Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგრძელდება თუ არა ინფლაციის ტენდენცია ადგილობრივი არჩევნების შემდეგ


დღეისათვის საქართველოში არსებული ინფლაციის დონე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება საქართველოში საერთაშორისო

სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის რობერტ ე. კრისტიანსენის წერილიდან, რომელიც მან პირველ სექტემბერს ქართულ პრესაში გამოაქვეყნა. ინფლაცია, მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უარყოფითი გავლენის გარდა, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასო, ნათქვამია კრისტიანსენის სტატიაში. ავტორი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას ინფლაციის შემცირებაზე იზრუნოს. ქართველი ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

”ინფლაცია, მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უარყოფითი გავლენის გარდა, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. არსებობს ბევრი სათანადო მაგალითი, რომელიც ადასტურებს, რომ ინფლაციის მატების დროს მცირდება ეკონომიკური ზრდა. ბიზნესწრეებში ინფლაცია იწვევს გაურკვევლობას და ამცირებს პროგნოზირების შესაძლებლობას. პროგნოზირების შესაძლებლობის შემცირებასთან ერთად კლებულობს ინვესტიციები. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას ამცირებს. გამოცდილება გვიკარნახებს, რომ ისეთი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, 6 პროცენტზე მაღალი წლიური ინფლაცია აფერხებს ეკონომიკურ ზრდას,” - ნათქვამია საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის რობერტ კრისტიანსენის წერილში.

საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, რომ აგვისტოს თვეში ინფლაციის 14,5 პროცენტიდან 13 პროცენტამდე შემცირება მოახერხეს და წლის ბოლომდე ინფლაციას ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანენ. ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის კომენტარი:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”სასურველი არის, რომ იყოს 6 პროცენტიანი ინფლაცია....
... საუბარი არის საინვესტიციო პროექტებზე, გზების მშენებლობებზე, სკოლების მშენებლობებზე...”

მთავრობის აქტივობა, მის მიერ განხორციელებული პროექტები რომ ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია, ამას, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ მალავენ. ტრადიციისამებრ, ეს აქტივობა კიდევ უფრო მატულობს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ასეა ახლაც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა უმუშევარი მოსახლეობა კერძო სექტორში 3 თვით სტაჟირებაზე მიამაგროს და ეს პრაქტიკა ბიუჯეტმა დააფინანსოს. ამ სოციალური პროექტისთვის სახელმწიფომ 26 მილიონი ლარი გამოყო. ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი ფულის მასის ბაზარზე გამოჩენა ინფლაციის ზრდას გამოიწვევს:

[ნოდარ კაპანაძის ხმა] ”მიმოქცევაში გამოდის ფული, რომელიც არსაიდანაა შექმნილი. არაემისიური წყარო სად არის ამ ფულის, რომლითაც ფინანსდება, გნებავთ, ეს სტაჟირების პროექტი, გნებავთ, სხვა სოციალური პროექტი, ვინაიდან არსაიდან წარმოქმნილი ფული გამოდის მიმოქცევაში.”(სტილი დაცულია)

ეს არის ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ კაპანაძე. იგი ”არსაიდან წარმოქმნილ ფულს”, ძირითადად, იმპორტირებული საქონლის გადასახადებიდან მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს უწოდებს.

ექსპერტებისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ მთავრობასთან ერთად, ეროვნული ვალუტის გამყარების გზით, ინფლაციის შემცირებას შეძლებს:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ლარი გამყარდა და ეს ტენდენცია, ბუნებრივია, იქნება შენარჩუნებული...
...ლარის გამყარება, სავალუტო ფონდის აზრით, მნიშვნელოვანია ინფლაციის შემცირებისათვის.”

ინფლაციის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობას სწორედ ეროვნული ვალუტის მასისა და ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ურჩევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ფონდის მისიის ხელმძღვანელი რობერტ კრისტიანსენი კი დასძენს, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯები იქნება. გადადგამს თუ არა მოახლოებული არჩევნების წინ ამ არაპოპულარულ ნაბიჯებს და შეამცირებს თუ არა საბიუჯეტო ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება, ეს ოდნავ მოგვიანებით, წლის ბოლოს, ინფლაციის დონის განსაზღვრისას, გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG