Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოახიმ ფესტი - მემარჯვენე ინტელექტუალი, ჟურნალისტი, მწერალი


გერმანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი იოახიმ ფესტი

გასულ კვირაში გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში. ფესტმა მთელი თავისი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე - რადიოდან დაწყებული, ტელეჟურნალისტიკასა და შემდეგ გერმანიის ყველაზე ცნობილ გაზეთში თანამშრომლობის გზაზე - საზოგადოებას უჩვენა, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი აზრის თავგამოდებული მომხრე. არაერთ შემთხვევას იხსენებენ მისი ბიოგრაფიიდან, როცა საქმე ეხებოდა ისეთ მწვავე თემებს, როგორიცაა გერმანიაში ნაციზმი, ჰოლოკოსტი თუ 60-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობა, და იოახიმ ფესტი კამათის, ანუ აზრის გამოთქმის, თავისუფლების დამცველი რჩებოდა. აი, რას ამბობს მისი კოლეგა, გერმანელი ჟურნალისტი, “დოიჩლანდ რადიო კულტურის” რედაქტორი იოახიმ შოლი, რომელიც ფესტს პირადად იცნობდა და მასთან თანამშრომლობდა:

(შოლის ხმა) “ის ლიბერალი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იღებდა ყველა აზრს, რომელიც კარგად დასაბუთებული, კარგად წარმოდგენილი, ინტელექტუალურად გამართული იყო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. ამ მხრივ, ძალიან პრეტენზიული იყო სხვების მიმართ, უჭკუო ხალხი არ უყვარდა. მაგრამ, როგორც ჟურნალისტი, სხვის აზრს გზას უხსნიდა. ასე იყო თვით “ფრანკფურტერ ალგემაინეში”, რომელსაც კონსერვატიულ სიმაგრედ სახავდნენ - იქ კრიტიკულ აზრს სრული თავისუფლება ჰქონდა.”

“ფრანკფურტერ ალგემაინეში”, რომელიც იოახიმ შოლმა ახსენა, ფესტი 20 წელიწადი მუშაობდა - ფელეტონის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ზუსტად ამ გაზეთში გამოქვეყნდა 1986 წელს, ფესტის პასუხისმგებლობით, ერნსტ ნოლტეს წერილი, სათაურით “წარსული, რომელსაც არ სურს დავიწყებულ იქნეს”. ეს სტატია კრიტიკამ მიიჩნია რევიზიონისტულად, ნაციონალ-სოციალიზმისა და ჰოლოკოსტის უარყოფითი მნიშვნელობის დაკნინების მცდელობად. სტატიის გამოქვეყნებას დიდი კამათი და დავა მოჰყვა საზოგადოებაში და ისტორიკოსთა შორის. განყოფილების გამგემ, ფესტმა, თავის პრინციპს არ უღალატა: მან სტატიის ავტორის თეზისები არ გაიზიარა, მაგრამ მისი უფლება, კამათში მონაწილეობა მიეღო, დაიცვა.
იოახიმ ფესტს სძულდა, როცა მას მხოლოდ მემარჯვენედ მოიხსენიებდნენ. ის ლიბერალად, დასავლური ტრადიციისა და განათლების, სამოქალაქო კულტურის შვილად მიიჩნევდა თავს. თუმცა მსოფლიოში მან სახელი გაითქვა როგორც ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიკოსმა და ჰიტლერის ბიოგრაფმა, თავად მიაჩნდა, რომ მისი მიღწევები ბევრად უფრო ფართო ჰორიზონტის იყო. სხვადასხვა უნივერსიტეტებში იურისპრუდენციის, ისტორიის, სოციოლოგიის, გერმანისტიკის, ხელოვნების ისტორიის შესწავლის შემდეგ, დოქტორანტურაში ყოფნისას, ის მასალებს ამზადებდა ბერლინში მოქმედი რადიოსადგურის ”რიას ბერლინისთვის”, სხვათა შორის, “დიდი ნაცისტების” პორტრეტებზე. მანამდე ის ბერლინის ერთ-ერთი რაიონის, ნოიკიოლნის, საბჭოში დეპუტატი იყო, მემარჯვენე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიიდან. მოგვიანებით ის პარტიიდან გარიცხეს, ჩრდილოეთ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. 1968 წელს მან ერთი ამერიკული გამომცემლობისგან მიიღო შეკვეთა, დაეწერა ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფია, რომელიც რამდენიმე წელიწადში გამოქვეყნდა და დღემდე მილიონობით იყიდება. ფესტი მასწავლებლის შვილი იყო. მან, მამის მაგალითზე, ბავშვობაშივე იხილა, თუ როგორ უნდა დარჩეს ადამიანი პრინციპული თვით განსაცდელის ჟამს. ფესტის მამას, ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდში პოლიტიკურად აქტიურ პედაგოგს, ნაცისტებმა მასწავლებლობა აუკრძალეს. ოჯახი ნაციზმის პერიოდში ცხოვრობდა სახარებისეული პრინციპით - “ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები”. სწორედ ასე, “მე არასოდეს შევცდები”, უწოდა იოახიმ ფესტმა თავის ბოლო წიგნს, რომლის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო და რომლითაც საკუთარ მშობლებს ძეგლი დაუდგა. წარმოიდგინეთ, როცა მათ ოჯახში “ჰიტლერიუგენდიდან” მივიდნენ და ნაცისტების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვაჟის შეყვანა მოინდომეს, მამამ მოსულები სახლიდან გაყარა. შემდგომ კი ფესტი, იმისათვის, რომ “ეს-ეს”-ში არ მოხვედრილიყო, “ვერმახტში” ჩაირიცხა როგორც ახალგაზრდა ჯარისკაცი. გერმანიის რადიოსთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ არასოდეს აპირებდა თანამედროვე ისტორია ეკვლია, თუმცა არ ეთანხმებოდა მამას, რომელსაც ნაცისტები ყურადღების ღირსად არ მიაჩნდა:

(ფესტის ხმა) “მამას ნაცისტები არ მიაჩნდა იმის ღირსად, რომ მათზე კვლევა წარმოებულიყო. ის ფიქრობდა, რომ ამით ნაცისტები იძენდნენ ისტორიულ მნიშვნელობას, რომელსაც არ იმსახურებენ. მას და, საერთოდ, ამგვარ მიდგომას ასე ვუპასუხებდი: ვინც ნაციონალ-სოციალიზმის დროს ტანჯვა განიცადა და მას ებრძოდა, ალბათ, ნაცისტების მიმართ ზიზღსა და სიძულვილსაც იკმარებდა, მაგრამ ახალგაზრდა თაობა უკეთ უნდა გაერკვეს და მეტი უნდა შეიტყოს ამ პერიოდზე. ეს იყო ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მოტივი.”

იოახიმ ფესტი, როგორც ითქვა, თავს ლიბერალად მიიჩნევდა. თუმცა მისი დამოკიდებულება იმავე ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ არ იყო მხოლოდ სიმპათიაზე დაფუძნებული. ის თავს კონსერვატორად, ტრადიციის პატივისმცემლად თვლიდა. როგორც ჟურნალისტი, ეკამათებოდა მემარცხენე ინტელექტუალებს. არ მოსწონდა, როცა მემარცხენე მოძრაობა ტრადიციების, ძველის მსხვრევასა და მასზე ახლის აშენებას ისახავდა მიზნად. იოახიმ შოლი გვიამბობს:

(შოლის ხმა) “თავის ერთ-ერთ ბოლო წიგნში “შეხვედრები”, რომელშიც ის თანამედროვეებთან თავის შეხვედრებზე წერს, ფესტმა დახატა მრავლისმომცველი პორტრეტი ულრიკე მაინჰოფისა, მოგვიანებით - ტერორისტის, რომელსაც ის ერთობ აფასებდა. ფესტს უთქვამს, ამ ქალთან პოლიტიკაზე არ შემიძლია კამათი, მაგრამ ის განათლებული და ჭკვიანია, თუმცა, სამწუხაროდ, არასწორ გზაზე დგასო.”

წელს, იანვარში, ჩვენი რესპონდენტის იოახიმ შოლისთვის მიცემულ ინტერვიუში იოახიმ ფესტი თავის ისტორიულ- ფილოსოფიურ სკეპტიციზმზე საუბრობდა:

(ფესტის ხმა)
“ბუნებით პესიმისტი არა ვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეიძლება ოპტიმიზმის შენარჩუნება, თუკი გასულ საუკუნეს გადავხედავთ. ზუსტად ის ვერ გავიგე სტუდენტური მოძრაობის, რომ უტოპიას ეყრდნობოდა,ეყრდნობოდა იმ აზრს, რომ მშვიდობა, ერთობა, ბედნიერება და კეთილდღეობა - ყველაფერი ეს, ერთად, - თავისთავად შეიძლებოდა დამყარებულიყო. სამყარო ასე არ არის შექმნილი და ამ საუკუნის გამოცდილება მათქმევინებს, რომ არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ასეთი იმედით ვიცხოვროთ.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG