Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს მეთვალყურეები


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგებზე დასკვნას


საარჩევნო პროცესების დასრულებიდან ექვს კვირაში გამოაქვეყნებს. აღნიშნულ დაკვირვებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში გაეგზავნება. 2006 წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი დამატებით იმსჯელებენ. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემოს უზრუნველყოფს, თუმცა ცალკეულ სფეროებში მისი შემდგომი გაუმჯობესება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა. ასეთი შეფასება სწორედ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაკეთდა. მინდა უფრო დაწვრილებით გესაუბროთ მონიტორინგის პირველად შედეგებზე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების - არჩევნების ძირითად პოზიტიურ შედეგად ევროპელი დამკვირვებლები დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისსა და ფოთში, მერების არაპირდაპირი წესით არჩევას მიიჩნევენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის შეზღუდული საარჩევნო სამეთვალყურეო მისიის მთავარი შენიშვნა კი, რომელიც საარჩევნო დარღვევათა ჯერჯერობით არასრულ ჩამონათვალში დომინირებს, მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის მაღალი აქტივობით გამოყენებაა. მმართველმა, პარტიამ, ნათქვამია ეუთოს არჩევნების შედეგების ამსახველ განცხადებაში, ნაციონალურმა პარტიამ, ფართოდ გამოიყენა ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობა და განახორციელა მეტად თვალშისაცემი სოციალური პროექტები - კერძოდ, კომუნალური გადასახადების ვაუჩერების გამოშვება, საპენსიო დანამატების გაცემა და დროებითი სამუშაო პროგრამების შემუშავება. საარჩევნო კამპანიის პარალელურად წარმართულმა და მედიის მიერ ფართოდ გაშუქებულმა ზემოაღნიშნულმა პროგრამებმა სახელმწიფო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას შორის ზღვარი მეტად ბუნდოვანი გახადა, მიიჩნევენ ევროპელი დამკვირვებლები და დასძენენ, რომ ბეჭდვით და ელექტრონულ საარჩევნო მასალებში იდენტური ლოზუნგების, დიზაინისა და გამოსახულების გამოყენებამ გაართულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის მასალებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პიარმასალებს შორის განსხვავების მოძებნა.

[კოკი იონათამიშვილის ხმა]“ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორედ ეუთოს მიერ დაფიქსირებულ დასკვნებს და ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა. ნუ, სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე იყო ლაპარაკი. თუ, ვთქვათ, ეუთოს დასკვნაში იყო გამახვილებული ყურდღება, რომ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების უფრო მეტჯერ, ირიბად თუ პირდაპირ, რეკლამირება ხდებოდა და ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ექვემდებარებოდა, ჩვენ გავამახვილეთ სხვა რაღაცაზეც ყურადღება – ანუ პარტიებს ტელემაუწყებლებმა მისცეს არასწორი დრო, პირველ ეტაპზე მაინც.“(სტილი დაცულია)

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ–ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, “ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“, ხელმძღვანელი კოკი იონათამიშვილი ამბობს, ამ და სხვა ხასიათის მთელი რიგი დარღვევების აღმოსაფხვრელად მომავალში საგანგებო ტრენინგები მედიასაშუალებებისთვისაც უნდა ჩატარდეს.

კოკი იონათამიშვილი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კარგად იცნობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებულ შუალედურ დასკვნასაც, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს შეეხებოდა. ეუთოს დასკვნა ობიექტური და საქმიანი იყო როგორც მაშინ, ისე უშუალოდ არჩევნების შემდგომაც, ამბობს თამარ ჟვანია და ერთ ისეთ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც არ აისახა ევროპელი დამკვირვებლების არჩევნების შემდგომ განცხადებაში:

[თამარ ჟვანიას ხმა] “ეუთოს არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურებზე უწერია, რომ იქ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესები, თუმცა ჩვენ, როგორც მასშტაბურად სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ამას ვაღიარებთ საპირისპიროდ, რომ ყველაზე მასშტაბური იყო პროცედურული დარღვევები საუბნო საარჩევნო კომისიების მხრიდან. “ (სტილი დაცულია)

მცირე განსხვავებას ეუთოსა და “სამართლიანი არჩევნების” საარჩევნო მონიტორინგის შედეგებს შორის თამარ ჟვანია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სიმცირით ხსნის: ეუთოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ 20 დამკვირვებელი წარმოადგენდა, მაშინ როცა სამართლიანი არჩევნებიდან მონიტორინგს 3028 ადამიანი აწარმოებდა. თუმცა, სიმცირის მიუხედავად, ეუთოს შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების შედეგების ამსახველ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო: საარჩევნო სიების უზუსტობა, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების სიმცირე, დამოუკიდებელი კანდიდატების სიმცირე, მმართველი პარტიის პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენება, ზოგიერთი საარჩევნო კომისიის ჩართულობა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში და სხვ. ჩამონათვალი კიდევ უფრო სრული გახდება რამდენიმე კვირაში, როდესაც ეუთო ადგილობრივი არჩევნების შესახებ დასკვნას ოფიციალურად გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG