Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამომავალი ქართული გაზეთების მოწინავე სტატიები, ძირითადად, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების თემას


დღეს გამომავალი ქართული გაზეთების მოწინავე სტატიები, ძირითადად, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების თემას შეეხება. გაზეთ “მთელი კვირის” თანახმად,

რუსი ანალიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტის შეცვლის ვერსიებზე აქტიურად მსჯელობენ და არც მიხეილ სააკაშვილზე ტერაქტის მოწყობას გამორიცხავენ. რუსეთის „პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის“ დირექტორი სერგეი მარკოვი წლის ბოლომდე საქართველოში არც სამხედრო გადატრიალებას გამორიცხავს. მისი განცხადებით, სამხედრო გადატრიალება, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით, სავსებით რეალურია. მეტიც, მოსკოვი გადატრიალების შესაძლო თარიღსაც ასახელებს. მისი განცხადებით, ეს მოვლენა საქართველოში 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე უნდა მოხდეს. საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული აქტის განმხორციელებას არ გამორიცხავს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი. მისი აზრით, სპეცსამსახურმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, ათი თვალი და ათი ყური უნდა გამოიბას, რადგან პრეზიდენტის მარტო ფიზიკური დაცვა როდია საკმარისი. მთავარია გარანტირებული იყოს მისი ოპერატიული დაცვაც, – ამბობს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში.

გაზეთი “ახალი ვერსია” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ცნობილ რუს უფლებათდამცავთან, პოლიტიკოს ვალერია ნოვოდვორსკაიასთან. რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ღირსების სრული მოსპობა სურს, – ამბობს „რუსეთის დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელი და დასძენს, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გახდება ნორმალური სახელმწიფო, როცა ნავთობი გაუთავდება ან ატომური იარაღი მსოფლიოში აღარავის დასჭირდება. მანამდე კი აფხაზებსა და ოსებს სხვადასხვა ლამაზი იმედით მუდმივად მოატყუებს და ქართველებთან შერიგების საშუალებას არ მისცემს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კი, რომელსაც იგი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, შემდეგია: „ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართველებით დასახლებული ასლან აბაშიძის აჭარა არაა. თუ საქართველო რუსეთზე მდიდარი, წარმატებული და კულტურული ქვეყანა გახდება, ეს ხალხები დაფიქრდებიან, რა ჯანდაბად გვინდა რუსეთი, როცა საქართველოს გაცილებით მეტის მოცემა შეუძლიაო. გაუჩინეთ მათ ეკონომიკური დაინტერესება და ისინი საკუთარი ხელით დახევენ რუსულ პასპორტებს, - ამბობს ვალერია ნოვოდვორსკაია გაზეთ “ახალი ვერსიის” ფურცლებზე.

რუსეთს ეუთოში მოვთხოვთ პასუხს, – ამას გაზეთ “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი. იგი მიესალმება ლუსტრაციის კანონის მიღებას, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე ის ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” მიერ მომზადებულ კანონპროექტში დევს. დღეს რეალობა შეცვლილია, დღეს ჩვენთვის აქტუალურია არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისდროინდელი პრობლემების განხილვა, არამედ ის, თუ რა რეალური სიტუაციაა დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში, რუსეთის გარდა, ბევრი სხვა ქვეყნის სადაზვერვო ქსელი არსებობს და, აქედან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ ოდნავ სხვა ჭრილში განიხილებოდა ეს საკითხი, ამბობს დეპუტატი. რაც შეეხება საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ეუთოს ტრიბუნაზე გატანას, ლალი ფაფიაშვილის თქმით, ჯერჯერობით ძნელია იმის განსაზღვრა, რა საკითხები შევა ეუთოს ზამთრის სესიის დღის წესრიგში, თუმცა თუ პრობლემა გამწვავდა, საქართველოს დელეგაცია რუსეთ–საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ამ ეტაპზე კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოში აპირებს იმ ღონისძიებების გაპროტესტებას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან იქნა გატარებული, იუწყება გაზეთი “ახალი თაობა”.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების ფორმების შესახებ გაზეთი “ახალი თაობა” ადვოკატ ლია მუხაშავრიას ესაუბრა. რუსეთიდან გამოძევებულმა მოქალაქეებმა, თუ ისინი თავს უკანონობის მსხვერპლად მიიჩნევენ, უნდა უჩივლონ როგორც რუსეთის მთავრობას, ისე საქართველოს ხელისუფლებას. ეს უნდა მოხდეს ევროკონვენციის საფუძველზე ან სხვა ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიც არის იგივე გაეროს დეკლარაცია და გაეროს სხვა დოკუმენტები, - მიიჩნევს ლია მუხაშავრია.
XS
SM
MD
LG