Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუარესება საქართველოს მოქალაქეებზე


რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესებამ მყისიერი ასახვა პოვა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთა ოჯახის წევრებმა, სამუშაოს ძებნაში,

წლების წინ მშობლიური კუთხეები მიატოვეს და, უკეთესი მომავლის იმედით, რუსეთის ფედერაციას მიაშურეს. ასეთი ადამიანების რიცხვი, სხვადასხვა მონაცემებით, ოთხასი ათასიდან ერთ მილიონამდე მერყეობს. საქმე ისაა, რომ არც საქართველოსა და არც რუსეთის ხელისუფლება არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა, მით უმეტეს, არალეგალურ ემიგრანტთა რაოდენობის შესახებ, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი ზუსტად ასახელებს იმ თანხის მოცულობას, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში საბანკო არხებით რუსეთიდან საქართველოში გადაირიცხა - 220 მილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საქართველოსათვის დაწესებული ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ შედეგსაც გამოიღებს. საინტერესოა, რა მოლოდინი აქვთ რუსეთსა და საქართველოში მცხოვრებ რიგით ქართველებს, რას შეცვლის მეზობელ ქვეყნებს შორის გაუარესებული ურთიერთობა მათ ცხოვრებაში.

ლადო კვიკვინია 48 წლისაა. დიპლომირებული მშენებელი ინჟინერი რუსეთის დედაქალაქში 1994 წლიდან ცხოვრობს, ოთხი წლის წინ კი რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. ამბობს, რომ საქართველოდან მაშინ წავიდა, როცა მისი პროფესიის ადამიანები არავის სჭირდებოდა:

[ლადო კვიკვინიას ხმა] „შეუძლებელი იყო სამსახურის შოვნა. თქვენც კარგად იცით, რომ მშენებლობა საქართველოში ახლა დაიწყო, თორემ მანამდე ყველაფერს ანგრევდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არანაირი სამუშაო არ იყო.“

ლადო ამბობს, რომ, მაღალი კონკურენციის გამო, მოსკოვში სამსახურის შოვნა იოლი არ არის, თუმცა ძალიან გამოადგა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიღებული განათლება. ლადოს თქმით, ამჟამად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში უბნის უფროსად მუშაობს და, საკუთარი სამსულიანი ოჯახის შენახვის გარდა, ზუგდიდში მცხოვრები დის ოჯახსაც ეხმარება:

[ლადო კვიკვინიას ხმა] „ფული, მეტს აქედან რას გააგზავნი, წლის განმავლობაში გამოვა, ალბათ, 1000 დოლარზე ცოტა მეტი. საშუალოდ ასი დოლარი თვეში - ხან მეტი, ხანაც ნაკლები.“

ლადოს დისშვილი, 20 წლის ილია, ამბობს, რომ თვიდან თვემდე თავი სწორედ რომ ბიძის ფულადი გზავნილებით გააქვთ. წვრილი, საცალო ვაჭრობით მიღებული შემოსავალი ოჯახს არ ჰყოფნის, არადა, ილიას თქმით, ზუგდიდში სხვა სამსახურის შოვნა შეუძლებელია:

[ილია ჩაჩიბაიას ხმა] „ზუგდიდში ძალიან გაჭირვებული მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ სამსახური საერთოდ არ არის. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც საჭმლის ფულიც არ აქვს. მერე, თხილის ფასმაც დაიკლო და ეს მოსახლეობის მდგომარეობაზე ძალიან აისახა. შემოსავლის ძირითადი წყარო იყო თხილი და მანდარინი. ორივეს ფასი დაეცა. ამის გამო მოსახლეობასაც ფინანსური პრობლემები შეექმნა.“

როგორც ჩანს, ცნობამ საქართველოსათვის ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ დიდად შეაშფოთა ზუგდიდელები. რაიონის მოსახლეობა შიშობს, რომ რუსეთიდან თანხის მიღებას ვეღარ შეძლებენ. ილიას თქმით, ზუგდიდელთა ეს შიში უსაფუძვლო არ უნდა იყოს:

[ილია ჩაჩიბაიას ხმა] „ზუგდიდელები, თითქმის სრულად, გამოგზავნილი თანხებით ვარსებობთ - ეს იქნება სხვა ქვეყნებიდან თუ რუსეთიდან გამოგზავნილი თანხა. დღეს ზუგდიდის ბანკში ხალხმრავლობა და დიდი გაუგებრობა იყო. პანიკაში არიან. ვერ იღებენ თანხას, როგორც საჭიროა და როგორც ტრადიციულად ჩამოსდიოდათ მოსკოვიდან.“

თუმცა ილიას დამშვიდებას მოსკოვში მცხოვრები ბიძა ცდილობს. ლადო კვიკვინია ფიქრობს, რომ ფინანსური და სატრანსპორტო ბლოკადის ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ რიგით ადამიანებს ხარჯი გაეზრდებათ:

[ლადო კვიკვინიას ხმა] „ფულს ყოველთვის გააგზავნი, უბრალოდ, ის იქნება, რომ როცა მე ვაგზავნიდი, ვიხდიდი გადარიცხული თანხის 1,5 პროცენტს. არის საერთაშორისო ფულადი გზავნილები. იმათ მაღალი პროცენტი აქვთ. უბრალოდ, ჩემს ჯიბეს დააკლდება. გამორიცხულია, რომ რუსეთმა „ვესტერნ იუნიონს“ გადარიცხვა აუკრძალოს ან უბრძანოს ფული არ გააგზავნოს საქართველოში და გააგზავნოს, მაგალითად, სომხეთში. მიმოსვლაზეც - იგივე. აქედან თუ არ ივლის ტრანსპორტი, არაა დიდი პრობლემა. დაჯდები მატარებელზე საღამოს და დილით მინსკში იქნები. მინსკიდან კი უპრობლემოდ გადმოფრინდები. უბრალოდ, ბილეთის ფასი ორჯერ დიდია.“

ხარჯის გაზრდის მიუხედავად, ლადო არ აპირებს საქართველოში მცხოვრები დისა და დისშვილების ბედის ანაბარად მიტოვებას. ხარჯზე მეტად მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ორი მეზობელი ქვეყნის, ორი ერის გართულებული ურთიერთობა აწუხებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG