Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხები განიხილება ქართულ-ოსური კონფლიქტის შერეული საკონტროლო კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელიც 17-18 აგვისტოს გაიმართება მოსკოვში


17-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი

თვის წინ თბილისში უნდა ჩატარებულიყო. კომისიის სხდომის ჩაშლის საფრთხე ახლაც გაჩნდა, რადგან ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემა დაიწყო. ოფიციალურმა თბილისმა ეს ფაქტი კონფლიქტის ზონაში ვითარების დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობად შეაფასა. ამ და კონფლიქტის მოგვარების სხვა პრობლემატურ საკითხებზე საქართველო თავისი პოზიციის მწვავედ გამოხატვას მოსკოვში, ოთხმხრივი კომისიის სხდომაზე, აპირებს.

ცხინვალში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემა 15 აგვისტოს დაიწყო. პირველი პასპორტი, პირველი ნომრით, წილად ერგო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის. მანვე სიამაყით განაცხადა:

”დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება სამხრეთ ოსეთის ისტორიაში იმით, რომ მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისაკენ. შემდეგი ნაბიჯი იქნება რეფერენდუმი, რომლის დროსაც ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწევს 1992 წლის რეფერენდუმის შედეგების დადასტურება. ჩვენ ვისწრაფით დამოუკიდებლობისაკენ და ჩვენი მიზნისკენ მივდივართ მშვიდობიანი გზით.”

თბილისში ცხინვალის ხელისუფლების ამგვარი ნაბიჯი დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის კომენტარი:

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] ”ეს ყველა ქმედება არის მიმართული სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ. და, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს რეგიონში არსებული კონფლიქტის მოწესრიგებას. იქნება ეს რუსული პასპორტების გაცემა თუ რაღაც უცნობი დოკუმენტების გაცემა, პასპორტის სახელით...”

მიუხედავად ამისა, ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით უარს არ ამბობს ოთხმხრივი საკონტროლო კომიისიის ფორმატზე, რომლის სამი წევრი რუსეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები არიან. მათთან შესახვედრად საქართველოს დელეგაცია, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის ხელმძღვანელობით, 16 აგვისტოს გაემგზავრა.
მერაბ ანთაძის განცხადებით, შერეული საკონტროლო კომისიის დღის წესრიგი, ძირითადად, იგივეა, რაც იყო 1 თვის წინ - მაშინ, როდესაც კომისიის სხდომა თბილისში უნდა გამართულიყო:

[მერაბ ანთაძის ხმა] ” ბუნებრივია, იქნება საუბარი იმ რთული და ყველაზე პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც, სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩიხში არის შესული. ერთადერთი სერიოზული გარღვევა იყო დონორთა კონფერენცია, რომელიც საქართველოს ინიციატივითა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით ჩატარდა. ეს არის ერთადერთი სერიოზული გარღვევა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სხვა მხრივ - როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე სამშვიდობო პროცესში - შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც გამოგვიყვანს ამ ჩიხიდან.”(სტილი დაცულია)

მერაბ ანთაძის განცხადებით, მოსკოვში მას თავის რუს და ოს კოლეგებთან საუბარი ექნება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტების შესახებაც. ამ მოლაპარაკებათა შედეგი კი ორიოდე დღის შემდეგ, საკონტროლო კომისიის სხდომის დამთავრებისთანავე, გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG