Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის რესპუბლიკა ცხინვალს სამხედრო დახმარებას ჰპირდება?


გასული კვირის ბოლოს რუსეთისა და საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა,


რომლის თანახმადაც, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კადიროვი თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. საქმე ეხება 100 ათასი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და 50 ოსი მებრძოლის მომზადებას ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების ბატალიონის ბაზაზე. ვინაიდან ცნობები არ ეყრდნობოდა ოფიციალურ წყაროს, დავინტერესდი, თუ რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს.

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის სურვილი ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრ რამზან კადიროვს ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში გაუჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ “ჰუმანიტარულ შტურმს” რეალური საბრძოლო დაპირისპირება და მსხვერპლი მოჰყვა. მაშინ რუსეთის პრესა იუწყებოდა, რომ რამზან კადიროვი ცხინვალში 2000 მებრძოლის გაგზავნას გეგმავდა. ამჯერად, რუსეთის მედიის ცნობით, რამზან კადიროვი ცხინვალს საბრძოლო აღჭურვილობასა და რამდენიმე ათეული კაცის მომზადებას ჰპირდება. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმატებით აიტაცეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა, თუმცა თავად ჩეჩნეთში ასეთი ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ გახმაურებულა. ამაზე თავისი მოსაზრება აქვს რადიო “თავისუფლების” გროზნოს ბიუროს თანამშრომელს ასლანბეკ დადაევს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩეჩენი ხალხი ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს:

[ასლანბეკ დადაევის ხმა] “ მე მინდა ვთქვა, რომ თუ ხალხი საქმის კურსში იქნება, რომ არსებობს ასეთი განზრახვა, ჩეჩნეთი ჩაერიოს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ამ კონფლიქტში, მე არ ვფიქრობ, რომ ხალხში მოიძებნებიან ამ ინიციატივის მომხრეები, ვინაიდან ჩეჩნები, რომლებმაც ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში თავად გადაიტანეს ორი საშინელი ომი, არც ერთი პირობით არ დაუჭერენ მხარს არანაირ საომარ მოქმედებას - მით უფრო, სხვების კონფლიქტში ჩარევას.”

ასეთია ჩეჩენი ჟურნალისტის და, როგორც ასლანბეკმა გვითხრა, უბრალო ჩეჩნების დამოკიდებულება. მაგრამ საინტერესოა როგორია ამ ინფორმაციაზე თავად ოფიციალური ხელისუფლების რეაქცია. მე გროზნოში დავურეკე ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის ახმად კადიროვის პრესმდივანს ლემა გუდაევს და ვთხოვე სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლო სამხედრო დახმარების თაობაზე კომენტარი გაეკეთებინა. ლემა გუდაევმა მითხრა, რომ ასეთი ინფორმაცია პირველად ესმის და თანაც საჭიროდ მიიჩნია ხაზი გაესვა ქართველი და ჩეჩენი ხალხის ნათესაობისთვის:

[ლემა გუდაევის ხმა] “ უფრო მეტიც, ქართველი და ჩეჩენი ხალხი სულიერად, მენტალურად და ყველა სხვა პარამეტრით მონათესავე ხალხები არიან. ხოლო კომენტარი რომ გააკეთო იმაზე, თუ როგორ რეაქციას გამოიწვევდა, უნდა ფლობდე ინფორმაციას. მე კი მხოლოდ კიდევ ერთხელ შემიძლია გაგიმეოროთ, რომ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. და რასაც არ ვფლობ, იმაზე კომენტარის გაკეთება ძალიან სულელური საქმეა.”

მაშ, საიდან ჩნდება ინფორმაცია ჩეჩნეთის მხრიდან ცხინვალისთვის შესაძლო სამხედრო დახმარებაზე – ხან კონფლიქტის ზონაში ჩეჩენი მებრძოლების, ხანაც იარაღის გაგზავნას რომ გულისხმობს? ჩეჩენი ჟურნალისტი ასლანბეკ დადაევი არ გამორიცხავს, რომ ჩეჩნეთში იყვნენ ისეთი ძალები, რომლებიც უარს არ იტყვიან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძოლონ:

[ასლანბეკ დადაევის ხმა] “არსებობს ძალოვანი სტრუქტურების, რუსეთის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონები, რომლებიც ჩეჩნებით არის დაკომპლექტებული. ამ ბატალიონებში, მართლაც, არის განწყობა, წავიდნენ და იბრძოლონ ნებისმიერ ტერიტორიაზე, რადგან ისინი ამბობენ, რომ გაცილებით იოლია სხვის ტერიტორიაზე ბრძოლა, ვიდრე საკუთარ სახლში.”

კავკასიელი ხალხების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ ომში რუსეთის პოლიტიკის ნაცნობი ხელწერაა. 14 წლის წინ ქართულ-აფხაზურ ომში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის გასამხედროებული ბატალიონი, რომელსაც ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა. ჩეჩნეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა თავის დროზე ჩეჩენთა მონაწილეობას საქართველოს შიდა კონფლიქტში შეცდომა უწოდა და ამბობენ, რომ ბოდიშიც მოიხადა. შამილ ბასაევი კი, როგორც რუსეთის ნომერ პირველი ტერორისტი, ივლისის დასაწყისში, “ფე-ეს-ბეს” მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ინგუშეთის ტერიტორიაზე მოკლეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG