Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს რთველი 2006


ორი კვირა იქნება, რაც საქართველოში - უფრო კონკრეტულად კი, კახეთის რეგიონში - რთველი დაიწყო. ხელისუფლებამ კერძო სექტორში მოწეული ყურძნის

უდანაკარგოდ დაბინავება ნომერ პირველ ამოცანად გამოაცხადა და ეს პროცესი საბრძოლო მოქმედებებს შეადარა. ბრძოლაში გამარჯვების მისაღწევად კი კახეთის ყველა რაიონში საგანგებო შტაბები გაიხსნა და მათი კურირება მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაევალათ. ამ ნაბიჯების მიზანი რუსეთის მიერ გამოცხადებული ”ღვინის ემბარგოს” დამარცხებაა. როგორ მიმდინარეობს სამხედრო წესებზე დაფუძნებული რთველი 2006?

ორიოდე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ესტუმრა და საბრძოლო მოქმედებების დაწყება გამოაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. ჩვენ გამოგვიცხადეს ეკონომიკური ომი იმისათვის, რომ ძირშივე დაგვასუსტონ და მერე უფრო დიდი ომი არ წააგონ ჩვენთან. ამიტომ ჩვენ ვქმნით სამხედრო შტაბებს.”

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ გამოცხადებული ღვინის ემბარგოს დასამარცხებლად კახეთის ყველა რაიონში საგანგებო შტაბები შექმნა. მათ რთვლის კოორდინაცია დაევალათ. ცენტრალური შტაბი განლაგებულია ქალაქ გურჯაანში. მე მის ხელმძღვანელს გიორგი ცხაკაიას დავურეკე და ვკითხე, როგორ მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი. გიორგი ცხაკაიას თქმით, ამ დროისთვის ღვინის ქარხნებმა უკვე 12 ათასი ტონა ყურძენი მიიღეს:

[გიორგი ცხაკაიას ხმა] ”რაც შეეხება თვითონ სიმძლავრეს, კახეთს აქვს იმის სიმძლავრე, რომ თითოეული კილოგრამი ყურძენი იყოს დაბინავებული. აქედან გამომდინარე, 50-70 ათასიც რომ იყოს, იმის ასაშუალება არსებობს, რომ მიიღონ ქარხნებმა.”(სტილიდაცულია)

საწინააღმდეგოზე მეტყველებს ქართული ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ლევან კობერიძის განცხადება. მისი თქმით, ასოციაციაში გაერთიანებულ კომპანიებს მხოლოდ 25 ათასი ტონა ყურძნის მიღება შეუძლიათ. მე ლევან კობერიძეს ვკითხე, ხელისუფლების გეგმების შესასრულებლად ადგილი ხომ არა აქვს ზეწოლას.
კობერიძემ ასეთი რამ უარყო და აღნიშნა, რომ საგანგებო შტაბები არც ფასწარმოქმნის საკითხებში ერევიან. ბაზრის კონიუნქტურა კი ასეთია:

[ლევან კობერიძის ხმა] ”რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში დარჩენილია დიდი ნაშთი. ამიტომ დაბალია მოთხოვნა ყურძენზე და, შესაბამისად, ფასმაც დაიწია.”

მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის გამო შემცირებული ყურძნის საფასური არ აკმაყოფილებთ მევენახეებს, რომლებიც იძულებულნი არიან ყურძენი ლპობას იაფად გაყიდვით გადაარჩინონ.

[მევენახეების ხმა] ”ყურძენი მოვიყვანეთ და ვერ ვაბარებთ, ფასი არ გვაკმაყოფილებს. 80 თეთრში რომ მიიღონ, იმაზეც თანახმა ვართ. ადრე 1.5 ლარი ღირდა...
... არის ყურადღება, მანქანებიც არის, მაგრამ ყველა ელოდება, რომ ფასი შეიცვლება, 30 თეთრად ჩაბარება არავის უნდა.”

ასეთი მოსაზრებები გლეხებმა რადიო ”თავისუფლების” პარტნიორი რადიოს, ”ჰერეთის”, კორესპონდენტთან, ხათუნა გოგაშვილთან, საუბრისას გამოთქვეს.

პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით საგანგებოდ შექმნილი შტაბები კი მევენახეებს მხოლოდ ყურადღებითა და ტრანსპორტით ეხმარებიან. ძალაში რჩება პრეზიდენტის მიერ ბიზნესმენებზე განხორციელებული ეგრეთ წოდებული მსუბუქი რეკეტი, რომელიც თითოეულისგან 10-10 ტონა ყურძნის შესყიდვას გულისხმობს.

შესაძლებელს გახდის თუ არა ასეთი მეთოდებით წარმოებული საბრძოლო მოქმედებები დაახლოებით 85 ათასი ტონა ყურძნის რეალიზებას, ერთი თვის შემდეგ, რთვლის დასრულებისას, გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG