებით საგანგებო შტაბში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები ავანტიურას უწოდებენ, ხოლო ავანტიურის ორგანიზატორთა მთავარ ჩანაფიქრად იმპულსური ქმედებებით გამორჩეული საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას მიიჩნევენ. განცხადების ავტორები შიშობენ, რომ საქართველომ კოდორის ხეობაში, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პლაცდარმის ნაცვლად, შეიძლება, დესტაბილიზაციის კიდევ ერთი კერა მიიღოს:

[კითხულობენ განცხადების ტექსტს] „ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფამ, ძალადობის კულტის დანერგვამ, კანონის უზენაესობის იგნორირებამ და საკუთარი მოქალაქეების ღირსების განუწყვეტელმა შელახვამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრების მიერ შეიარაღებული ავანტიურისტების ასპარეზზე გამოსაყვანად. სააკაშვილის უუნარო და უპასუხისმგებლო ხელისუფლება მომავალშიც არაერთი საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყანას. მაგრამ საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე იმ გარე თუ შიდა ძალებისგან ემუქრება, ვინც ახალი შეიარაღებული დაპირისპირებით გეგმავს პოლიტიკური მიზნის მიღწევას.“

დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის თავმჯომარემ, განცხადების წაკითხვისას განმარტა, რომ ოპოზიციური პარტიები მხარს უჭერენ პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ გადაჭრას და რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა სამართლიან არჩევნებზე გადის:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ზოგადად, ეს შვიდეული თვლის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. რაც შეეხება იმას, თუ ვინ რომელ არჩევნებში რა ძალებით და მასშტაბით წარდგება, ამაზე უახლოეს ხანში ჩამოვყალიბდებით.

თუმცა ფაქტია, რომ ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. რესპუბლიკური პარტიის აზრით, ადგილობრივი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც უნდა შექმნას სათანადო პოლიტიკური პლაცდარმი შემდგომი მოვლენებისთვის. ამიტომ ტაქტიკურ საკითხებში ჯერ ყველა ჩამოყალიბებული არ არის.“

განცხადების ხელმომწერთა შორის არიან ლეიბორისტებიც, რომლებიც ორიოდე თვის წინ არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ. შეიცვალა თუ არა პარტიამ პოზიცია? - ამ კითხვას ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი, კახა ძაგანია, ასე უპასუხებს:

[კახა ძაგანიას ხმა] „ამ ეტაპზე ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ. ქვეყანაში მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება აქტუალური გახდეს ბოიკოტი, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, შეიძლება პარლამენტისა და კანცელარიის ბლოკირებაც კი გახდეს საჭირო. ანუ გამორიცხული არაფერი არ არის.“

კახა ძაგანიას თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები კოდორის ხეობასა და მთლიანად საქართველოში. ოპტიმიზმის საფუძველს ვერც სახალხო ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ასათიანი, ხედავს:

[აკაკი ასათიანის ხმა] “საინტერესოა, რამდენად დარჩება საქართველოს მხარეს ეს ხეობა. ყველა შემთხვევაში ეს დგება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. საერთოდ, არ უნდა გამწვავებულიყო ვითარება, არ არის კოდორის ხეობა ის ობიექტი, რომელზეც გათავისუფლების კონტექსტში უნდა ვილაპარაკოთ. ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. მათთვის მთავარია დაამტკიცონ, რომ არავის შეეპუებიან და ყველას დახოცავენ... ძალადობა ყოველთვის შობს ძალადობას. ასე მთავრდება.“

„ძალადობა შობს ძალადობას“, ამბობს აკაკი ასათიანი, მაგრამ როგორც ოპოზიციური შვიდეულის მიერ შედგენილ განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიული ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ხელისუფლების ძალადობას ოპოზიციამ და საზოგადოებამ ძალადობითვე არ უპასუხოს:

[კითხულობენ განცხადების ტექსტს] „ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები მოვახერხებთ დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად პოლიტიკური პროცესების წარმართვას და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილების ტრადიციის დამკვიდრებას საქართველოში. ამიტომ საქართველოს ოპოზიციური პარტიები მთელ ჩვენს ძალისხმევას მივმართავთ საზოგადოების კონსოლიდაციისაკენ სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად.“

ამ განცხადებას, როგორც უკვე გითხარით, ხელს აწერენ დროებით საგანგებო შტაბში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც თბილისიდან აკვირდებიან კოდორში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლებას ინფორმაციის სიმწირის გამოც უსაყვედურებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG