Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა დატვირთული იყო მოვლენებით. ესროლეს ვერტმფრენს, რომელშიც თავდაცვის მინისტრი იჯდა, დააპატიმრეს ადამიანები, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების მზადება ბრალდებათ,

მუშაობა დაიწყო და გადადო საქართველოს პარლამენტმა... პრესის მიმოხილვისას ჩვენც მივყვეთ მოვლენათა რიგს.

ოქრუაშვილი კოკოითისთვის არჩევნების შემდეგ მოიცლის, - წერდა გაზეთი “ახალი ვერსია” გასულ კვირაში. - ცხინვალის პრობლემის ”მოგვარებას” თბილისი პირველ იანვრამდე აპირებს. ყველაფერი, შესაძლოა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ერთი ანტიკრიმინალური ოპერაციით დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში რუსეთს ”კეთილი ნების” გამოჩენა და გვერდზე გადგომა მოუწევს. სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვერტმფრენის ჩამოგდების მცდელობა ტერორისტულ აქტად უკვე შეფასდა. თუმცა კოკოითის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის მიმართ დასავლეთის გაღიზიანება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სეპარატისტებმა საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ვერტმფრენის ჩამოგდებაც სცადეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, რომ მეამბოხე რეგიონზე კონტროლის აღდგენაში მოსკოვმა თბილისს ხელი არ შეუშალოს, - ვარაუდობდა “ახალი ვერსია”.

გაზეთი “24 საათი” გასულ კვირაში წერდა საგადასახადო-საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის გაერთიანების შესახებ. გაზეთი იმოწმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომ ეს რეფორმა მეწარმეს გაუმარტივებს ურთიერთობებს ქვეყნის ფისკალურ სამსახურებთან, გაიზრდება გადასახადის გადახდის კულტურა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს გაუადვილდება ადმინისტრირების განხორციელება. ამ გაერთიანებით იქმნება ახალი მძლავრი უწყება, რომელიც თავისი ძალაუფლებით მინისტრთა კაბინეტში, ძალოვანი უწყებების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. რაც უფრო ცოტა უწყება შეამოწმებს ბიზნესს, მისი განვითარების პერსპექტივა მით უფრო მეტად გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, ამ შემთხვევაში მთავარია, ფინანსურმა პოლიციამ დაკარგოს ძირითადი მაკონტროლებლის ფუნქცია და ახალი საგადასახადო ადმინისტრაციის მუშაობა ეფექტიანი გახდეს. ბუნებრივია, დიდი გაერთიანების პროცესი ფისკალურ უწყებაში მშვიდად ვერ ჩაივლის, რადგან ბიზნესის მაკონტროლებლებს შორის ძალაუფლების გადანაწილება და საკადრო საკითხები მტკივნეული თემებია, - ასკვნიდა “24 საათი”.

წინასაარჩევნო თემატიკას უძღვნიდა პუბლიკაციებს გაზეთი ”ახალი თაობა”. ის აუწყებდა მკითხველს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკი, სახელწოდებით “დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი”. ”ჩვენი ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით. დაახლოებით 60 ქალაქსა და რაიონში გვექნება ერთიანი სია, ერთიანი კანდიდატები” - განაცხადა, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ”პოლიტიკოსისთვის უმჯობესია, დატოვოს თანამდებობა, მაგრამ შეინარჩუნოს ხალხის ნდობა. სწორედ ამიტომ დავტოვე პარლამენტი, რათა დავრწმუნდე და საზოგადოებასთან ერთად მოვიდე ადგილობრივ ხელისუფლებაში და ზოგადად ხელისუფლებაში” - ეს უკვე კობა დავითაშვილის სიტყვებია. ”მინდა განვაცხადო, რომ ჩემი მიზანი დღეს ხელისუფლების დამარცხებაა. მე უკან დახევა არ მჩვევია. ეს თქვენთვისაც ცნობილია და საზოგადოებისთვისაც. ჩემს კანდიდატურას დავაყენებ იმ რაიონში, რომელშიც თავის კანდიდატურას წამოაყენებს გიგი უგულავა. ყველამ გაიგოს, რომ თბილისელები, მთაწმინდელები, ქართველები მონობის უღელს არ დაიდგამენ - ”ახალი თაობის” თანახმად, ამას ლეიბორისტი ჯონდი ბაღათურია ამბობს.

დაბოლოს, კვირის მთავარი თემის, იგორ გიორგაძის მომხრეთა დაპატიმრების, ძიებისა და სასამართლო პროცესის შესახებ წერს შაბათის, 9 სექტემბრის, გაზეთი ”რეზონანსი”. ”ამბოხების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მოძრაობა “ანტისოროსის” ლიდერმა, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამბოხებაში ბრალდებულმა მაია ნიკოლეიშვილმა კი დანაშაული აღიარა და, დაკავებულთა გარდა, შეთქმულებაში მონაწილე სხვა პირებიც დაასახელა - ელიზბარ ჯაველიძე და ირინა სარიშვილი. ”უნდა მოგვენახა 100-მდე სანდო ადამიანი, როემლიც შეიარაღებულ მოქმედებებში მიიღებდა მონაწილეობას. ამაზე თანხმობა განვაცხადე,” თქვა მაია ნიკოლეიშვილმა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან თავდებით გაათავისუფლეს. “რეზონანსი” წერს, რომ, სამართალდამცავთა ინფორმაციით, ნიკოლეიშვილმა აღიარა, რომ 4 მაისს საიდუმლო თათბირს ესწრებოდა, იქ ამბოხების გეგმაც განიხილეს, მაგრამ ირინა სარიშვილი და ელიზბარ ჯაველიძე გიორგაძის შეთავაზებულ გეგმას არ დაეთანხმნენ. სავარაუდოდ, ნიკოლეიშვილის აღიარების საფუძველზე, მათი დადანაშაულება მაქსიმუმ დანაშაულის მზადების დაფარვაში შეიძლება, რაც გაცილებით მსუბუქი მუხლია.
XS
SM
MD
LG