Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა მეთვალყურეთა ინსტიტუტი არჩევნების ობიექტურობის საზომი?


5 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი რაოდენობით საერთაშორისო მეთვალყურეთა ჩამოსვლა არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტია იქნება.

თუმცა საკითხავია, მოასწრებენ კი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები შემჭიდროებულ ვადაში რეგისტრაციაში გატარებასა და არჩევნებისათვის სათანადოდ მომზადებას? საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებამდე 35 დღით ადრე, ანუ 31 აგვისტოს, იწურება არასამთავრობო ორგანიზაციების სამეთვალყურეო დოკუმენტაციისა და მეთვალყურეთა სიების რეგისტრაციის ვადა. გარდა ამისა, დროის სიმწირის გამო, ექსპერტები კიდევ უფრო სკეპტიკურად უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციების სამეთვალყურეო მისიათა ჩამოსვლის პერსპექტივას. რამდენად არის მეთვალყურეთა ინსტიტუტი არჩევნების ობიექტურობის საზომი და როგორია არჩევნების სამართლიანად ჩატარების პერსპექტივა?

ორიოდე თვის წინ საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაციამ საარჩევნო საკითხებისადმი მოქალაქეთა დამოკიდებულების შესწავლისას გამოავლინა, რომ რესპონდენტთა შთამბეჭდავად დიდი რაოდენობა - დაახლოებით 90 პროცენტი - დამოუკიდებელი საარჩევნო მონიტორინგის მომხრეა. „მონიტორინგი აუცილებელია საარჩევნო გაყალბების თავიდან ასაცილებლად,“ - მიიჩნევს გამოკითხულთა 38 პროცენტი, ხოლო რესპონდენტთა კიდევ ერთი მესამედი შიშობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, კვლავაც გაყალბდეს. საინტერესოა, როგორი მოლოდინი აქვთ თბილისელებს 5 ოქტომბრის არჩევნების წინ.

[მამაკაცის ხმა] „ხალხისთვის დღეს არავინ ფიქრობს - არც საკრებულო, არც მერი და არც პრეზიდენტი..“

[მამაკაცის ხმა] „ხომ გაგიგიათ სიმღერა “სოფლის შენებას რა უნდაო”?! რა უნდა და დრო. არჩევნებიც გაყალბდება, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე ყალბდებოდა.“

[ქალბატონის ხმა] „აზრი არ აქვს. ჩვენ გინდა მივიდეთ და გინდა არა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ უნდათ.“

[ქალბატონის ხმა] „აუცილებლად გააყალბებენ, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ბოლო დროს მუშაობის სტილი შეცვალა.“

თბილისელი ქალბატონის ამ მოსაზრებას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი სამყურაშვილი, რომლის თქმითაც, სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ დაუსვა წერტილი არჩევნების გაყალბებას საქართველოში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი.

[რატი სამყურაშვილის ხმა] „გაყალბების საჭიროება ჩვენ არ გვაქვს. ის, რომ ვინმე ჩვენს რეიტინგზე ლაპარაკობს და თითქოს სხვა პარტიების რეიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე მაღალია, უბრალოდ, სასაცილოა.“ (სტილი დაცულია)

არჩევნების სამართლიანად ჩატარების პირობას იძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. გურამ ჩალაგაშვილი ამტკიცებს, რომ ტექნიკურ საკითხთა დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია, ორიოდე დღეში კი საუბნო კომისიების დაკომპლექტებაც დასრულდება:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ჩვენ გახლავართ სრულ მზადყოფნაში, რომ ჩავატაროთ არჩევნები ისე, როგორც დადგენილია კანონებით და როგორც ამას ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები.“ (სტილი დაცულია)

თუმცა ოპოზიციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებებისა არ სჯერა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი, არჩევნების სამართლიანად ჩატარების წინაპირობად საზოგადოებისა და სამეთვალყურეო მისიების აქტიურობას მიიჩნევს. ხიდაშელის თქმით, ხელისუფლებამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიების გარდა, პრობლემები ადგილობრივ და საერთაშორისო მეთვალყურეებსაც შეუქმნა:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „მათ აქვთ ძალიან მცირე ვადა, რათა წარადგინონ დამკვირვებელთა სიები და ეს უნდა მოხდეს არჩევნებამდე 35 დღით ადრე, ანუ ორ დღეში. კიდევ უფრო მეტი პრობლემა ექნებათ უცხოელებს. ვისაც უმუშავია უცხოურ ორგანიზაციებთან, იმან იცის, თუ როგორ მუშაობს იქ ბიუროკრატიული აპარატი ფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. თუ რამე სასწაული არ მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია 5 ოქტომბრისთვის დიდი უცხოური მისიების ჩამოსვლა. თუ მე შევცდი, ეს იქნება თავდადების ტოლფასი ქმედება მათი მხრიდან, თუმცა მე დიდი იმედი არ მაქვს.“

არადა, როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი“ თამარ ჟვანია აცხადებს, უცხოელი მეთვალყურეების სიმცირე უთუოდ პოვებს ასახვას საარჩევნო პროცესზე, მის გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზე:

[თამარ ჟვანიას ხმა] „ძალიან დიდი მნიშნვნელობა აქვს საერთაშორისო მეთვალყურის ყოფნას უბანზე. ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანას შეიძლება შეექმნას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნების შედეგად, ის არის, რომ საერთაშორისო არენაზე, არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამო, გაუფუჭდება იმიჯი, დაკარგავს ინვესტიციებს, ურთიერთობას სხვადასხვა სახელმწიფოებთან... ანუ არ იქნება აღიარებული ისეთი ტიპის ქვეყნად, რომელთანაც შეიძლება თანამშრომლობა და ურთიერთობა.“

თამარ ჟვანიას თქმით, საერთაშორისო მეთვალყურეთა ინსტიტუტი არჩევნების ობიექტურობის იდეალურ საზომად არ გამოდგება, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ უცხოელი მეთვალყურეების აქტიურობითა და ყურადღების კონცენტრირებით ერთიორად გაიზრდება არჩევნების სამართლიანად ჩატარების პერსპექტივა, რასაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, ოპოზიციური პარტიები ჯერჯერობით ვერ ხედავენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG