Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს


ჩრდილოეთ კორეის განცხადებას ორშაბათს დილით ბირთვული გამოცდის ჩატარების შესახებ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა მთელს მსოფლიოში.

დამოუკიდებელ წყაროებს ჯერაც არ დაუდასტურებიათ, მართლაც ჩატარდა თუ არა ასეთი გამოცდა, მაგრამ, როგორც მსოფლიოს გამოხმაურება აჩვენებს, უმეტესობას სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ცნობა სინამდვილეს შეესაბამება. ბირთვულ გამოცდაზე გამოხმაურება ცალსახად უარყოფითია - იმდენად უარყოფითი, რომ აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების შესახებ.

საერთოდ, გაეროს უშიშროების საბჭოში ერთხმად დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარება და არც ის დაუმალავთ, რომ ეძებენ გზებს საიმისოდ, რომ ფხენიანს აიძულონ გაეროს მოთხოვნების შესრულება.

[კენცო ოშიმას ხმა] “საბჭოს წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საბჭომ ფხენიანის ამ ნაბიჯს ძალიან მალე უნდა გასცეს მკაცრი და ნათელი პასუხი, როგორც სიტყვიერად, ისე კონკრეტული ზომების სახით”. ამ შინაარსის განცხადება გაეროში იაპონიის ელჩმა, იმავდროუალად უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, კენცო ოშიმამ გააკეთა. აშშ-მა კი უშიშრეობის საბჭოს მოუწოდა, შემოიღოს სანქციები, რომელთაც გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლი ითვალისწინებს: მასში ლაპარაკია ნებისმიერ ზომაზე (სამხედრო ძალის ჩათვლით) საიმისოდ, რომ ქვეყანა დაემორჩილოს გაეროს ნებას.

უშიშროების საბჭოს მოუწევს რეზოლუციის ამ პროექტის განხილვა, ამასთან მან გუშინდელ სხდომაზე ჩრდილოკორეას მოუწოდა, უარი თქვას მორიგ ბირთვულ გამოცდებზე და დაუბრუნდეს მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამის გარშემო.
რაც შეეხება ისევ აშშ-ის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტს - ის 13 პუნქტს მოიცავს და რახან მათ შორისაა საერთაშორისო ინსპექციის დაწესება ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო და საფინანსო კავშირებზე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩინეთისა და რუსეთის პოზიცია. ჩინეთი ჩრდილოკორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რუსეთს - ნაკლებად ინტენსიური, მაგრამ მაინც აქვს პოლიტიკური და სავაჭრო კავშირი ფხენიანთან.

ამდენად, საკითხავია, მიემხრობიან თუ არა პეკინი და მოსკოვი (ორივე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ამდენად ვეტოს გამოყენებაც შეუძლია) ამერიკის მიერ მოთხოვნილ მკაცრ სანქციებს. პეკინიც და მოსკოვიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ჩრდილოკორეის განიარაღებას, მაგრამ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავენ, თუ კრიზისი მოლაპარაკების გზით არ მოგვარდა. პაკინის პოზიცია დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ლიუ ძიანჩაომ.

[ლიუ ძიანჩაოს ხმა] “ჩინეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება ომს, როგორც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ მიმართულ ზომას. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია: ეს იცის მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ჩინეთს დიდი ხანია კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ჩრდილოეთ კორეასთან. ეს არ შეცვლილა. თუმცა არ არის საჭირო იმის უარყოფა, რომ ბირთვული გამოცდები უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე და ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილო კორეა დადებითად გამოეხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას და პატივს სცემს ნაკისრ ვალდებულებებს ბირთვული განიარაღების სფეროში და თავს შეიკავებს ნებისმიერი ნაბიჯისაგან, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებდა ვითარებას”.

მაგრამ ჩინეთს, რომლის ეს პოზიციაც საგარეო უწყების პრეს-მდივანმა განმარტა, შესაძლოა, იმედი გაუცრუვდეს: სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო “იონჰაპის” ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბირთვული გამოცდების გაგრძელებით დაიმუქრა, რაც, უდავოდ, კიდევ უფრო გაამწვავებდა კრიზისს. არის სრულიად განსხვავებული შინაარსის ინფორმაციაც - რომ ფხენიანს სურს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ამდენად, ფხენიანის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებს ბევრი კითხვის ნიშანი ახლავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ორშაბათს განაცხადა, რომ დაზვერვა ცდილობს შეამოწმოს, მართლაც ჩაატარა თუ არა ფხენიანმა ბირთვული გამოცდა.
XS
SM
MD
LG