Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში შიშობს, რომ ამერიკა “ჯერ კიდევ არ არის საფრთხისაგან დაცული”


5 სექტემბერს, ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამერიკელებს შეახსენა, რომ მათ ჯერ კიდევ ემუქრებათ

საფრთხე ტერორისტებისაგან და რომ მისი მთავრობა მტრის განადგურებას გეგმავს. მაშინ როცა სულ უფრო ცოტა დრო რჩება კონგრესის ნოემბრის არჩევნებამდე, რომელზეც ფავორიტი, როგორც ჩანს, ოპოზიციური დემოკრატიული პარტია იქნება, პრეზიდენტ ბუშის მესიჯის ქვეტექსტი მსგავსია იმისა, რაც მას 2004 წელს ხელმეორედ არჩევაში დაეხმარა: შუაგულ ომში ამერიკელებმა ხმა არ უნდა მისცენ ცვლილებას. მაგრამ რამდენად მიიღებენ კვლავ ამ მესიჯს ამერიკელები? მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ პრეზიდენტ ბუშის მიმართვასა და გამოხმაურებაზე.


5 სექტემბერს ვაშინგტონში, ამერიკელი სამხედროების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მიღწეულია არსებითი პროგრესი, მაგრამ შეშფოთებით აღნიშნა, რომ მტრებიც ძლიერდებიან და ისევე საშიშნი არიან, როგორც აქამდე იყვნენ:

[ჯორჯ ბუშის ხმა]“ხუთი წლის შემდეგაც იმ დღიდან, როცა ჩვენს ქვეყანას თავს დაესხნენ, ტერორიზმის საფრთხე არსებობს. ჩვენი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები ამ ომში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ურყევი შემართებით ვიბრძვით.”


ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა საზეიმოდ გამოაცხადა თეთრი სახლის განახლებული ანტიტერორისტული სტრატეგია. ხუთმუხლიანი გეგმა ითვალისწინებს მტრებზე შეტევას საზღვრებს გარეთ, რათა მათ არ მიეცეთ ქვეყნის შიგნით მოქმედების საშუალება, დემოკრატიისა და თავისუფლების განვრცობა, პოტენციური ტერორისტების დაძაბუნება და პრევენციული ზომების გატარება, რათა მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდეს დიქტატორული ქვეყნების ხელში.
პოტენციურ საფრთხეზე საუბრისას ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტები და სხვა ფაქტები “მტრის ჩანაფიქრს” ამჟღავნებენ:

[ჯორჯ ბუშის ხმა]“ალ ყაიდის ლიდერები იმედოვნებენ, ახლო აღმოსავლეთში გაავრცელონ ძალისმიერი პოლიტიკური უტოპია, რომელსაც ისინი ხალიფატს უწოდებენ და რომელშიც ყველაფერი მათ სიძულვილით აღსავსე იდეოლოგიას დაემორჩილებოდა. 11 სექტემბრის შეტევას ოსამა ბინ ლადენმა უწოდა "დიდი ნაბიჯი მუსლიმების გაერთიანების გზაზე ჭეშმარიტი ხალიფატის შესაქმნელად.”


გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ახსენა ჰისბოლაჰიც, რომელიც, მართალია, ჯერ თავს არ დასხმია ამერიკას, მაგრამ რომელიც უამრავი ამერიკელის მკვლელობაშია დამნაშავე. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ მსოფლიო ნებას არ მისცემს ირანს შექმნას ბირთვული იარაღი.
ჯორჯ ბუშის სიტყვა ვაშინგტონში აღქმული იქნა როგორც ოფიციალური წინასარჩევნო კამპანიის გახსნა კონგრესის საშემოდგომო არჩევნების წინ და, შესაბამისად, ოპონენტების მხრიდან კრიტიკამაც არ დააყოვნა.
კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატთა ლიდერმა ჰარი რიდმა განაცხადა, რომ სწორედ ბუშია დამნაშავე იმაში, რომ ეროვნული უსაფრთხოება შესუსტდა:



[ჰარი რიდის ხმა]“ყოველდღე მადლიერებას ვგრძნობ იმისთვის, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენში დიდი ტერაქტი აღარ მომხდარა. მაგრამ ფაქტი ჯიუტია და, როგორც 11 სექტემბრის შესახებ ანგარიშიც ცხადყოფს, ადმინისტრაციამ მასში გამოთქმული რეკომენდაციების განხორციელებაც კი ვერ მოახერხა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო შესწორებები პორტების უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ქიმიური და ბირთვული საწარმოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სხვა, კენჭისყრისას უარყოფილ იქნა პარტიული პოლიტიკური მოსაზრებებით. ასე რომ, ბედი გვიღიმის, რომ შეერთებულ შტატებში არ ხდება მსხვილი ინციდენტები, მაგრამ სულაც არ ვართ ისე დაცულნი, როგორც უნდა ვიყოთ.”


თუ ამერიკელთა უმრავლესობა ამ სიტყვების ავტორივით იფიქრებს, მაშინ ჯორჯ ბუშს პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელიწადს ძალიან განსხვავებულ კონგრესთან მოუწევს მუშაობა. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამერიკელების უმრავლესობა კრიტიკულად არის განწყობილი ადმინისტრაციის მიმართ ეკონომიკის დაქვეითებისა და ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის გამო. 4 სექტემბერს ტელეკომპანაი “სი-ენ-ენ”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელთა 61 პროცენტი წინააღმდეგია ერაყის ომისა; 57 პროცენტი უარყოფითად არის განწყობილი პრეზიდენტ ბუშის მიმართ და აღარ ენდობა მას, როგორც ლიდერს. პოლიტიკის ანალიტიკოსები უკვე იმასაც ვარაუდობენ, რომ ბუშის რესპუბლიკური პარტია ნოემბრის არჩევნებში უმრავლესობას კონგრესის ორივე პალატაში დაკარგავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG