Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობის მონიტორინგი უამინდობის გამო გადაიდო


კოდორის ხეობის მონიტორინგი, რაც საქართველოში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა განეხორციელებინათ, უამინდობის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.

კოდორის ხეობის მონიტორინგის აღდგენა რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, თუმცა, საქართველოს მხარის კატეგორიული მოთხოვნით, ხეობის მონიტორინგში მონაწილეობას არ მიიღებენ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები. ხეობაში, სადაც ცოტა ხნის წინ საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, გაეროს სამხედრო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოების სრული გარანტიები იქნა შეთავაზებული. მონიტორინგი 20 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.


კოდორის ხეობაში მონიტორინგი 2003 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა და მისი განახლების დეტალები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. თბილისში უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონიტორინგის პროცესში რუსეთის სამშვიდობო ძალების მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საქართველოს მხარის პოზიცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ ახსნა:

[მამუკა კუდავას ხმა] ”საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და დამკვირვებლებს მონიტორინგის ჩასატარებლად უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესთავაზა. ჩვენი მოთხოვნაა მონიტორინგის პროცესში არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ არა აქვთ ობიექტური შემმოწმებლების სახელი და მონიტორინგში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ” (სტილი დაცულია)

რუსეთში შეაშფოთათ საქართველოს უარმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის მონიტორინგში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მონაწილეობაზე. იქ მიიჩნიეს, რომ საქართველოს მხარის მიერ გამოცხადებული უარით 1994 წლის შეთანხმება ირღვევა. ამ შენიშვნას არ იღებენ საქართველოს მხარის წარმომადგენლები. 1994 წლის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ სამშვიდობო ძალებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების გადაადგილება უსაფრთხოების ზონის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებთან. კოდორის ხეობა უსაფრთხოების ზონაში არ შედის. შესაბამისად, საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ ჰქონდა სრული იურიდიული უფლება უარი ეთქვა კოდორის ხეობის ზედა ზოლის მონიტორინგში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.

კოდორის ხეობის ზედა ზოლში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მონიტორინგის პროცესის აღდგენა აფხაზთა და რუსეთის მხარეებმა ხეობაში საპოლიციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ მოითხოვეს. მონიტორინგი, როგორც უკვე ვთქვით, 20 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. ხეობაში მონიტორინგის აღდგენასთან დაკავშირებით თავიდან საქართველოს მხარის პოზიცია გაცილებით მკაცრი იყო: სანაცვლოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირებას მოითხოვდა. ოდნავ მოგვიანებით ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოიხსნა. საქართველოს მხარემ მოითხოვა გაეროს მონიტორინგი როგორც ხეობის ზედა ზელში, ისე ქვედა, ანუ აფხაზების მიერ კონტროლირებად, ზოლში. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჰქონდა მართლაც კარგი შანსი განევითარებინა გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირების მოთხოვნა, კოდორის ხეობაში გაეროს მონიტორინგის აღდგენის სანაცვლოდ. გუდაუთის ბაზის ინსპექტირების მოთხოვნის დღის წესრიგიდან მოხსნა მას საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულებად მიაჩნია:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”გაგვიჩნდა მშვენიერი პირობა მოგვეთხოვა გუდაუთის ბაზის შემოწმება, სამართლიანი იყო ეს მოთხოვნა, მაგრამ უცებ გადათქვა და მოითხოვა ქვედა ზოლის მონიტორინგი, რასაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მომეჩვენა, რომ საქართველოს მხარე აიძულეს უარი ეთქვა გუდაუთის ბაზის ინსპექტირებაზე.”(სტილი დაცულია)


ასეა თუ ისე, საქართველოს მხარემ კოდორის ხეობის ზედა ზოლის მონიტორინგს მწვანე შუქი შერბილუბული პოზიციით აუნთო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხეობის მონიტორინგი 2003 წელს შეწყდა, რაც, თავის მხრივ, შეიარაღებული პირების მიერ გაეროს დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმნის გატაცებამ განაპირობა.
XS
SM
MD
LG