Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებულია საქართველოში ინფლაციის მაღალი ტემპით


საქართველოში 10 დღიანი ვიზიტი დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. ფონდის დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს მთავრობისა და

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებიდან მიღებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამის ფარგლებში სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის, 20 მილიონი აშშ დოლარის, გამოყოფა. ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის შეშფოთებას იწვევს ინფლაციის მაღალი დონე და ტრანშის გამოყოფის საკითხი მანამდე არ გადაწყდება, სანამ საქართველოს მთავრობა ინფლაციის შემცირებას ვერ მოახერხებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობას, ინფლაციის ტემპის შეჩერების მიზნით, ქმედითი ზომების მიღებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიშობს, რომ პროცესები უმართავი გახდება და კონტროლს ვეღარ დაექვემდებარება. ასეთი განცხადება გააკეთა 18 აგვისტოს, საღამოს მისიის დასრულებისთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონ ვეიკმან ლინმა:

[ჯონ ვეიკმან ლინის ხმა] ”ეკონომიკური ზრდა საქართველოში კვლავინდებურად მიმდინარეობს, მაგრამ ინფლაციის ტემპი ამაღელვებლად მაღალია. თუ წლის დასაწყისში ინფლაცია 5%-ზე ნაკლები იყო, ივლისის მდგომარეობით, ის 14,5 პროცენტია. ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით, მთავრობასთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გამკაცრდება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკა, რათა მოხდეს ეკონომიკის ხელშეწყობა და ინფლაციის შემცირება. შეთანხმება იქნა მიღწეული იმაზეც, რომ სანამ ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მანამდე ის სწრაფად უნდა შემცირდეს.”

ჯონ ვეიკმან ლინის განცხადებით, ინფლაციის არსებული დონე მნიშვნელოვნად აღემატება სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის პარამეტრებს. მასში ინფლაციის 6 პროცენტიანი ზღვარია გათვალისწინებული. ამგვარი სხვაობა კი სერიოზულ რისკს უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასო, დასძინა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა..

მან, სავალუტო ფონდის სახელით, ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, შეინახოს საგადასახადო შემოსავლები და არ გაზარდოს ხარჯები.

სავალუტო ფონდის ამ რეკომენდაციების კომენტირება ვთხოვე ეკონომიკის ექსპეტს ნიკო ორველაშვილს.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ინფლაციური დაძაბულობის გამომწვევი საქართველოში ის არის, რომ....”

სავალუტო ფონდი იმედოვნებს, რომ ამგვარი ნაბიჯებით საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე ინფლაციის 10 პროცენტამდე შემცირებას შეძლებს, ხოლო 2007 წლისთვის ინფლაციას 6 პროცენტამდე დაიყვანს. ასეთი ვალდებულება საქართველოს მთავრობამ აიღო, ერთობლივი მემორანდუმის ხელმოწერით, სავალუტო ფონდის მისიის დასასრულს.

მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს ვკითხე, სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულება ხომ არ გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს ოქროს შუალედის პოვნა მოუწევს.

[რომან გოცირიძის ხმა] ”ჩვენი მიზანია ლარის ზომიერად გამყარება...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამჟამად მიმდინარე პროგრამა 2007 წელს სრულდება. ამ პროგრამის ფარგლებშიც საქართველომ, შეღავათიანი კრედიტის სახით, საერთო ჯამში, 144 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიიღოს. ახლახან ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, მესამე კვარტლის ბოლოს საქართველო მიიღებს დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს, რომლითაც ძირითადად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შეივსება.
XS
SM
MD
LG