Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა 11 სექტემბრის ტერაქტების მეხუთე წლისთავს აღნიშნავს


დღეს ამერიკელები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ხუთი წლისთავს აღნიშნავენ.

ტერაქტებისა, რომელთაც 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა და რომლებიც ღმრმა ჭრილობად დარჩა ამერიკის საზოგადოების მეხსიერებაში. რამდენიმე საათში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტერაქტების ადგილების მონახულების შემდეგ სიტყვით მიმართავს ქვეყანას.

დღეს ნიუ იორკში, სადაც ხუთი წლის წინ ტერორისტებმა ორი ავიალაინერი დააჯახეს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორ შენობას, სახელმწიფო დროშები ნახევრად დაშვებულია.

პრეზიდენტი ბუში ესწრება რიგ ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის შეხვედრას მეხანძრეებთან, რომელთაც მრავალი კოლეგა და ამხანაგი დაკარგეს ალმოდებული ცათამბრჯენებიდან ხალხის გადასარჩენად ბრძოლისას.

კვირას ბუში წინასწარ ესტუმრა ნიუ იორკში იმ ადგილს, სადაც ხუთი წლის წინ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ტყუპი კოშკები იდგა. დაღუპულთა მემორიალის წინ მან ჟურნალისტებს უთხრა:

[ბუშის ხმა] "ჩვენ აქ გარკვეული დრო გავატარეთ და ამ ფანტასტიურ განსაწმენდელ ადგილზე ვუყურებდით საშინელ სცენებს. ამან შემახსენა, რომ მსოფლიოში ჯერაც არის მტერი, რომელსაც სურს კვლავ განახორციელოს ასეთივე დარტყმა."

დღეს ბუში ხელახლა ჩადის ნიუ იორკში და კიდევ ორ ადგილზე, სადაც ჩამოვარდა გატაცებული თვითმფრინავები.

ერთ-ერთია ვაშინგტონში პენტაგონის შენობა, რომლის ერთ-ერთ ფლიგელს დაატაკეს ტერორისტებმა თვითმფრინავი.
მეორე კი მინდორი პენსილვანიის შტატში, სადაც ჩამოვარდა ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი, მას მერე, რაც მგზავრები აუჯანყდნენ გამტაცებლებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით დილის 5 საათზე) გამოვა სიტყვით. როგორც მოსალოდნელია, იგი კვლავ გაიმეორებს, რომ გააგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

დღევანდელი წლისთავის წინადღეებში შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებები მაშინ, როცა ადმინისტრაციის პოლიტიკა საჯარო დისკუსიის საგანია.

ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა:

[ჩეინის ხმა] "ჩემის აზრით, ძალიან კარგად გავართვით თავი ტერორიზმისგან ქვეყნის დაცვის ამოცანას. ახლა 11 სექტემბრის მეხუთე წლისთავია და ამ ხნის მანძილზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავდასხმა აღარ განხორციელებულა. ეს მოხდა არა შემთხვევით, არამედ იმიტომ, რომ დიდი შრომა გავწიეთ. ვგულისხმობ შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ტერორისტების თვალთვალის პროგრამას, ფინანსური კვალის ძებნას და პატიმართა მიმართ პოლიტიკას."

ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერები აკრიტიკებენ ვაშინგტონს იმისთვის, რომ ვერ მოხერხდა "ალ-ყაიდის" ლიდერის, ბინ ლადენის დაჭერა; და ძვირადღირებული სამხედრო კამპანიის დაწყებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება ბაღდადის პირდაპირი კავშირი 11 სექტემბრის მოვლენებთან.

სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჰარი რიდმა კვირას განაცხადა, "ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის გავლენამ ამერიკა ნაკლებ უსაფრთხო გახადაო."

ამ დღეებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბინ ლადენის მოადგილემ, აიმან ალ-ზავაჰირიმ თქვა, რომ მზადდება "ახალი მოვლენები".

11 სექტემბრის მეხუთე წლისთავს მსოფლიოს მრავალი ლიდერი გამოეხმაურა.

ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, მანუელ ბაროზუმ ორშაბათს აზიისა და ევროპის ლიდერების ჰელსინკის სამიტზე გამოსვლისას თქვა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრხო გახდეს:

[ბაროზუს ხმა] "ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რათა ნათელვყოთ, რომ მიუღებელია რელიგიის გამოყენება პოლიტიკური, დესტრუქციული მიზნებით. და რომ მულტილატერალური სახით გავაერთიანოთ ყველა ძალისხმევა ჩვენი თანამეგობრობისა და ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ამ საფრთხის მოსაგერიებლად."

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოვარდი კი გამოვიდა მოწოდებით, შეერთებული შტატების მეთაურობით გაგრძელდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ომი.

[ჰოვარდის ხმა] "ჩვენ იმისთვისაც ვიკრიბებით, რათა გავიმეოროთ ჩვენი დაპირება როგორც შეერთებული შტატების ხალხის მეგობრებმა და მოკავშირეებმა, მაგრამ ამავე დროს როგორც მსოფლიოს მოქალაქეებმა, რომ გავაგრძელებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას."

კვირას ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება პირადი ვიზიტით, ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა, რომ დღეს მსოფლიო თანაუგრძნობს 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებს.
XS
SM
MD
LG