Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტერაქტი, როგორც ამერიკული სამხედრო ზრდის კატალიზატორი საქართველოსთვის


11 სექტემბერს, როდესაც მსოფლიო ამერიკაში მომხდარი საზარელი

საავიაციო ტერაქტის მე-5 წლისთავს აღნიშნავდა, საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სამხედრო უწყებებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი. სწორედ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა კატალიზატორი საქართველოში იმ ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამების დაწყებისა, რომლებიც დღესაც გრძელდება. თუმცა იმისთვის, რომ ეს დახმარება ეფექტიანად განავითაროს და სტრატეგიულ მოკავშირეს “ვალიც დაუბრუნოს”, საქართველოს დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება სჭირდება, რაც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც ზოგჯერ სახიფათო მილიტარიზმად აღიქმება.

2001 წლის 11 სექტემბრიდან სულ რაღაც სამ თვეში საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ამერიკული ანტიტერორისტული სამხედრო პროგრამის ამოქმედების განზრახვა გაამჟღავნა. პენტაგონის შეფს მაშინ მასპინძლობას 1998-2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალი დავით თევზაძეც უწევდა. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში თევზაძემ განაცხადა, რომ სწორედ 11 სექტემბერი აღმოჩნდა კატალიზატორი “წვრთნისა და აღჭურვის” ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის დაწყებისა, რასაც საქართველო ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოეყვანა:

[დავით თევზაძის ხმა] “რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავშივე მაგ პროგრამის, ასე ვთქვათ, იდეოლოგია იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო საშუალებები, რომ საქართველოს თითონ შეძლებოდა ტერორიზმთან დაპირისპირება. გახსოვს, რომ ეს ხდებოდა იმ პანკისის მოვლენების ფონზე. პანკისი მუდმივად - იმ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში - ბრალდების თემა იყო საქართველოს მიმართ, რომ ვერ უვლის, ვერ ხედავს, არა აქვს საშუალება და, გარკვეულწილად, ეს დაედო იდეოლოგიურ საფუძვლად მაგ პროგრამას.” (სტილი დაცულია)

რომ არ ყოფილიყო 11 სექტემბრის ტერაქტი, იქნებოდა თუ არა 65 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა და ყველა დანარჩენი სამხედრო მომზადების პროგრამები, რომელთაც ამერიკელი ინსტრუქტორები ახლაც უძღვებიან სწორედ 11 სექტემბრის სახელობის მსხვერპლთა ხსოვნის პოლიგონზე, რუსთავთან ახლოს? იქნებ საერთაშორისო ტერორისტების ყოფნა პანკისის ხეობაში ისეთივე მითია დივიდენდების მოსაპოვებლად, როგორც მითი სადამ ჰუსეინის ხელთ არსებულ ბირთვულ იარაღზე? თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ასე საკითხის დასმას მხარს არ უჭერს:

[დავით თევზაძის ხმა] “არ ვიცი, ახლა ეს უფრო ინტერპრეტაციაა. მაშინ გამოყენებაზე არ იყო ლაპარაკი. მიდიოდა მუშაობა და ასეთი იდეა იყო, რომ, რაღაც კუთხით, ამ მუშაობას მიეღო ისეთი სახე, რომელიც მიიღო პრინციპში. და 11 სექტემბრის მოვლენებმა, თავის მხრივ, ეს საქმიანობა დააჩქარა.”(სტილი დაცულია)


საქართველოს ამერიკის უსაფრთხოების პროექტს უწოდებს თადარიგის ბრიგადის გენერალი, ამერიკის ყველაზე პრესტიჟული თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრი გიორგი გოგაშვილი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ხშირად კითხულობს საჯარო ლექციებს. გოგაშვილი ამბობს, რომ ამ უსაფრთხოების პროექტზე მუშაობა პენტაგონში 11 სექტემბრამდე დაიწყო და შემდგომშიც გაგრძელდება:

[გოგა გოგაშვილის ხმა] “საქართველო, პირველ რიგში, ამერიკისათვის უსაფრთხოების პროექტია. ისევე როგორც ნავთობსადენი ხომ, ერთი შეხედვით, ეკონომიკური პროექტი უნდა იყოს, მაგრამ ესეც უფრო, პრიორიტეტულად, უსაფრთხოების თვალსაზრისით არის [მნიშვნელოვანი], ვიდრე წმინდა ეკონომიკური. იმიტომ რომ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით არცთუ ისე მომხიბლავია და ამის ეკონომიკური გათვლები იყო და ძალიან ბევრს საუბრობენ. ამიტომ აშკარად გამოკვეთილი უსაფრთხოების ხასიათი აქვს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას.” (სტილი დაცულია)

“წვრთნისა და აღჭურვის” ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამით, 2002-2004 წლებში საქართველოში 2000 სამხედრო პირი გაიწვრთნა. მაგრამ პენტაგონი კვლავ აგრძელებს საქართველოში პროგრამას და ხარჯავს ათეულობით მილიონ დოლარს საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გასაძლიერებლად. თავის მხრივ, არც პატარა საქართველოა ვალში: ერაყში საქართველოს 800 სამხედრო პირი ჰყავს გაგზავნილი. და ეს საზღაური, როგორც გენერალი გოგაშვილი ვარაუდობს, არც პირველია და არც უკანასკნელი, რის გაღებაც საქართველოს შემდგომში მოუხდება:

[გოგა გოგაშვილის ხმა] “და მომავალში, ალბათ, უფრო მეტს გადაიხდის საქართველო. თუნდაც იმიტომ, რომ აქ იქნება ძალიან კარგი პლაცდარმი, კარგი პირობები იმისთვის, რომ ამერიკამ თავის საკითხებს გაუკეთოს პრომოუშენი, რასაც ჰქვია.” (სტილი დაცულია)

11 სექტემბრის ტერაქტის პირდაპირი შედეგია მსოფლიოში სამხედრო დანახარჯების ზრდის ტენდენცია, რაც საქართველოს შემთხვევაში ლამის სამაგალითოდ იქცა. შვედეთის სტოკჰოლმის მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2006 წელს სამხედრო დანახარჯებმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ანგარიშის სიის სათავეშია საქართველო, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები 200 პროცენტით, 400 მილიონ დოლარამდე, გაზარდა. თავდაცვის ბიუჯეტის ასეთ ასტრონომიულ ზრდას, მოუგვარებელი კონფლიქტებისა და საომარი რიტორიკის ფონზე, სახიფათოდ მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოება. თუმცა ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრი გიორგი გოგაშვილი ფიქრობს, რომ მედალს მეორე მხარეც აქვს და ეს ხარჯი ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლადაც სჭირდება:

[გოგა გოგაშვილის ხმა] “ეს ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საკითხია, როდესაც შენ პარტნიორები გყავს, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების სახით, შენ განაცხადს აკეთებ ნატოში შესვლაზეც, შესაბამისი ბიუჯეტიც უნდა გქონდეს და გაგაჩნდეს. და ეს გულისხმობს შეიარაღებასაც და პერსონალის მომზადებასაც.”(სტილი დაცულია)


საქართველო სამხედრო ბიუჯეტის ზრდის ტემპით რეკორდსმენის ტიტულს, სავარაუდოდ, გაისადაც შეინარჩუნებს, რადგან პარლამენტმა ივლისის ბოლოს ბიუჯეტში შესწორება შეიტანა და ქვეყნის თავდაცვის ხარჯები კიდევ 200 მილიონი ლარით გაზარდა. ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა ვალდებულია სამხედრო პროგრამებზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორ-ნახევარ პროცენტამდე თანხა გამოყოს. საქართველო 600 მილიონი ლარით, 12 მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტის პირობებში, ამ ზღვრულ ნორმას ოდნავ აჭარბებს. სპეკულაციების თემად რჩება ის ფაქტიც, რომ გადამხდელებს ჯერჯერობით ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიუღიათ დამაჯერებელი ანგარიში, თუ რამდენად მიზნობრივად და კანონიერად იხარჯება არმიის საჭიროებისათვის გამოყოფილი თანხები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG