Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩვენ ვართ ქართული არმია, ჩვენთვის ვარჯიში კარგია” - ამ სათაურით


”ჩვენ ვართ ქართული არმია, ჩვენთვის ვარჯიში კარგია” - ამ სათაურით ”24 საათში” გამოქვეყნებული წერილი ქართველ დედას, სოფიო თოდუას, ეკუთვნის.

მას 23 წლის ვაჟი ჰყავს და, როგორც თავად ამბობს, უეჭველად მათ რიგებში ერთიანდება, ვისაც ომი არ უნდა. ქართველი დედა საკუთარ თავს მათ რიგებშიც ხედავს, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ქართული არმიის სიძლიერე ახარებს. ”არიან თუ არა მოღალატეები ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ჯარში წასვლაზე უარს ამბობენ და, სანაცვლოდ, სოლიდურ თანხას, 2000 ლარს, იხდიან?” - ეს კითხვა წერილის ავტორს, როგორც თავად აღნიშნავს, მას შემდეგ აეკვიატა, ”რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ-ერთ ნაწილში სტუმრობისას ტელეკამერების წინ დაახლოებით შემდეგი ბრძანა: აი, ესენი არიან ქვეყნის პატრიოტები, დანარჩენები კი ფულს იმაში იხდიან, საკუთარ ქვეყანას რომ არ ემსახურონო.” ”არადა, - წერს ავტორი, - დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ახალგაზრდას შეუძლია ფული გადაიხადოს როგორც სავალდებულო სამხედო სამსახურის გადავადებაში, ისე - სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაში.”

სოფიო თოდუა იმედოვნებს, რომ პრეზიდენტმა კანონები მასზე უკეთ იცის და რომ ის, ტელევიზიით გამოსვლისას, მორალურ კოდექსზე საუბრობდა. სწორედ მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, წერილის ავტორი ქალბატონი ისურვებდა, რომ ორფოლოს პოლიგონზე პარლამენტართა შვილებიც ეხილა. პუბლიკაციაში დასახელებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა კონკრეტული გვარები, რომელთა შვილებსაც ჯერჯერობით სამხედრო სამსახურის მოვალეობა არ შეჰხებია. მათგან ”ზოგი ჯერ კიდევ სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი საზღვარგარეთაა მივლინებული, ზოგს კი - ფეხმძიმე ცოლი ჰყავს”. სოფიო თოდუა მათ კანონის დარღვევაში არ ადანაშაულებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ”კანონი, სხვათა შორის, არც მათ დაურღვევიათ, ვინც ჯარში არ წავიდა და სანაცვლოდ ფული გადაიხადა.”

სამშაბათის ”ახალი თაობა” ბეჭდავს ინტერვიუს ნოდარ ნათაძესთან, რომელიც არაერთ თემას ეხება. შეკითხვას - თუ რას უკავშირდება აფხაზეთში სიტუაციის გამწვავება, რესპონდენტი ასე უპასუხებს: ”აფხაზეთში ამ სიტუაციის განვითარებისთვის გადამწყვეტი საზომი შემდეგია: წაართმევენ თუ არა ქართველები რუსებს სამშვიდობო მანდატს... თუ რუსი დაკარგავს იმის უფლებას, რომ ქართველს ესროლოს, მაშინ ჩვენ ფიზიკურად გავიმარჯვებთ. თუ პირიქით, მაშინ ჩვენ ფიზიკურად დამარცხებულები ვართ. აი, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაა დღეს საქართველოს ხელისუფლების ხელში,” - ამბობს ნათაძე.

დათანხმდა თუ არა რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტის განახლებას? - ამ საკითხით 15 აგვისტოს ”რეზონანსი” ინტერესდება. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ რუსულ მხარეს ღვინის ექსპორტის განახლებაზე არანაირი თანხმობის წერილი არ გამოუგზავნია. ვითარება ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია. ხოლო იმისათვის, რომ გარკვეული გამოსავალი გამოიძებნოს, ექსპერტი ქართველ მეღვინეებს ურჩევს, ღვინის ექსპორტს პოლიტიკური მოტივები აარიდონ. ”ამ საქმეში რაც უფრო ნაკლებად ჩართავენ პოლიტიკოსებს, მით უფრო მეტად არის შესაძლებელი რაღაც გადაწყვეტილების პოვნა. არ უნდა იარონ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თათბირზე, რომლის შემდეგაც საქმე უფრო ფუჭდება, ვიდრე - კეთდება,” - აღნიშნავს გია ხუხაშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სვიმონიშვილი და მისი სამინისტრო ასეთი მოლაპარაკებისთვის აბსოლუტურად უუნაროა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG