Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა მარიამობა დღითა და გაზეთ ”ახალ თაობაში” ლეიბორისტ შატბერაშვილის ხილვით დაიწყო: ”ხელისუფლება შალვა ნათელაშვილის დაპატიმრებას გეგმავს” - აუწყებდა მკითხველს გაზეთი.

გარდა ამისა, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თვალსაჩინო წევრი, სოსო შატბერაშვილი, აცხადებდა: ”ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ აქტიურ ბოიკოტს. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, საერთოდ არ მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ჩვენი მიზანი არა მარტო არჩევნების ბოიკოტირებაა, არამედ ადგილობრივი არჩევნების ჩაშლა.”

გამოხდა ხანი და უკვე მეორე დღეს ”ახალი თაობა” წერდა: ”ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მოულოდნელად ლეიბორისტები მივიდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავეს. იცვლიან თუ არა ლეიბორისტები ადგილობრივი არჩევნების წინ პოზიციას, ეს დღეს გახდება ცნობილი.” - ამ სიტყვებს სამშაბათის გაზეთში წაიკითხავდით.

გაზეთი ”ახალი ვერსია” კი ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური ოპოზიციის პერსპექტივაზე მსჯელობდა, ზოგადად: ”ცალ-ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში ყველას შანსები ძალიან დაბალია. რაც მთავარია, არჩევნებისთვის ძალიან დიდი ფულია საჭირო. ოპოზიციურ პარტიებს არც ამ მხრივ აქვთ თადარიგი დაჭერილი. ფიქრობდნენ, რომ დეკემბრამდე რამეს იშოვიდნენ, თანაც დიდ ფულს ბადრი პატარკაციშვილისგან ელოდნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ესეც გათვალა, რადგან თუ პატარკაციშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდა და მერობის კანდიდატი გახდებოდა, ოპოზიციას გამარჯვების მეტი შანსი გაუჩნდებოდა. დღეს კი, მცირე დროის გამო, შესაძლოა, პატარკაციშვილმა აღარ გარისკოს და ოპოზიციის დონორობაზე უარი თქვას. ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი ხედვა აქვს, ზოგი არჩევნების ბოიკოტისაკენ იხრება, ზოგი კოალიციის შექმნისაკენ და ზოგიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირება დამოუკიდებლად ჯობს. როგორც ჩანს, კრილოვის ცნობილი არაკი ყველას დაავიწყდა და მძიმე ტვირთის გაწევას ყველა სწორედ ცალ-ცალკე შეეცდება,” - წერდა ”ახალი ვერსია”.

გასულ კვირაში გაზეთმა “24 საათმა” გამოაქვეყნა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, რობერტ კრისტიანსენის, წერილი ”საქართველოში ინფლაციის შესახებ”. ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის მიზეზად ავტორი მიიჩნევს არა საქონლის რამდენიმე კონკრეტულ სახეობაზე,მათ შორის, ენერგორესურსებზე ფასების ზრდას, არამედ, ზოგადად, მოთხოვნის ზრდას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კერძო ბიზნესის, მოსახლეობისა და მთავრობის მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. 2005 წლის ზაფხულიდან ბანკებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს კრედიტების გაცემა. ვინაიდან კრედიტი ფართო ფულის ნაწილია, მისმა ზრდამ ფულის ზრდაც განაპირობა. გამოსავლად და ინფლაციის შემცირებისათვის აუცილებელ ნაბიჯად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში გვთავაზობს ფულის მიწოდების მნიშვნელოვან შემცირებას, რასაც, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოჰყვება. ამავდროულად, მისიის რეკომენდაციაა, შემცირდეს ბიუჯეტის დეფიციტი, რაც მიიღწევა ხარჯების შემცირებით და/ან შემოსავლების გაზრდით. სავალუტო ფონდი ურჩევს მთავრობას, ბიუჯეტის დეფიციტი 211 მილიონი ლარით შეამციროს. ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად.”

ორიოდე ცნობა შაბათის, 2 სექტემბრის, პრესიდან. გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება, რომ ”ცხინვალში ”საპრეზიდენტო არჩევნების” თარიღი გამოაცხადეს - 12 ნოემბერი. თანდათანობით იკვეთება რამდენიმე პოტენციური კანდიდატი და ასევე იკვეთება კიდევ ერთი გარემოებაც - ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი კოკოითის შემცვლელად თავ-თავის კანდიდატებს ამზადებენ. “რეზონანსის” ინფორმაციით, ოქრუაშვილი რუსეთის სხვადასხვა სახელისუფლებო წრეებთან მართავს მოლაპარაკებას, რათა ცხინვალის ხელისუფლების პრეზიდენტად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი გაიყვანოს. ეს, შესაძლოა, გაძნელდეს, რადგანაც მოსკოვში კოკოითის ყველაზე მისაღებ ალტერნატივად ბორის ჩოჩიევი მიაჩნიათ. ვანო მერაბიშვილის კანდიდატი კი ცხინვალში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კაბესოვია, რომელსაც ნათელმირონობა აკავშირებს ”აგარის შაქრის” გენერალურ დირექტორთან, გოჩა ძასოხოვთან”.

2 სექტემბრის ”საქართველოს რესპუბლიკა” კი შეუძლია გადაფურცლოს იმან, ვისაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ვინაობა და ქულები აინტერესებს. თუმცა ნუსხა არასრულია - ის იტევს მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის პირველკურსელთა სახელებს.
XS
SM
MD
LG