Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული პროდუქციის დევნა კვლავ გრძელდება


7 ოქტომბერს, მოსკოვში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა, ეგრეთ წოდებულმა “ომონმა”, საქართველოს საკონსულოს წინ 7 ქართველი დააკავა.

საქართველოს მოქალაქეები მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან მათ საბუთები თითქოსდა წესრიგში არ ჰქონდათ. ამ და კიდევ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოვლენებზე რუსეთისა და საქართველოს საზოგადოების რეაქციის შესახებ მინდა გესაუბროთ.

7 ოქტომბრის დილიდან მოსკოვში, საქართველოს საკონსულოს წინ, რუსეთის მილიციის სპეცდანიშნულების რაზმი, ”ომონი”, გამოჩნდა. მისი წევრები საკონსულოსთან მისულ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. ზოგიერთი მათგანი დააკავეს კიდეც ვადაგასული ვიზისა თუ პასპორტის უქონლობის გამო. საქართველოს საკონსულო რამდენიმე ქართველს სამშობლოში დასაბრუნებელ საბუთებს უმზადებს, დაკავებულებსაც საქართველოში დააბრუნებენ, ამჯერად დეპორტაციის გარეშე. ასეთი პირობა მისცეს საქართველოს კონსულს ზურაბ პატარაძეს რუსეთის საემიგრაციო სამსახურში.

[ზურაბ პატარაძის ხმა] ”მოგვეცემა საშუალება, რომ..”

რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეთა (მათი რიცხვი 136-ს აღწევს) პირველი ჯგუფი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებით 6 ოქტომბერს ჩამოიყვანეს. იმავე რეისით, ოღონდ მგზავრებისთვის განკუთვნილი სალონით, მოსკოვში რუსეთის მოქალაქეები ქართული ღვინით, კალათა ყურძნითა და წითელი ვარდით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. რუსეთის მოქალაქენი თბილისიდან ამ საჩუქრებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გააცილა.

[რუსეთის მოქალაქის ხმა] ”...ისინი ან ჩვენი წასვლით იყვნენ გახარებული, ან კიდევ გვაგრძნობინეს, რომ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ჯერ ეს ჩვენ თვითონაც ვერ გავიგეთ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.”

ქართველები რომ რუსებს არ ებრძვიან, ეს რიგით მოქალაქეებზე უკეთ რუსეთის ელიტარულ წრეებში ესმით. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქართველი ხალხის დასაცავად რუსეთის მწერლები გამოვიდნენ. მათ განცხადებაში ნათქვამია: ქართველები იყვნენ, იქნებიან და დღესაც რჩებიან იმ ხალხად, რომელიც ჩვენთან ყველზე ახლოსაა. მწერლები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების ნაციონალისტური გამოხდომები მიუღებელია. უფრო თამამი განცხადება გააკეთა რადიო ”თავისუფლების” რუსულ რედაქციასთან საუბრისას ცნობილმა რუსმა მწერალმა გრიგორი ჩხარტიშვილმა, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი.

[ბორის აკუნინის ხმა] ”ბოლო ნახევარი საუკუნეა ჩვენთან, რუსეთში, ეთნიკური წმენდა არ ყოფილა, ახლა კი გამოდის, რომ ეს შესაძლებელია. შეიძლება უფრო მკაცრადაც ითქვას, ეს რასიზმია - როდესაც მილიციონერები ქუჩაში აჩერებენ შავთმიანებს, მოითხოვენ მათგან საბუთებს და ბევრ მათგანს შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგს პასპორტებს ართმევენ. ნაცისტურ გერმანიას მაგონებს ყველაფერი ეს, ღმერთო ჩემო...”

ამ დღეებში ბორის აკუნინის შემოსავლების კანონიერებით რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. მილიციამ შეამოწმა ზურაბ სოტკილავას სამუშაო ადგილი და ზურაბ წერეთლის ფინანსური საქმიანობითაც დაინტერესდა.

რუსეთის ხელისუფლების ასეთ ქმედებებს რიგითი მოსკოველებიც აკრიტიკებენ, რომლებმაც დღეს საქართველოს საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქცია არასანქცირებული იყო და სამართალდამცველებმა ის უმალვე დაშალეს.

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დევნას და მათ მიმართ განხორციელებულ სადამსჯელო აქციებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ეს არის აშკარად ქსენოფობიის გამოვლენა, ეს არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების განსხვავება, რაც არის მიუღებელი ევროპული სახელმწიფოსთვის, არის მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. დარწმუნებული ვარ, თუ მან მიიღო სამართლებრივი ფორმა, ამაზე იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის უმწვავესი რეაქცია.”
XS
SM
MD
LG