Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ რეაგირებს დასავლეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილ კრიზისზე? - ექსპერტთა მოსაზრებები


რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბება. რუსეთი სულ უფრო ამკაცრებს საკუთარ ტერიტორიაზე მყოფ ქართველებზე ზეწოლას.

როგორ ეხმაურება ამ კრიზისს დასავლეთი დღეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ამის გარკვევას ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან საუბრისას შევეცადე.

საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილ კრიზისთან მიმართებით დასავლეთის რეაქცია უკიდურესად ფრთხილი და მოზომილია - ასე აფასებს ბევრი ანალიტიკოსი დღევანდელ ვითარებას. ამ მოსაზრებას ეთანხმება ბრიუსელში განთავსებული ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ექსპერტი ამანდა აკსაკოჩაც, რომელსაც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავუკავშირდით:

[აკსაკოჩას ხმა] ”ვფიქრობ, ევროკავშირი ცდილობს, მაქსიმალურად პრაგმატულად მოიქცეს და ორ ქვეყანას შექმნილი ვითარების განმუხტვას სთხოვს. ერთი მხრივ, ის საქართველოს საკუთარი პოლიტიკისა და რუსეთთან დამოკიდებულების გააზრებას სთხოვს, მეორე მხრივ კი, რუსეთს მიმართავს თხოვნით, მოხსნას საქართველოზე დაწესებული სანქციები. ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, ევროკავშირის თხოვნას შედეგი არც ერთი მხრიდან არ მოჰყოლია.”

მოსაზრებას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილ ვითარებას დასავლეთის პოლიტიკური წრეები მკვეთრად არ ეხმაურებიან, ეთანხმება ქართველი ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ხელაშვილი, თუმცა ფიქრობს, რომ ვითარება მალე შეიცვლება:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ”ეს არის დროის ამბავი, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი ევროპაც ამაზე რეაქციას მისცემს. ეს ორი რაღაცით შეიძლება იყოს განპირობებული: ერთი, რომ მათ ამ წუთისათვის ჯერ კიდევ არა აქვთ საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ რუსეთის მიმართ რაიმე განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია გამოხატონ; და, მეორე, ალბათ, ჯერ კიდევ სურთ დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება. იმდენად წარმოუდგენელია ყველაფერი ის, რაც ქართველებთან დაკავშირებით დღეს რუსეთში ხდება, რომ ამას, ალბათ რაღაც დრო სჭირდება იმისათვის, რომ დარწმუნებით ითქვას: ეს, მართლაც, არის ეთნიკური წმენდა.”(სტილი დაცულია)

ამანდა აკსაკოჩა სხვა აზრისაა. მისი თქმით, დასავლეთს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები არ აკვირვებს და პირველად არ ხდება, რომ ევროკავშირი ამაზე ხმას მკაფიოდ არ იმაღლებს:

[აკსაკოჩას ხმა]”მე პირადად არ მგონია, რომ ევროკავშირი ამაზე მკვეთრ რეაგირებას მოახდენს. ალბათ, ჩვეული დიპლომატიური განცხადებები იქნება, მაგრამ ამის მიღმა არაფერი მოხდება. ევროკავშირი, ისტორიულად, რუსეთის გაღიზიანებას ერიდება. პირველად არ ხდება, რომ რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებს არღვევს. ამას იქ ყოველდღიური ხასიათი აქვს. ახლა ეს, შესაძლოა, ქართველებს შეეხო - მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ ევროკავშირი დიპლომატიურ განცხადებაზე უფრო მკვეთრ ზომებს მიიღებს.”

პოლიტიკური განცხადებების გარდა, საერთაშორისო თანამეგობრობას შექმნილ კრიზისულ ვითარებაში საქართველოსთვის ეკონომიკური მხარდაჭერის გამოვლენაც შეუძლია, - ამბობს გიორგი ხელაშვილი:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ”მე, მაგალითად, ველოდები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ამერიკის მითითებით, შეიძლება კიდევ გასცეს კრედიტები საქართველოსთვის, რათა შეივსოს ის დანაკლისი ფინანსებში, რაც შეიქმნა რუსეთიდან გადმორიცხვებისა და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის შემდეგ. ეს არის ერთი გამოსავალი. შეიძლება იყოს პირდაპირი ფინანსური დახმარება - როგორიც იყო, ვთქვათ, ნატოში შესვლისათვის სენატის მიერ გამოყოფილი რამდენიმე მილიონი დოლარი და ასე შემდეგ. თუმცა წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.”(სტილი დაცულია)

გიორგი ხელაშვილი დასავლეთისგან თანაბარ მხარდაჭერას არ ელოდება და ფიქრობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილ კრიზისზე ევროკავშირზე უფრო მკვეთრ რეაგირებას შეერთებული შტატები მოახდენს:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ”სხვაობა, ალბათ, იქნება. ამერიკელები, ალბათ, უფრო პრინციპულ პოზიციას დაიკავებენ. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია - იმაში, რომ თუ დავაკვირდებით, რა ხდებოდა ჩეჩნეთში, იქ, ფაქტობრივად, არც ევროპას და არც ამერიკას ხმა არ ამოუღია. იყო მხოლოდ ძალიან ”დაბალი დონის” შენიშვნები მოსკოვის მისამართით. მე არ ვიცი, რა რეაქციას გამოიწვევს ქართველების მიმართ განხორციელებული ეს ნაბიჯები. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპელები ნაკლებად დაუჭერენ საქართველოს მხარს და აქ უფრო ამერიკელების ხმა იქნება, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი, რუსეთის პოლიტიკის შეკავების თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG