Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი ოფიცრები პატიმრობაში რჩებიან - მოსკოვი სანქციებით იმუქრება


თბილისში კვლავ გარშემორტყმულია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის შენობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მეოთხე დღეა დაჟინებით მოითხოვს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრის, კონსტანტინ პიჩუგინის, გადაცემას. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის ოთხ და საქართველოს თორმეტ მოქალაქეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებაში დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები რუსეთის მოქალაქეებს უმიზეზოდ სდევნიან. ოფიციალური მოსკოვი არ ერიდება მუქარას და საქართველოს ეკონომიკური სანქციების დაწესებით ემუქრება, თუმცა კრემლი ჯერჯერობით მხოლოდ რუსი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციასა და კავკასიაში სამხედრო ობიექტების დაცვის გაძლიერებას სჯერდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოპერატიული მასალის მიუხედავად, რუსეთის პოლიტიკური ელიტა ამტკიცებს, რომ რუსი ოფიცრების დაკავება არ უკავშირდება მათ ჯაშუშურ საქმიანობას. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი დარწმუნებულია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის კურსს ატარებს. რუსი დეპუტატი ოფიციალურ თბილისს აფრთხილებს:

[ანდრეი კოკოშინის ხმა] „შესაძლებელია ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის სანქციების დაწესება. მე ასევე შესაძლებლად მიმაჩნია საქართველოს წინააღმდეგ ერთგვარი ხისტი პრესინგის გატარება ყველა მიმართულებით და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენ მიმართ მეგობრულად განწყობილი ყველა სახელმწიფოს მხრიდან.“


თუმცა რუსი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულმა მსგავსი შინაარსის განცხადებებმა გავლენა ვერ იქონია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ უკლებლივ ყველა ოფიცერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ დაქირავებულ ადვოკატს სასამართლოს დაცვამ პროცესზე დასწრების საშუალება არ მისცა. თუმცა ამ ცნობას არ ადასტურებს სპიკერი მოსამართლე ნინო სანდოძე, რომლის თქმითაც, ადვოკატს პროცესზე დააგვიანდა:

[ნინო სანდოძის ხმა] „სათანადო სამსახურის მიერ ადვოკატის უფლებამოსილების გარკვევის მომენტისათვის მოსამართლე უკვე გასული იყო სათათბირო ოთახში. აღსანიშნავია, რომ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც ბრალდებულებს იცავდნენ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები. ამდენად, განცხადება იმის შესახებ, რომ დაირღვა ბრალდებულების დაცვის უფლება, არ შეესაბამება სინამდვილეს.“
ეკონომიკური სანქციების დაწესების პარალელურად, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას სხვა სახის პრობლემების შექმნითაც ემუქრება. კერძოდ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაცია გეგმავს სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ტერიტორიულ ზღვასთან უშუალო სიახლოვეს. და კიდევ, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი ალექსანდრ ბარანოვი ამბობს, რომ შეჩერებულია საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი და რომ ეს გადაწყვეტილება ჯარების გადაადგილების უსაფრთხოებიდან გამოდინარე იქნა მიღებული. რუსი გენერლის ამ განცხადების კომენტირება ვთხოვე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკა რურუას.
[ნიკა რურუას ხმა] „ეს არის სრული ბოდვა! ბარანოვს არავინ არ ეკითხება, ეს საკითხი არის დიპლომატიურ დონეზე გადაწყვეტილი. ასეც რომ მოხდეს და ასეთი სუიციდალური გადაწყვეტილება მიიღონ, რუსებს გავყრით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოლაპარაკებით არის განსაზღვრული. ისინი ახლა გადიან პატივითა და მადლობებით. 2008 წლამდე უნდა წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვანაირად მოუწევთ წასვლა.“
სამხედროებისაგან განსხვავებით, საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს რუსმა დიპლომატებმა და მათი ოჯახის წევრებმა, რომელთა წასაყვანადაც რუსეთიდან საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თვითმფრინავები ჩამოფრინდა. ასე რომ, რუსეთი თბილისში მხოლოდ მორიგე დიპლომატებსა და ჯაშუშობაში ბრალდებულ ოფიცრებს ტოვებს.




  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG