Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და ებრაელები: მტკივნეული წარსული და დამაიმედებელი მომავალი


გასულ კვირაში მთელი მსოფლიო შემოიარა რომის პაპის, ბენედიქტე მე-16-ის სამშობლოში ვიზიტის ამსახველმა კადრებმა.

ვნახეთ, როგორ შეეგება ათიათასობით ადამიანი გერმანელ პაპს მის მშობლიურ კუთხეში, კათოლიციზმის ძლიერი ტრადიციებით ცნობილ ბავარიაში; როგორ გადაივსო მორწმუნეებით ღია ცის ქვეშ ღვთისმსახურებისთვის შერჩეული მინდვრები მიუნხენში, ალტიოტინგსა და რეგენსბურგში... თუმცა, გერმანიაში პაპის ვიზიტზე გამოხმაურება კიდევ უფრო ფართოა ამ ვიზიტის შემდეგ, ისლამის შესახებ მისი გამონათქვამის კონტექსტში. თუმცა, ახლა ამ თემაზე არ შევჩერდებით - გაცილებით ნაკლები ყურადღება ერგო ცნობას, გერმანიაში იუდაიზმის ტრადიციას რომ ეხება.

არადა, იუდაიზმის ტრადიციაზე ცნობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში, რომელიც სამუდამოდაა დაღდასმული ნაცისტური წარსულით. სწორედ ნაცისტური რეჟიმის შემდეგ (მის წლებში კი ევროპაში, როგორც ცნობილია, 6 მლნ ებრაელი გაჟლიტეს) პირველად მოხდა, რომ გერმანიაში რაბინი აკურთხეს.

ამჟამად ებრაელთა რიცხვი გერმანიაში იმის მეექვსედია, რაც ჰოლოკოსტამდე იყო - სულ 100 000. თუმცა ეს მაჩვენებელიც საგრძნობლად არის გაზრდილი ბოლო 10-15 წლის მანძილზე, გერმანიაში პირველ რიგში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მძლავრი ნაკადის ჩასვლის შედეგად.

და აი, ის, რაც 14 სექტემბერს მოხდა დრეზდენის სინაგოგაში, გერმანიაში ებრაელთა რიცხვობრივი ზრდის შემდეგ მათი კულტურისა და რელიგიის სიმბოლურ აღორძინებად არის მიჩნეული: 5-წლიანი თეოლოგიური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ რაბინებად ეკურთხნენ დანიელ ალტერი, ტომაშ კუჩერა და მალკოლმ მატიტიანი:

[სინაგოგაში სიმღერის ხმა]

სამივე ახალბედა რაბინს აბრაამ გაიგერის სახელობის კოლეჯი აქვს დამთავრებული - ბერლინში 1999 წელს დაარსებული სასწავლებელი, რომლის რექტორმაც, ვალტერ იაკობმა, ასე მიმართა კურთხევის ცერემონიის მონაწილეებს: [ვალტერ იაკობის ხმა] “დღეს ეს ახალი დასაწყისია - დასაწყისი ჩვენი სკოლისა და ჩვენი პირველი რაბინებისთვის. და ამისთვის ღმერთს მადლობას შევწირავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვისაც: მამაჩემი, რაბინი ერნსტ იაკობი, დედაჩემი და ჩემი ძმა - ჩვენ ყველანი ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ გერმანელ ებრაელთა ცხოვრება ისევ აღორძინდებოდა”.

განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა არა მარტო რაბინთა კურთხევის ფაქტი, არამედ ცერემონიის ადგილიც: დრეზდენის ახალი სინაგოგა. ტაძარი აღმართულია იქ, სადაც სინაგოგა 1938 წელს დაწვეს, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს ნაცისტთა მომხრეებმა. რაც შეეხება გასული კვირის ცერემონიას - სამი რაბინის კურთხევას - ეს, როგორც კიდევ ერთმა ებრაელმა საზოგადო მოღვაწემ, გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიტერ გრაუმანმა აღნიშნა, მხოლოდ დასაწყისია.

[დიტერ გრაუმანის ხმა] “სამი რაბინი, დიახ. მაგრამ გერმანიაში გაცილებით, გაცილებით მეტი რაბინი გვჭირდება: ამაზე 30-ჯერ, 40-ჯერ უფრო მეტი. ეს დასაწყისია და ვისურვებდი, რომ 3 ახალ რაბინს მოჰყვეს, სულ ცოტა, სამჯერ ოცდაათი რაბინი”.
XS
SM
MD
LG