Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიციანისა და ბათიაშვილის თანამდევი დაპატიმრებები


კოდორში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ხელისუფლება იმ პირებს აკავებს, ვისაც მეამბოხეებთან

სატელეფონო ან ნათესაური კავშირი აქვს. მთავრობის “შავ” სიაში პოლიტიკური მოძრაობა ,,წინ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი, და ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, მოხვდნენ. ოპოზიცია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს, ხოლო ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ მორიგი მსხვერპლი შრომის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იქნება.

კოდორში წარმატებულად დასრულებული ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია თბილისში გრძელდება, ამჯერად მთავარი მეამბოხის ნათესავებისა და მეგობრების დაკავებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოლიტიკური მოძრაობა ,,წინ საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბათიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 315-ე მუხლებით წაუყენეს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ ამბოხებაში დახმარებას გულისხმობს. დაკავებულს 376-ე მუხლიც დაემატა, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებას ითვალისწინებს. ბათიაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სასამართლოს არაობიექტურს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას ხვალ, დღის პირველ ნახევარში, გეგმავს.

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ,,როდესაც ამბობენ, რომ მან დაუმალა თუ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს თავისი საუბარი კვიციანთან, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული, რომ კვიციანი მას ეუბნებოდა დანაშაულის შემცველ ფაქტებს. მაშინ როდესაც იქ არ იყო გამოკვეთილი არც ის, თუ ვინმეს რა დანაშაული უნდა ჩაედინა და ბრალდებაში, რომელიც მას წაუყენეს, საერთოდ არ არის ასახული, თუ რომელი დანაშაულის შეუტყობინებლობაზეა საუბარი.”(სტილი დაცულია)

ბათიაშვილის დაკავების მიზეზი სატელევიზიო არხებით კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება და ემზარ კვიციანთან 3 სატელეფონო საუბარი გახდა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნორა კვიციანს კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის წაუყენეს ბრალი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე. კვიციანის ქალიშვილს ნათია არღვლიანს მიაჩნია, რომ დედის დაკავება მხოლოდ მიზეზია. კვიციანების ოჯახში ახალი ეჭვმიტანილია. ხელისუფლება ამჯერად ნორა კვიციანის სიძეს ციხეში ბუნტის ორგანიზებას ედავება.

[ნათია არღვლიანის ხმა] ,,ეს არის მხოლოდ მიზეზი, რაც დედაჩემს ბრალდება წაუყენეს, თორემ იარაღი ყველა ოჯახშია იქ, აბსოლუტურად. მე მამა მყავს დაღუპული და მამაჩემის იარაღი ახლა ჩემს ოჯახში რომ იქნებოდა... რა... მოსთხოვა ვინმემ რამე, რომ იარაღი ჩააბარეო?.. იდო ოჯახში, ხომ?... გაგიჟებული კი არა, გადარეული ვიყავი. 28 ივნისს გადაიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში, ბიჭს გაუკეთეს 3 ოპერაცია... თიაქარი, ნაღვლის ბუშტი და ბრმა ნაწლავი ამოაჭრეს. თიაქარი ჰქონდა ცემის შედეგად გამსკდარი, ამის ოპერაცია გაუკეთეს და გამოწერეს დღეს იქიდან. და საიდან მოიტანა ახალაიამ ბუნტს აწყობდაო, ძალიან მაინტერესებს. საიდან აწყობდა ავალიანი ბუნტს, ძალიან მინდა გამცეს პასუხი ამ კაცმა.”

ოპოზიციისათვის ხელისუფლების ეს ნაბიჯები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქმება. ირაკლი ბათიაშვილის მომხრეები მის დაკავებას ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას უკავშირებენ. ლეიბორისტების აზრით, შემდეგი შალვა ნათელაშვილი იქნება. შრომის პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აკისრებს:

[გიორგი გუგავას ხმა] ,,თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, თუ განცხადებებს ხმამაღლა გააკეთებთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში თქვენ გელით ციხე. არ დაუმალავთ თავიანთი განზრახვა და სპეციალური კანონპროექტი უკვე შეიტანეს პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ექსტრემიზმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილი აქვთ დააპატიმრონ შალვა ნათელაშვილი. რაც შეეხება ნორა კვიციანს, ის არის კლასიკური ტიპის მძევალი, ვერ დაიჭირეს მისი ძმა და დაიჭირეს მისი ოჯახის წევრი. პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელიც ვითარდება დღეს საქართველოში, ეკისრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსაც.”

განსხვავებული აზრის მქონე ხალხთან შეუგუებლობა გრძელდება - მიაჩნია რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს. იგი ბათიაშვილის ბრალეულობას ამ დროისათვის ვერ ხედავს და ხელისუფლებას საზოგადოებისათვის მტკიცებულების გაცნობისაკენ მოუწოდებს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ,,ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებით ამ წუთის მდგომარეობით ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. თუ რაიმე სხვა ფაქტს ან მტკიცებულებას დადებენ, ამაზე შესაბამის რეაგირებას გავაკეთებთ. ფაქტიურად, გრძელდება იგივე ხაზი -განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შეუგუებლობა. ამას ხან კანონმდებლობის გზით ახერხებენ, ხან უკანონოდ ადამიანების დაკავებით, ხან რაღაცეების დაბრალებით.” (სტილი დაცულია)

ვინ იქნება შემდეგი? ამის შესახებ ოპოზიციას ხმამაღლა საუბარი უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოულოდნელი ქვეყნის მთავრობისგან არაფერი არ შეიძლება იყოს.


XS
SM
MD
LG