Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში სამშვიდობო ჯარის განთავსების საქმეში გაერო სირთულეებს აწყდება


ლიბანში გაეროს მანდატით დაწესებული ზავი კვლავ მოქმედებს. ახლა ყურადღების ცენტრში ქვეყნის სამხრეთში ძლიერი საერთაშორისო სამშვიდობო ძალის

შეყვანის საკითხი დადგა. ამ საკითხის ირგვლივ არაერთი შეკითხვა ისმის: რამდენად სწრაფად და რა პირობებით მოხერხდება მშვიდობის დამცველების ლიბანში შეყვანა? დაევალება თუ არა 15 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარ ჯარს ჰიზბოლაჰის მებრძოლთა განიარაღება?

ბევრი უპასუხო შეკითხვა და ცოტა დრო - მოკლედ რომ ითქვას, ეს გახლავთ მთავარი სირთულე, რომელსაც ლიბანში საერთაშორისო სამშვიდობო ძალის შეყვანის საკითხი აწყდება.

სამხრეთ ლიბანში 2000 ჯარისკაცისგან შემდგარი გაეროს ძალის 15 ათასამდე გაზრდის გადაწყვეტილება პარასკევს მიიღეს.

ეს გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციის ნაწილია, რომლითაც ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ ლიბანში ზავი ამოქმედდა.

თუმცა გაეროს ძალის სამხედროებით შევსების სურვილი გადაჭრით ჯერჯერობით მხოლოდ იტალიამ გამოთქვა. ორშაბათს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასიმო დ’ალემამ შემდეგი განაცხადა:

[დ’ალემას ხმა] ”იტალია მზად არის შეუერთდეს გაეროს სამშვიდობო ძალას, რომელიც ლიბანის სამხრეთში განთავსდება, დაიცავს უსაფრთხოებას და აღკვეთს უკანონო მოქმედებებს საზღვარზე - ამით კი სტაბილურ მშვიდობას უზრუნველყოფს.”

კიდევ რომელი ქვეყნები შეავსებენ მშვიდობის დამცველებს კონტინგენტით, რამდენად მალე მოხდება ეს და რა პირობებით იმოქმედებს სამშვიდობო ძალა - ჯერჯერობით გაურკვეველია.

გაეროს რეზოლუციის თანახმად, ისრაელის 30 ათასკაციანი კონტინგენტი სამხრეთ ლიბანს იქ ლიბანის 15 ათასი ჯარისკაცისა და საერთაშორისო მშვიდობის დამცველების შესვლის პარალელურად დატოვებს.

თუმცა რამდენად მალე მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. დასავლეთის მედიამ დღეს რამდენიმე დასავლელი დიპლომატის სიტყვები გაავრცელა - რომ გაეროს ეგიდით მოქმედი ძალის შეყვანას რამდენიმე თვე თუ არა, რამდენიმე კვირა ნამდვილად დასჭირდება.

ორშაბათს ლიბანის კომუნიკაციების მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბანის ჯარი ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე დღეში შეძლებს შესვლას. დ’ალემას თქმით, იტალია კონტინგენტის გამოყოფას ორ კვირაში შეძლებს. თუმცა იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომანო პროდიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, განუცხადა, რომ ჯარის გამოყოფამდე საერთაშორისო სამშვიდობო ძალის მანდატი მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს.

გაეროს რეზოლუცია სამშვიდობო ძალას უფლებას აძლევს ყველა ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც რეგიონში ყველანაირი შეტაკების აღსაკვეთად იქნება აუცილებელი.

თუმცა გაურკვეველია, მაგალითად, ექნება თუ არა გაეროს ძალას ჰიზბოლაჰის მებრძოლებისთვის - ან ისრაელის ჯარისკაცებისთვის - ცეცხლის გახსნის უფლება, თუ ეს შეტაკების აღსაკვეთად გახდება საჭირო.

უპასუხოდ რჩება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაც - რა ბედი ეწევა ჰიზბოლაჰის შეიარაღებას. ისრაელი გაეროს ძალისგან ჰიზბოლაჰის განიარაღებას მოელის, მაგრამ ჰიზბოლაჰის ლიდერმა ჰასან ნასრალამ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი მეომრები არ განიარაღდებიან:

[ნასრალას ხმა] ”ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის და ისრაელის მიერ ლიბანში გაჩაღებული ომის ერთ-ერთი მთავარი, ნამდვილი მიზანი ჰიზბოლაჰის განიარაღება იყო. მე მოგიწოდებთ ყური დაუგდოთ მტრის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს. მაგრამ ჰიზბოლაჰის განიარაღებას მსოფლიოს უძლიერესი არმიაც კი ვერ შეძლებს.”

თუმცა ამ ეტაპზე გაერო გაჩენილი შეკითხვებისთვის პასუხების მოძებნას არ ჩქარობს. როგორც ორშაბათს კოფი ანანის წარმომადგენელმა სტეფან დუიარიჩმა განაცხადა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნები სამშვიდობო ძალისთვის კონტინგენტის გამოყოფაზე დათანხმდნენ:

[დუიარიჩის ხმა] ”მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველანაირად დაეხმაროს გაეროს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას შევქმნათ მობილური და ძლიერი ძალა, რომელიც ლიბანშია საჭირო. ამ ეტაპზე ჯარის შევსების შესახებ ოფიციალური წინადადება არა გვაქვს, მაგრამ ქვეყნებთან მოლაპარაკება კვლავაც გრძელდება.”

გავრცელებული ცნობების თანახმად, გაეროს სამშვიდობო ძალისთვის კონტინგენტის გამოყოფის სურვილი არაოფიციალური ფორმით საფრანგეთმა, თურქეთმა, მაროკომ, ინდონეზიამ, ესპანეთმა და მალაიზიამ გამოთქვეს. გერმანიის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თანახმად, თუ გაერო თხოვნით მიმართავს, ჯარს გერმანიაც გამოყოფს. თუმცა, გერმანიის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, გერმანიის ჯარის ისეთ ადგილას განთავსება, სადაც მას შეიძლება ებრაელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოუხდეს, არ არის სასურველი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG