Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


გაზეთ “24 საათის” დღევანდელი ნომრის მიმოხილვისას პირველ რიგში შევჩერდებით სტატიაზე,


რომლის თანახმადაც, 22 სექტემბერს გაეროში მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში „გაყინული კონფლიქტების“ დეფინიციაში. პუბლიკაციაში, რომელიც ქართულ–აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის ძირითად პარამეტრებს წარმოგვიდგენს, ნათქვამია, რომ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროში გაკეთებული მოხსენების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე საერთაშორისო ავტორმა, თუ არ ჩავთვლით მოსკოვის მხარდამჭერ ქვეყნებს, რუსეთი „სამშვიდობო“ და „ მედიატორ” ქვეყნად განიხილოს. ვლადიმირ სოკორის სტატიაში კონფლიქტის გადაწყვეტის 10 ძირითადი პარამეტრიდან რამდენიმეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. კერძოდ, კონფლიქტის მონაწილეებმა - განსაკუთრებით კი მისი მოგვარებით დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა -მხედველობაში უნდა იქონიონ, რომ სეპარატისტული რეგიონები, ფაქტობრივად, რუსეთის მიერაა ანექსირებული, რომ უნდა შეიცვალოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოლაპარაკებების არსებული ჩარჩოები და იქ მყოფი სამშვიდობო ძალები და ასე შემდეგ. საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს, ახსოვს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლება და საერთაშორისო თანამეგობრობისგან მხარდაჭერას ელის, ნათქვამია პუბლიკაციაში. ამავე გაზეთში დღეს გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტ არჩილ გეგეშიძესთან. ინტერვიუს თემაა აფხაზური მხარის მიერ ამ ცოტა ხნის წინათ ბიჭვინთაში გამართული კონფერენციის შედეგები. კონფლიქტის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთი და იგივე არ არის, ამბობს კონფერენციის ერთ–ერთი მონაწილე, არჩილ გეგეშიძე: „ აფხაზურ საზოგადოებაში და მის ელიტაში, ისევე როგორც რუსულ პოლიტოლოგიურ წრეებში, ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გარკვეულ სიტუაციაში, მათთვის ხელსაყრელ ვითარებათა დამთხვევის შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლებელია, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ამის იმედი მათ არ უნდა ჰქონდეთ, იმიტომ რომ მთელი რიგი გეოპოლიტიკური, შიდაპოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორების გამო, საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას, ვინაიდან ეს ქართული სახელმწიფოს თვითმკვლელობას ნიშნავს.“
„ომებს მხოლოდ კარგი სტრატეგები იგებენ“–ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთ „რეზონანსის“ ორშაბათის გამოშვების - „მთელი კვირის“ - ექსპერტის სვეტში თავის მოსაზრებებს გია ხუხაშვილი გამოთქვამს. იგი, ძირითადად, ერთ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ექსპერტის აზრით, ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით, რუსეთი შეეცდება გვიბიძგოს თავისი პარტნიორის, ირანის, მიმართულებით და ნელ–ნელა ჩამოგვაშოროს დასავლეთს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და კარგად უნდა გავიაზროთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა, თუ დაიწყო მორიგი ესკალაცია ირან–დასავლეთის ურთიერთობაში, მით უმეტეს, თუ საქმე სანქციებამდე მივიდა. კარგ ჯარისკაცს შეუძლია მხოლოდ ბრძოლის მოგება, თანამედროვე ომებს მხოლოდ კარგი სტრატეგები იგებენ, ამბობს გია ხუხაშვილი.
ამავე გაზეთის ფურცლებიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შენიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის სანქციების არ ეშინია. ნინო ბურჯანაძის აზრით, საქართველოსთვის გაზის გადაკეტვით რუსეთი უფრო დაზარალდება, რადგან ეს იმის დემონსტრირება იქნება, რომ, თუ დასჭირდა, ერთ მშვენიერ დღეს ევროპასაც შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას.
გაზეთ “ახალი ვერსიის” თანახმად კი, რუსეთ–საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებში საქართველოს დასაშინებლად გამოყენებული იქნება ისეთი კოზირიც, როგორიცაა სეპარატისტული რეგიონები; არ არის გამორიცხული ისეთი აქციების გაზრდაც, როგორიცაა: ტერაქტები, ქართული მოსახლეობის რბევა–აწიოკება, გატაცება, ახალი შეთქმულებები. მიზანი ერთია, – ნათქვამია პუბლიკაციაში, – დესტაბილიზაცია, რამაც უნდა აიძულოს ქართული ელიტა, უარი თქვას ნატოში შესვლაზე. რუსეთისთვის ეს უმთავრესია, – ასკვნის “ახალი ვერსია”.


XS
SM
MD
LG