Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ ავიაკომპანია “პულკოვოს” ევროკავშირში ფრენის აკრძალვა ემუქრება


ევროკავშირის საჰაერო სივრცე შესაძლოა, ჩაიკეტოს რუსეთის ავიაკომპანია “პულკოვოსთვის”. ამ ზომის მიღებას - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისაგან განსხვავებით - პოლიტიკური მიზეზი არა აქვს

და მითუმეტეს, არც საქართველოსთან ევროკავშირის სოლიდარობის ნიშანია: საქმე უსაფრთხოების პრობლემას ეხება. მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ რამდენიმე კვირის წინ “პულკოვოს” კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა ავარია განიცადა უკრაინაში და რომ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი.

[თვითმფრინავის გადაფრენის ხმა]

მაშ ასე, “პულკოვოს” კუთვნილი თვითმფრინავები, შესაძლოა, გაუჩინარდეს ევროკავშირის საჰაერო სივრციდან: ევროკავშირმა ოფიციალური შეტყობინებით მიმართა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ ავიაკომპანიას, რომ განიხილავს მისი თვითმფრინავების შეყვანას ე.წ. “შავ სიაში” - ანუ იმათ სიაში, ვისაც ევროკავშირში ფრენა ეკრძალება უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ, როცა ევროკავშირი გადასინჯავს წელს მარტში შედგენილ შავ სიას - ამჟამად ის 90 თვითმფრინავს მოიცავს და თუ მათ “პულკოვოს” თვითმფრინავები დაემატა, იმათ სიაში, ვისაც ევროკავშირში ფრენა ეკრძალება პირველად აღმოჩნდება რუსული კომპანია - თან კომპანია, რომელიც წლევანდელ აგვისტომდე (უკრაინაში პულკოვოს თვითმფრინავის ავარიისას 170-ზე მეტი ადამიანის დაღუპვამდე) ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად იყო მიჩნეული. როგორც იუწყებიან, “ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციამ” - ამ ორგანიზაციის ანგარიშს კი ევროკავშირის შავ სიაში კომპანიის შეყვანა-არშეყვანა ეფუძნება - უსაფრთხოების არაერთი ხარვეზი აღმოუჩინა “პულკოვოს”.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ოლივეი არდუანი განმარტავს: [არდუანის ხმა] “საქმე ეხება საკმაოდ თვალშისაცემ დეფექტებს, რადგან თვითმფრინავების შემოწმება დიდხანს არ გრძელდება და გარსით შემოიფარგლება. ჩვენ ნაწილებად არ ვშლით თვითმფრინავს. ასეთი შემოწმება ნახევარი საათი, ან ერთი საათი გრძელდება. ხარვეზად არის მიჩნეული, როცა თვითმფრინავში უნდა იყოს გარკვეული აღჭურვილობა, მაგრამ არ არის, როცა არ არის საბორტო ჟურნალი. სტარტის აღებამდე თვითმფრინავში უნდა გააკონტროლონ გრავიტაციული ცენტრი - ამაზე უარის თქმა სახიფათოა და ასევე სახიფათოა მფრინავის ლიცენზიის განუახლებლობა”.

საყურადღებოა ზოგი ექსპერტის, მათ შორის მოსკოველი ალექსანდრ ველოვიჩის შეფასება, რომ ევროკავშირი პულკოვოს მისამართით გამოთქმული მუქარით აფრთხილებს ყველა რუსულ კომპანიას:
[ველოვიჩის ხმა] “ევროკავშირი რუსეთის მთელი საჰაერო-სატრანსპორტო სექტორის საყურადღებოდ მიანიშნებს, რომ რუსეთში ფრენის უსაფრთხოება სრულად არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელთაც ავიაკომპანიებისაგან ევროკავშირი მოითხოვს. “პულკოვო” რუსეთის სხვა წამყვან ავიაკმოპანიებზე არც უკეთესია და არც უარესი. მისი შავი სიაში შეყვანის მუქარა - იმ საშინელ ავიაკატასტროფას უკავშირდება. მაგრამ ეს კატასტროფა შესაძლოა, სხვა ავიაკომპანიასაც მოსვლოდა”.

“პულკოვო” ძლიერი ავიაკომპანიაა - სიდიდით მესამე რუსეთში. მაგრამ ევროკავშირში ფრენის აკრძალვის შემთხვევაში მას გაკოტრება ემუქრება: ასეა თუ ისე, შემოსავლის 70 პროცენტს იღებს საერთაშორისო რეისებიდან.
XS
SM
MD
LG