Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რეფორმები არ გატარებულა 2006 წლის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარებულ საქართველოში


როგორც გაუწყეთ, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა.

ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების მიმოხილვის გვერდით არის იმ სფეროთა ანალიზიც, რომლებშიც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველო ჯერ კიდევ რჩება იმ ქვეყნების სიაში, სადაც გადასახადების გადახდა საკმაოდ რთულია, არ არსებობს გაკოტრების კანონმდებლობა და დაუცველია ინვესტიციები. რა რეფორმები არ გატარებულა 2006 წლის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში?

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშში სპეციალურადაა აღნიშნული ის ოთხი სფერო, რომელიც ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში ჯერ კიდევ რეფორმირების გარეშეა დატოვებული. მაგალითად, საქართველოს არასახარბიელო რეიტინგი აქვს, 175 ქვეყანას შორის 86-ე ადგილზეა, ბიზნესის დახურვის თვალსაზრისით. საერთაშორისო ექსპერტები გაკოტრების პროცესის რეფორმირებას მოითხოვენ.

ასევე არარეფორმირებულ სფეროთა შორისაა საგარეო ვაჭრობა, რაც, ძირითადად, საბაჟო სისტემის რეფორმირებასთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა საგადასახადო კოდექსი და შემცირდა გადასახადები, საქართველოში წელიწადში მინიმუმ 53 დღე მაინცაა საჭირო საგადასახადო ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ამ სფეროში საქართველო 104-ე ადგილზეა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის რეიტინგშიც საქართველო 135-ე პოზიციას იკავებს, ინვესტორების დაცვის სფეროა. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის განცხადებით, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული რეფორმები ხაფანგს ემსგავსება, თუკი საკუთრების უფლება კვლავ დაუცველი რჩება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ვერაფერი ბედენაა, თუკი ხაფანგში კარს დიდად გაგიღებენ. თუკი ამ ბიზნესგარემოში არაა დაცული მესაკუთრის უფლება, თუკი ბიზნესმენს არა აქვს გარანტია ფიზიკური უსაფრთხოების და არა აქვს გარანტია იმისი, რომ საკუთარ მოგებას ისე მოიხმარს, როგორც ეს მას სურს, რა მნიშვნელობა აქვს კარი ფართოა თუ შედარებით ვიწრო.”

ნიკო ორველაშვილის აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სასამართლოს რეფორმირება, მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშში კი აღნიშნულია,რომ საქართველოში უკვე მოქმედებს ისეთი სასამართლო სისტემა,რომელიც დადებული ხელშეკრულებების აღსრულებას უზრუნველყოფს.

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლება აპირებს უახლოეს მომავალში მოახდინოს საბაჟო სისტემის რეფორმირება, 2007 წლიდან ძალაში შევა ახალი საბაჟო კოდექსი, გაგრძელდება რეფორმები საბანკო-საფინანსო სფეროში და ამოქმედდება გაკოტრების ახალი კანონმდებლობა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”საქართველო კიდევ ერთხელ, ზედიზედ მესამედ, უნდა იყოს წამყვან რეფორმატორ...”

საქართველოს მთავრობის ამ ძალისხმევას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”თუ ნებისმიერი ცვლილება შეგვიძლია ჩავთვალოთ...”

როგორც ვხედავთ, ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი კრიტიკულად აფასებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარებას.
XS
SM
MD
LG