Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეიცვალა არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობის წესი


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 სექტემბრის დადგენილებით, ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები 5 ოქტომრის ადგილობრივ არჩევნებში

მონაწილეობას მიიღებენ ერთიანი საარჩევნო სიის მიხედვით. ხმის მიცემისას მათ არ დასჭირდებათ პირადობის მოწმობა ან პასპორტი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას სამხედრო ბილეთით შეძლებენ. ამ გადაწყვეტილებას კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ხოლო თუ რატომ, ამას ჩემი მასალიდან შეიტყობთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნომერი ოცდახუთი დადგენილება გაასაჩივრა. ამ ორგანიზაციის იურისტი კახა სოფრომაძე ფიქრობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია:

[კახა სოფრომაძის ხმა] ”ცენტრალური საარჩევნო კომისიის 25-ე დადგენილებით, სამხედროები პირდაპირ მიეწერება მაჟორიტარულ უბნებს და ყველა სამხედრო მოსამსახურე გადაწყვეტს ადგილობრივი მაჟორიტარის ბედს, ანუ შეიძლება სხვა რაიონის ადამიანმა მეორე რაიონის ადამიანის ბედი გადაწყვიტოს. მართლა არარეალურია, რომ კახელმა ადამიანმა ფოთელი ადამიანის ბედი გადაწყვიტოს.”(სტილი დაცულია)

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სამხედრო მოსამსახურემ ხმა უნდა მისცეს სპეციალური სიით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით კი, სამხედრო მოსამსახურე ჩვეულებრივ საერთო სიაში რეგისტრირდება და კენჭს უყრის იმ რაიონის მაჟორიტარ კანდიდატს, რომელ რაიონშიც მისი ნაწილია დისლოცირებული. ამ გადაწყვეტილების მიზეზების განმარტება ვთხოვე ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელს იოსებ თათარაშვილს. მან ჩემ მიერ დასმულ შეკითხვას კითხვითვე უპასუხა:

[იოსებ თათარაშვილის ხმა] ”თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ: იმ პიროვნებამ, რომელიც აყვანილია საკონტრაქტო სამსახურში და რომელიც იმ საარჩევნო ოლქში არის დისლოცირებული 5 წლის მანძილზე, ხმა სად უნდა მისცეს? ანუ უნდა მისცეს იქ, სადაც არის დისლოცირებული.”(სტილი დაცულია)

”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე უკანონო გადაწყვეტილებაც მიიღო. კერძოდ კი, სამხედრო პირს უფლება აქვს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ბილეთის და არა პირადობის მოწმობის ან პასპორტის საფუძველზე. მიღებულ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ღონღაძე ასე განმარტავს:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”იმ პერიოდში, სანამ ისინი არიან სამხედრო სამსახურში, მათ ჩამოერთმევათ პირადობის მოწმობები და ურიგდებათ პირადი ნომრები, რომელიც აქვს თითოეულ ჯარისკაცს. მეორე მხრივ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ადამიანს არა აქვს უფლება ხმა მისცეს პირადი ნომრის გარეშე. დილემის წინაშე ვდგავართ: ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.”(სტილი დაცულია)

საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ამ წინააღმდეგობის დაძლევა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით სცადა. ამით კი კანონი დაირღვა, ფიქრობს ”სამართლიანი არჩევნების” ლიდერი თამარ ჟვანია:

[თამარ ჟვანიას ხმა] ”ეს გადაწყვეტილება უფრო საეჭვო და საკმაოდ ცუდის მომტანი შეიძლება იყოს. ეს არის ცსკო-ს უფლებამოსილებების გადამეტება და ამას ჩვენი სასამართლო, იმედია, სწორად განმარტავს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.”
XS
SM
MD
LG