Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დღევანდელი ქართული პრესის მოკლე მიმოხილვას გაზეთ „რეზონანსით” დავიწყებთ. პუბლიკაციაში,

სათაურით „რა მოხდა კოდორში“, გაზეთი ცდილობს საკუთარი ვერსიებით შეავსოს გასულ კვირაში ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციული ვაკუუმი. ვერსია ნომერი პირველი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: კოდორის ხეობის მოვლენები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და ემზარ კვიციანი მათ მიერ იმართებოდა. ამ ვერსიას, გაზეთის აზრით, ხელისუფლება ცალსახად ავითარებს. ვერსია ნომერი 2: ემზარ კვიციანი პროვოკაციაზე საქართველოს სპეცსამსახურებმა წამოაგეს; ასეთ შემთხვევაში კი კოდორის ოპერაცია, შესაძლოა, არ იყოს უკანასკნელი ნაბიჯი აფხაზეთის მიმართულებით. გაზეთის კორესპონდენტი ამ ვერსიაზე საუბრისას ვარაუდობს, რომ კოდორის ხეობის ანტიკრიმინალური ოპერაციით ხელისუფლებამ შესანიშნავი პიარკამპანია აწარმოვა შინაგან საქმეთა მინისტრის შელახული იმიჯის გამოსასწორებლად და გირგვლიანის მკვლელობიდან საზოგადოების ყურადღება კოდორის ხეობისკენ მიმართა. დაბოლოს, ვერსია ნომერი მესამე, რომლის მიხედვით, არსად არავის არაფერი დაუგეგმავს და ემზარ კვიციანიც მხოლოდ ცხელ გულზე მოქმედებდა. შეგახსენებთ, რომ ეს არის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის ძირითადი აქცენტები იმის შესახებ, თუ რეალურად რა მოხდა კოდორში.

კოდორის ხეობაში განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაცია წამყვანი თემაა არა მარტო გაზეთ “რეზონანსში”, არამედ დღეს გამომავალი ქართული პერიოდული გამოცემების უმრავლესობაში. ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლე კვიციანის ნამუსზე შეაგდო, ანუ რას ფიქრობენ სვანები გასაიდუმლოებული სპეცოპერაციის შესახებ – სპეციალურ რეპორტაჟს ხაიშიდან გაზეთი “ახალი ვერსია” გვთავაზობს. სვანების, კერძოდ კი, ხაიშელების აზრით, კვიციანი მოღალატე არ იყო, მაგრამ მან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. „დღეს ისეთი ილუზია შეიქმნა, თითქოს ხალხის გაჭირვებაც ახლა გაიგეს, უგზოობაც, იარაღიც ახლაღა აღმოაჩინეს და კრიმინალების თავშესაფარიც. თუ კვიციანი იყო პრობლემა, მაშინ მისი აყვანა 10 ვერტმფრენისა და 50 სამხედრო მანქანის გარეშეც შეიძლებოდა. ეს ადამიანი ზუგდიდშიც თავისუფლად დადიოდა და თბილისშიც.” - ასეთია სვანების რეზიუმე გაზეთ “ახალი ვერსიის” ფურცლებზე.

ამავე გაზეთში გამოთქმულია მოსაზრება, რომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ მიმართული შორსმიმავალი გეგმების არსებობის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება რეალურად ჯერ იმ ტერიტორიებს იბრუნებს, რომელსაც კარგად თუ ავად აკონტროლებდა. იგულისხმება ჯერ აჭარა, შემდგომში კი კოდორის ხეობა.

„ახალმა ვერსიამ” დღეს ასევე გამოაქვეყნა ინტერვიუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან. 2001 წლის ცნობილი მოვლენების დროს, როცა გილაევის რაზმს ვებრძოდით, კარგი წინაპირობა გვქონდა, რომ კოდორი აგვეღო, - აცხადებს შამბა და განაგრძობს, – მაგრამ, ჯერ ერთი, არ გვსურდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მეორეც, ამ ზონაში შესვლა არსებული ხელშეკრულების დარღვევა იქნებოდა. თორემ გარწმუნებთ, კოდორის ხეობის აღება ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

პოლიტიკოსების მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას შეიარაღებული მეამბოხეების ან იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან უშიშროებას შეიარაღებულ საფრთხეს შეუქმნიან, სამართლებრივი შეფასება მიეცემა, პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა გვარამიას ეკუთვნის, პუბლიკაცია კი ამ თემაზე გაზეთ “24 საათში” იბეჭდება. ამავე გაზეთში დღეს გამოქვეყნდა ოპოზიციურ პარტიათა განცხადებები კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გაგაცნობთ ნაწყვეტს ერთ–ერთი განცხადებიდან: „ ჩვენი აზრით, კოდორის ხეობაში განხორციელებული ავანტიურის ორგანიზატორთა ერთ–ერთი მთავარი ჩანაფიქრი იყო გაუაზრებელი და იმპულსური ქმედებებით გამორჩეული საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ოპერაციის წამოწყებაზე სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან და მგრძნობიარე რეგიონში. სამწუხაროდ, ეს მიზანი მიღწეული იქნა და საქართველომ კოდორის ხეობაში, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პლაცდარმის ნაცვლად, შეიძლება მიიღოს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი კერა, რომელიც ემზარ კვიციანის გაუვნებელყოფის შემდეგაც, შესაძლოა, იქცეს უფრო მასშტაბური პრობლემის კატალიზატორად.“ ეს იყო ნაწყვეტი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადებიდან, რომლიც გაზეთ “24 საათში” დღეს დაიბეჭდა.
XS
SM
MD
LG