Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური დათბობა ევროპაში გაზაფხულის ადრე დადგომას იწვევს. სწორ აზრს გვიქმნის ადამიანზე მისი ფოტოსურათი?


ევროპის 20-მდე სახელმწიფოში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად,

გაზაფხული აქ ექვსიდან რვა დღემდე უფრო ადრე დგება, ვიდრე 30 წლის წინ. ამ ცვლილებას გლობალურ დათბობას მიაწერენ, რომელიც გავლენას ახდენს მცენარეებსა და ცხოველებზე. მეცნიერები შიშობენ, რომ ზოგიერთი სახეობა ამ გავლენას შეიძლება ვერც კი გადაურჩეს.
ესპანეთში ცხელა. საქართველოს მსგავსად, ესეც სამხრეთის ქვეყანაა, სადაც წელს გაზაფხული ორი კვირით ადრე დადგა. ევროპის კონტინეტზე შემოდგომა, საშუალოდ, სამი დღით გვიან მოდის. ზემოხსენებული გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორია ტიმ სპარკსი, რომელიც ბრიტანეთის ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრში მუშაობს. ტიმ სპარკსის თანახმად, მცენარეთა და ცხოველთა არაერთ სახეობას უწევს ამ შეცვლილ პირობებს შეეგუოს:

(სპარკსის ხმა)
“ჩვენ დავაკვირდით მუხის ხეებს და მათზე მცხოვრებ მუხლუხებს, რომლებიც ამ ხით იკვებებიან, და ფრინველებს, რომლებიც თავიანთ ბარტყებს კვებავენ მუხლუხებით. ზოგიერთ უჩვეულო წელიწადში გაზაფხულის ძალიან ადრე მოსვლას მუხლუხების სწრაფი განვითარება მოჰყვა. ჩიტები ვეღარ ახერხებდნენ მუხლუხებით ეკვებათ თავი და ბარტყები. ამის შედეგად, იყო წლები, როცა ფრინველთა ამ სახეობის გამრავლება ძალიან შემცირდა.”

სპარკსი და მისი კოლეგები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამოც, რომ, ნაადრევი დათბობის მიზეზით, ზოგიერთი კულტურა ადრე მწიფდება და ზაფხულის თვეებში საკმარის ტენს ვერ იღებს. გამოკვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთის ევროპულ ნაწილში. მაგრამ სპარკსი ფიქრობს, რომ ანალოგიური ვითარებაა რუსეთის სხვა რეგიონებსა და შუა აზიაშიც.

(სპარკსის ხმა)
“ჩემი აზრით, მსგავსი ცვლილებები უნდა იყოს მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. იაპონიის მაგალითს მოვიყვან. იქ ხეები ნაადრევად ყვავის და შემოდგომა გვიან მოდის. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში კი ფრინველების მიგრაციის თაობაზე იუწყებიან. ამიტომ ეს ცვლილებები, ჩანს, გლობალური ხასიათისაა.”

აქვე გეტყვით, რომ ამ პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს 17 მეცნიერი მონაწილეობს.


დღეს მინდა აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ერთ მიგნებაზეც გიამბოთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ ეხმარება ადამიანს ამა თუ იმ პირის შეფასებისას მის ფოტოსურათზე დაკვირვება.
მოგწონთ თუ არა ადამიანი, არის თუ არა ის კომპეტენტური, სანდო, აგრესიული, ამას ძალიან სწრაფად - წამის მეათედებში - მიხვდებით, თუკი მის პორტრეტს კარგად დააკვირდებით. შემდგომი ხანგძლივი დაკვირვება ამ შთაბეჭდილებას არ ცვლის, - დაასკვნეს პრინსტონში. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანმა ეს უნარი, სწრაფად შეაფასოს თავის წინ მდგომი, მემკვიდრეობით მიიღო პირველყოფილი წინაპრისაგან, რომელსაც, მართლაც, იმის სწრაფად გარკვევა უწევდა, მტერთან ჰქონდა საქმე თუ მოყვარესთან. მაგრამ არის კი ეს სწრაფი შთაბეჭდილება სწორი? ეს კითხვა კითხვადვე რჩება. პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული ამ კვლევის თანაავტორია ალექსანდერ ტოდოროვი. მისი განმარტებით, კვლევის მიზანი არ ყოფილა იმის დადგენა, თუ რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ასეთი შეფასება, თუმცა კი მაინც ამბობს, რომ მისი სისწორის გარანტიას ვერ იძლევა. მისივე თანახმად, ადრინდელი კვლევის მიხედვით, პირად მომხიბლაობას შეუძლია შთაბეჭდილებაზე გავლენა მოახდინოს:

(ტოდოროვის ხმა)
“მომხიბლავი ადამიანი უფრო კომპეტენტურად, სანდოდ და, საერთოდ, დადებითი თვისებების მქონედ გეჩვენებათ. ის უფრო ჭკვიანადაც შეიძლება მიიჩნიოთ. მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, არ არსებობს ურთიერთმიმართება სურათიდან მიღებულ შთაბეჭდილებასა და ტესტის შედეგად დადგენილ ადამიანის რეალურ გონებრივ მონაცემებს შორის.”

გარდა იმისა, რომ სწრაფი შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნა არ არის მთლიანად სანდო, ტოდოროვმა დაადგინა, რომ ზოგიერთი სახე მეტად კომპეტენტურად აღიქმება, სხვა კი - ნაკლებად. თავისი ადრინდელი კვლევების დროს მან შეძლო 70 პროცენტიანი სიზუსტით ეწინასწარმეტყველა აშშ-ის კონგრესის რამდენიმე არჩევნების შედეგები. ამ კვლევისას გამოკითხულ პირებს მხოლოდ კანდიდატთა სახეებს უჩვენებდნენ. აქვთ ჯორჯ ბუშს, ვლადიმირ პუტინს თუ ტონი ბლერს განსაკუთრებით კომპეტენტური ადამიანის სახეები? თუ იმდენად მომხიბლავები არიან, რომ ხალხს ისინი კომპეტენტურებად მიაჩნია? ამგვარი ვარაუდები პოლიტიკურ სფეროში, მოდით, სხვა გამოკვლევას მივანდოთ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG