Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოაპარატი ქართველი ახალგაზრდებისთვის საარდადეგებოდ


ფოტოაპარატი ქართველი ახალგაზრდებისთვის საარდადეგებოდ

მომზადებული ბარგის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი გახდა. ფოტოგრაფია მოდაშია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი ფოტოაპარატს აჩხაკუნებს და, ყოველი მეორე თუ არა, ფოტოაპარატით შეიარაღებული ახალგაზრდების უმრავლესობა თავის თავს უკვე ფოტოხელოვანს უწოდებს.

ფოტოგრაფია მოდაშია, მაგრამ არ არსებობს ფოტოგრაფიის კრიტიკა, რაც ჩვენი თანამოსაუბრის, ხელოვნებათმცოდნისა და მხატვრის, თამარ მელიქიშვილის აზრით, არის კიდეც მიზეზი იმისა, რომ ფოტოაპარატით შეიარაღებული ადამიანების რიცხვი იზრდება, ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება კი, საქართველოში ღრმა კრიზისს განიცდის:

[თამარ მელიქიშვილის ხმა] “მგონია, რომ ფოტოხელოვნებაში ყველაზე მეტად ჩანს კრიზისი. სად არის ფოტოხელოვნება საქართველოში? არის მუზეუმი? არის გალერეა? არიან ფოტოგრაფები, რომლებიც ხშირად იფინებიან? გვარები არ ვიცით, ხომ? ხომ უნდა გაიჟღეროს გვარმა, რომ ეს არის ფოტოხელოვანი? ნუ, წიბახაშვილი, იმიტომ რომ აკეთებს ექსპერიმენტებს, ფოტოს ახალისებს, ზემოდან გრაფიკას ადებს, სხვა ტიპის ბეჭდვას მიჰყო ხელი...”(სტილი დაცულია)

თამარ მელიქიშვილი ერთ ფაქტს იხსენებს – “ვარდების რევოლუციის” დროს ქართველებში რევოლუციის მოთხოვნილება, უმეტესად, ჩე გევარას მაისურებით გამოიხატა, არადა, რუსთაველის გამზირის პათოსი უკეთ შეეძლოთ წარმოეჩინათ ფოტოებში. წვიმიანი ღამეების ქრონიკის ამსახველი გამოფენა კი ჩატარდა, მაგრამ ეს უფრო დოკუმენტურ-რეპორტაჟული ფოტოების ექსპოზიცია იყო. არადა, თამარ მელიქიშვილის თქმით, პროფესიონალებს და არაპროფესიონალებს ნაირ-ნაირი კამერები აქვთ გადაკიდებული და, თითქოს, “შემოქმედებით საზრდოს” ეძებენ:


[თამარ მელიქიშვილის ხმა] “ქართველებს გვიყვარს იოლად რაღაცის კეთება – ესეც მოდაშია, რომ მხოლოდ შავ-თეთრი ფოტო იყოს, უფრო დახვეწილია, უფრო მძაფრი...ფერის შეხამება უფრო ძნელია, ვიდრე მხოლოდ შავის და თეთრის.
ეს თვითონ ავტორის პრობლემაა. ავტორს აინტერესებს დრო, როდის ცხოვრობს, სად ცხოვრობს. ავტორებს არ აინტერესებთ ის სიმძაფრე, რომელიც ფაქტურამ შეიძლება გამოხატოს, ფაქტურამ აღნიშნოს დრო.”(სტილი დაცულია)

გამოდის, რომ ფოტოგრაფების მომრავლება, ერთი მხრივ, და ფოტოგრაფიის კრიზისი, მეორე მხრივ, მთლიანად ქართული კულტურის დღევანდელ, შესაძლებელია, მთავარ პრობლემას ასახავს – ხელოვანობა საქართველოში ისევ მოდაშია, “მარტივი ხელოვანობა”, რომელიც დიდ ძალისხმევას არა, მხოლოდ აპარატზე ერთი ღილაკის დაჭერას მოითხოვს… მაგრამ კულტურა ვერა დ ავერ ასახავს ისტორიას, ისევ მითებით ცხოვრობს და უმრავლეს შემთხვევაში უჭირს დროის გააზრება. თამარ მელიქიშვილი ამბობს, რომ ირაციონალურის სიჭარბე, რაციონალურთან შედარებით, არა იმდენად კულტურის, რამდენადაც, საერთოდ, დღევანდელი ქართული საზოგადოების პრობლემაა:


[თამარ მელიქიშვილის ხმა] “ფოტოხელოვნება ცოტა სხვანაირად ესმით, თითქოს ათვლის წერტილი არა აქვთ წარმოდგენილი – როგორც სხვა ხელოვნებაში მოხდა, ვაკუუმი იყო და თავიდან დაიწყეს, აქ არა – აქ თითქოს რაღაცას გადააბიჯეს, თითქოს წარმოდგენა არა აქვთ, რომ ეს არის ხელოვნება და აქვს თავისი ისტორია... უფრო ჰობის დონეზე აქვთ წარმოდგენილი. ფოტოხელოვანი სხვა არის და ტურისტი, რომელიც იღებს, სხვა არის. ჰგონიათ, რომ ესაა იოლი ხელოვნება... თავისი მიმართულება აქვს ამ ხელოვნებას, მაგრამ გააზრებული არ არის... რომ იღებენ, უფრო მხოლოდ კადრზე ფიქრობენ. თუკი წინასწარ მოიფიქრებ, უფრო რთული ხელოვნება გამოდის.”(სტილი დაცულია)

თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის კრიზისი ეკონომიკურ პრობლემებსაც უკავშირდება. მხატვრებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფების უმრავლესობა ვერ ყიდის თავის ნამუშევრებს უცხოელებზე – დიპლომატებზე, ტურისტებზე. ოფისებში უფრო დიდია მოთხოვნილება დეკორატიულ ფერწერაზე, ვიდრე ორიგინალურ ფოტოზე…ასეთ პირობებში პროფესიონალი ფოტოგრაფი იძულებულია ან რეკლამის შემქმნელებთან იმუშაოს, ან ფერად ჟურნალებს მიაკითხოს:


[თამარ მელიქიშვილის ხმა]
“პროფესიონალი ფოტოგრაფები მუშაობენ ჟურნალებში. როცა ჟურნალია დამკვეთი, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ეს იყოს ტურისტული ან მოდური “ფეშენ ფოტო”. ამიტომ ფოტოგრაფები ამ დაკვეთებს ასრულებენ.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ასეთი მკაცრი და, შესაძლებელია, საკამათო შეფასებისა, ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი თამარ მელიქიშვილი მაინც ასახელებს რამდენიმე ფოტოგრაფს, რომელთა შემოქმედება, მისი თქმით, მაგალითი უნდა გახდეს დამწყები ფოტოგრაფებისთვის. თანამედროვე ქართველ ფოტოგრაფებს შორის ის გამოყოფს, პირველ რიგში, ნათელა გრიგალაშვილს, რომელიც არასდროს არ იღებს სურათს იმ მიზნით, რომ, როგორც ამბობენ ხოლმე, “ლამაზი კადრი” წარმოადგინოს:

[თამარ მელიქიშვილის ხმა]
“ ნათელა გრიგალაშვილი გრძნობს იმ წერტილს, სადაც ჩადის და იღებს. ამ დროს აღიბეჭდება სწორედ დრო, ფაქტურა, ადამიანი... მხოლოდ ფაქტურულია, როცა ამაზე არ ფიქრობენ და ისე იღებენ.”(სტილი დაცულია)

ფოტოგრაფიას უსაზღვრო პოტენცია აქვს – აღნიშნავს თამარ მელიქიშვილი. უბრალოდ, ხელოვანი ხანდახან უნდა დაშორდეს რეალობას, რათა სწორად დაინახოს ის.... ეგრეთ წოდებული “არატირაჟირებადი ფოტოგრაფია” დიდხანს გაფიქრებს რეალობაზე, როცა ის არარეალურია. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს ეს მოსაზრება, თუკი დიდ, კლასიკოს ფოტოგრაფთა შემოქმედებას გავიხსენებთ, ბოლოს და ბოლოს, დავეთანხმებით ჩვენს თანამოსაუბრეს – ფოტოგრაფია, მართალია, რეალობას ასახავს, მაგრამ რეალობა მხატვრული სახის გარეშე არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელოვნებად. თამარ მელიქიშვილის თქმით, ფოტოგრაფიის “მრევლის” მოზღვავება ხარისხის ამაღლებას თუ არ გამოიწვევს, მოდურ დინებად დარჩება. კომპიუტერულმა, ციფრულმა გავლენებმა ფოტოგრაფიის ისედაც ტირაჟირებადი ბუნება კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ სწორედ “მიმოქცევაში” მყოფ ფოტოებს უნდა გამოეყოს გალერეებში გამოსაფენი ხელოვნება. რაკი ასეთი საგამოფენო დარბაზები არ არსებობს, ე.ი. საქართველოში არც “არატირაჟირებადი ფოტოგრაფია” არსებობს –აღნიშნავს თამარ მელიქიშვილი და ამბობს, ერთ ხელზე ჩამოსათვლელია ქართველი ფოტოგრაფები, რომელთა ხელწერას აუცილებლად იცნობ, და სწორედ ეს მიანიშნებს ღრმა კრიზისზეო. სანამ ფოტოსურათში არ გამოჩნდება, რომ ამ ფოტოკადრს ძიება, რთული სამუშაო უძღოდა წინ, ფოტოგრაფი თავის თავს ხელოვანს ვერ უწოდებს, – ამტკიცებს ჩვენი თანამოსაუბრე:

[თამარ მელიქიშვილის ხმა] “ადამიანი, რომელიც ცარიელია შემოქმედებითად და არ იცის რა უნდა, რომელიც, უბრალოდ, აჩხაკუნებს, ეს ხომ კრიზისია.”(სტილი დაცულია)

თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ასეთი მკაცრი შეფასება თავისთავად ბადებს კითხვას: რაში ხედავს გამოსავალს ქართველი ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც ბოლო დროს რამდენიმე კრიტიკული წერილი მიუძღვნა ჩვენს ფოტოხელოვნებას?


[თამარ მელიქიშვილის ხმა]
“პროფესიონალიზმსა და ნიჭიერებაში.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG