Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები თბილისის მერის წინააღმდეგ - გიგი უგულავა არჩევნებში პარტიული სიით მონაწილეობს


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ გაირკვა, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა მაჟორიტარულ არჩევნებში

მონაწილეობას არ მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მმართველი პარტიის კრიტიკის მორიგი საბაბი მისცა, თუმცა „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ გაერთიანებული ბლოკის მესვეურები მხოლოდ სიტყვიერ კრიტიკას არ დასჯერდნენ და სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის დადგენილება გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავამ ოპონენტებთან უშუალო დაპირისპირებას თავი აარიდა. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რას ფიქრობენ ოპოზიციის ლიდერები დედაქალაქის მერისა და მმართველი პარტიის საარჩევნო სტრატეგიაზე?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 9 სექტემბრის ნომერ 28-ე დადგენილების საფუძველზე, თბილისის მერს საშუალება მიეცა დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე მოხვდეს. არადა, სიების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მმართველი პარტიის ოპონენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 5 ოქტომბრის არჩევნებზე ბრძოლა უშუალოდ გიგი უგულავასთან მოუწევდათ:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „მთაწმინდის რაიონში დეპუტატის პოსტზე თბილისის სამარცხვინო მერს, უგულო და უსულო უგულავას, კონკურენციას გაუწევს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია.“

თუმცა, ცესკოს გადაწყვეტილების წყალობით, ჯონდი ბაღათურიას გიგი უგულავასთან გაჯიბრების საშუალება აღარ მიეცემა. კონკურენტის დაკარგვის გამო ლეიბორისტების რჩეულმა სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას მოქმედი მერის გარდაუვალი დამარცხება აშინებს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „ხელისუფლებამ გათვალა, რომ ეს იქნებოდა მძიმე ბრძოლა არა მარტო გიგისთვის, არამედ მთელი ხელისუფლებისთვის. ეს იქნებოდა არა მარტო გიგის მარცხი, არამედ მთელი ხელისუფლების, მათ შორის, ბოკერიასი, მერაბიშვილისა და მთელი ხელისუფლების. ამიტომ ხელისუფლებამ განარიდა გიგი ბრძოლის ველს და წავიდა უკანონობაზე - დაარღივია კანონი.“

კანონის დარღვევაში ჯონდი ბაღათურია ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ დადგენილებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც მაჟორიტარული არჩევნების სარეზერვო კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა პარტიული სიითაც შეუძლია. არადა, „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ გაერთიანებული ბლოკის ლიდერის, კობა დავითაშვილის, განმარტებით, საარჩევნო კოდექსში მსგავსი არაფერი წერია:

[კობა დავითაშვილის ხმა] „თბილისს ჰყავს მხდალი და მშიშარა მერი, რომელსაც შეეშინდა კენჭი ეყარა რომელიმე უბანში, რადგან არც ერთი უბნის მხარდაჭერის იმედი არა აქვს. სპეციალურად მისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის დარღვევით მიიღო დადგენილება, რომლითაც საშუალება მისცა ადამიანს, რომელიც არც ერთ ოლქში არ იყრის კენჭს, კენჭი იყაროს ეგრეთ წოდებული საკომპენსაციო სიით, რაც კანონის პირდაპირი და უხეში დარღვევაა.“

ოპოზიციური პარტიების ლიდერებისაგან განსხვავებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ეჭვი არ ეპარება, რომ 9 სექტემბერს მიღებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ადმინისტრაციას უფლებას აძლევს დადგენილებით დააზუსტოს ან დახვეწოს კანონში არსებული ესა თუ ის ორაზროვანი ნორმა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „კანონში არ არის მითითებული, რომ პარტიულ სიაში არ შეიძლება იყოს ის პიროვნება, რომელიც არ არის მაჟორიტარი. ვინც არის მაჟორიტარი კანდიდატი და ვინც არის ძირითად სიაში, რა თქმა უნდა, ისინი ყველანი არიან პარტიულ სიაში, მაგრამ, გარდა ამისა, ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს, ძირითადი კანდიდატების გარდა, 25 კაცი შეიყვანოს პარტიულ სიაში და ამ 25 კაციდან არც ერთი არ იყოს სარეზერვო კანდიდატი ან რამდენიმე იყოს.“

უნდა ითქვას, რომ „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ გაერთიანებული ბლოკის ლიდერებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ეს არგუმენტები არადამაჯერებლად ეჩვენათ, რის გამოც კობა დავითაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა ცესკოს დადგენილება თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მოსამართლემ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, 2006 წლის 9 სექტემბრის ნომერ 28-ე დადგენილებაში კანონთან შეუსაბამობა ვერ აღმოაჩინა. თინათინ ხიდაშელის კომენტარი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „სახელი და გვარები რომ ჰქონდათ, ის მოსამართლეები გაუშვეს. ახლა არიან ერთი სახელისა და გვარის მქონე მოსამართლეები - ადეიშვილები, მერაბიშვილები და ბოკერიები. ამიტომ გასაგებია, იქ რა გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა ყველა პროცედურა გავიაროთ და ვიყოთ სამართლებრივად მართლები ამ ხელისუფლებასთან, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურ ბრძოლაში და ვიბრძვით პოლიტიკური და სამართლებრივი მეთოდებით. ჩვენ არ გვინდა რევოლუცია და ამიტომაც ვმონაწილეობთ არჩევნებში, თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, ვნახოთ. ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG