Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ რეგისტრირებულ კანდიდატთა სიები გამოაქვეყნა


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარ და სარეზერვო კონდიდატთა სიები.

საბოლოოდ გაირკვა, რომ 5 ოქტომბრისათვის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას ხუთი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი მიიღებს. ცესკომ, დარღვევების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ უთხრა „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ პარტიული სიის მეორე ნომერს, თინათინ ხიდაშელს, რომელიც კენჭს საბურთალოს ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ხიდაშელისგან განსხვავებით, რეგისტრაციაში გატარებულ მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში ვერ ამოიკითხავთ თბილისის მოქმედი მერის გვარს, თუმცა, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 5 ოქტომბერს გიგი უგულავა დედაქალაქის მერობისთვის აღარ იბრძოლებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც მისი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი განმარტავს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში ექვსივე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი სიები გაატარა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „რეგისტრაციაში გატარდეს შემდეგი პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარმოდგენილი პარტიული სიები: „თოფაძე,მრეწველები“, “საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია“, „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის სია“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი“, საარჩევნო ბლოკი „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, დარღვევების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელიც მიიღებს. გურამ ჩალაგაშვილის განმარტებით, სიების წარდგენისას შეცდომები სხვა პარტიათა წარმომადგენლებმაც დაუშვეს:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ცესკომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ მოეძებნა ყველანაირი გზა, რათა პარტიული სიები გატარებულიყო რეგისტრაციაში. გავიარეთ კანონის უკიდურეს ზღვარზე, თუმცა კანონი არ დაგვირღვევია.“

თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარეს ანა დოლიძეს, რომლის თქმითაც, კომისიამ პრინციპულობა ვერ გამოიჩინა, როცა 2006 წლის 9 სექტემბერს, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, გამოსცა ნომერი 28 დადგენილება. ლაპარაკია მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე მერად არჩევის შესაძლებლობაზე:
[ანა დოლიძის ხმა] „ერთი კონკრეტული დარღვევა არის ის, რომ მაჟორიტარული არჩევნების სიაში ვერ ვიხილეთ გიგი უგულავა. ეს არის ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა. კოდექსი ამბობს: მაჟორიტარი კანდიდატები აუცილებლად უნდა იყვნენ პარტიულ, ანუ პროპორციულ, სიაშიც.“

პასუხად გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა თბილისის საოლქო სასამართლომ დაამტკიცა, კომისიის წევრი ალექსანდრე ღონღაძე კი სულ სხვა სახის არგუმენტებს იშველიებს:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] „ჩვენი დადგენილებით, ყველა ძირითადი მაჟორიტარი აუცილებლად უნდა იყოს პარტიულ სიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა, ვინც არის პარტიულ სიაში, უნდა იყოს მაჟორიტარი. ანუ როცა წვიმს, ყოველთის მოღრუბლულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოღრუბლულობის დროს აუცილებლად წვიმს.“

თუმცა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრები თბილისის მერს საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის დარღვევაშიც ადანაშაულებენ. ამ მუხლის თანახმად, იკრძალება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ანა დოლიძის თქმით, ასოციაცია გულმოდგინედ აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელსაც საარჩევნო კოდექსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნის უფლებას აძლევს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG