Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი სექტემბრიდან საქართველოში საბაჟო გადასახადები მცირდება


პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საბაჟო განაკვეთების შესახებ.



ეს იმას ნიშნავს, რომ 30-დან 12-მდე მცირდება საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის საბაჟო გადასახადის მაქსიმალური ზღვარი, ხოლო უმრავლეს პროდუქციაზე ის, საერთოდ, 0-ს უტოლდება. ასევე 16-დან 3-მდე მცირდება საბაჟო განაკვეთების რაოდენობაც. რას ნიშნავს ეს ახალი ცვლილებები, რა უარყოფითი და დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?

ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას საბაჟო გადასახადების შემცირებისა თუ გაუქმების შესახებ მოწინააღმდეგეები არამარტო ოპოზიციაში გამოუჩნდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიშობდა, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადების შემცირება და, უმეტეს შემთხვევაში, განულება ადგილობრივ მეწარმეებს დააზარალებდა. ამ პოზიციის მქონე დეპუტატებს შორის იყო ვიცე-სპიკერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი:

[ჯემალ ინაიშვილის ხმა] ”ჩვენ გვმართებს დაფიქრება, ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ მდგომარეობა, რათა თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება შეექმნას ჩვენს გლეხს და იმ ხალხს, რომლებიც არიან დაკავებულნი სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, კვების მრეწველობაში და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ჯემალ ინაიშვილისა და სხვა დეპუტატების პოზიცია მთავრობამ ნაწილობრივ გაითვალისწინა და 12 პროცენტიანი საბაჟო განაკვეთი დატოვა სოფლის მეურნეობის ზოგიერთ პროდუქციაზე, მაგალითად, ხორბლის ფქვილზე, ხილის წვენებსა და ჩაიზე. მიმდინარე წლის ბოლომდე 5 პროცენტიანი განაკვეთი დარჩება საამშენებლო მასალებსა და ზოგიერთი სახეობის მზა პროდუქციაზე. 2007 წლის იანვრიდან 12 პროცენტიანი ყველა საბაჟო განაკვეთი 5-მდე შემცირდება, 2008 წლიდან კი 5 პროცენტიანი გადასახადიც განულდება.

უკვე 1 სექტემბრიდან ნულოვანი საბაჟო განაკვეთით ისარგებლებენ იმპორტირებული მანქანა-დანადგარები, ხე-ტყე, კინოპროდუქცია, მატყლის, ტყავის, ბეწვეულისა და სხვა სახის ნედლეული, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალები, ფართო ასორტიმენტის ელექტროტექნიკა და მოწყობილობები თუ დეტალები - პროდუქციის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”პრაქტიკულად პროდუქციის უმეტესი ნაწილი, რაც კი შემოდის საქართველოში, დაახლოებით 80 პროცენტი, არის განულებული. ანუ მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის უფრო იაფად შეძენა და ნაკლები ფულის დახარჯვა. მწარმოებლისთვის ეს არის იაფი ნედლეული. თუ ის რაღაც პროდუქციაში იხდიდა 12 პროცენტს, ამ შემთხვევაში მას აღარაფრის გადახდა არ მოუწევს.”(სტილი დაცულია)

ეს არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე. მისი თქმით, გადაწყდა საბაჟო განაკვეთების შემცირება საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, რათა უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ახალი საწარმოების გახსნის ინტერესი გაუჩნდეთ. მოგებული დარჩება ქართველი მომხმარებელიც, რომელიც მაღალხარისხიან იმპორტირებულ უცხოურ პროდუქციას შეიძენს გაცილებით იაფად, ვიდრე ეს აქამდე იყო. ახალი ცვლილებებით დაზარალებული დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც წელს 47 მილიონი, ხოლო 2007 წელს 160 მილიონი ლარი დააკლდება:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ეკონომიკის განვითარების კვალობაზე იზრდება გადასახადების ამოღება და ამით მოხდება ამის კომპენსირება. ვფიქრობთ, რომ ღირს ამ 160 მილიონის მიღებაზე უარის თქმა იმის სანაცვლოდ, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უფრო იაფი პროდუქცია და მწარმოებელს ჰქონდეს უფრო იაფი ნედლეული და, შესაბამისად, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ის საქართველოს თუ სხვა ბაზრებზე.”(სტილი დაცულია)

მსგავსი ნულოვანი საბაჟო განაკვეთების რეჟიმით უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს დსთ-ს ქვეყნებიდან, მათ შორის, რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია.
XS
SM
MD
LG