Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი მოსკოვთან დიალოგისთვის ემზადება


რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. არავინ დაობს, რომ, დიალოგის განახლების გარდა, გამოსავალი არ არსებობს.

ცნობილია, რომ 1-2 ნოემბერს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში, გელა ბეჟუაშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება. რამდენად რეალურია რუსეთ-საქართველოს დიალოგის განახლება, რომლის ხელშეწყობის სურვილსაც გამოთქვამს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, აგრეთვე ევროკავშირი და, დამოუკიდებლად, შეერთებული შტატების მთავრობა, თუმცა, მათი როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარებაში ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის?

დღითი დღე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველო ვერ იქნება წარმატებული სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. დიალოგის ხელშეწყობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი, თუმცა აღნიშნავენ აგრეთვე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა. ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ დასავლეთის არც ერთი წამყვანი საერთაშორისო სუბიექტი არ ჩაებმება იმ ტიპის ურთიერთობაში რუსეთთან, როგორიც დღეს საქართველოს აქვს. საერთაშორისო საზოგადოებრიობა კვლავ და კვლავ იმეორებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. თუმცა აქვე უარს ამბობს რუსი მშვიდობისდამცველების ჩამნაცვლებელი ძალის შეთავაზებაზე. საქართველოს ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტო კონფლიქტების მოგვარებისკენ გადასადგმელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სწორედ რუსი მშვიდობის დამცველების ჩანაცვლებას მიიჩნევს. დასავლეთს არ სურს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ამ ერთგვარ “შევიწროებაში” და ამ გზით ცხადყოფს კიდეც თავის პოზიციას.

ე.წ. “ჯაშუშების სკანდალის” შემდგომ პერიოდში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დიალოგის აღსადგენად. გელა ბეჟუაშვილმა სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ საქართველოზე “ზეწოლა და ბლოკადა უნდა მოისხნას” და რომ პრობლემები არა სანქციების, არამედ დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი ჩემთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვნებათაღელვის დაცხრობის დრო დადგა:

[ჩეჩელაშვილის ხმა] “დიალოგი უნდა დაეფუძნოს ორივე მხარის მზადყოფნას, რომ მოხდეს ნორმალიზაცია ურთიერთობების. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არანორმალური ვითარება. მიგვაჩნია, რომ რუსეთის რეაქცია იყო აბსოლუტურად გადამეტებული და არაადეკვატური, მაგრამ დროა უკვე ეს ვნებათაღელვები დაცხრეს და ვიფიქროთ ისევ განვითარებაზე ჩვენი ურთიერთობების, იმიტომ რომ ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ რეგიონულ თანამშრომლობაზეც. მაგალითად, საქართველოზე უფრო მეტად ამ სანქციების შედეგად იზარალა ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა.”

როგორც ხედავთ, ვალერი ჩეჩელაშვილმა ახსენა რეგიონული თანამშრომლობა. რუსეთთან შემდგომი ურთიერთობა, მართლაც, კარგი მაჩვენებელი იქნება იმისა, შეუძლია თუ არა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კავკასიაში, რეგიონული თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს, საგარეო უწყებები დღის წესრიგს ამზადებენ. საქართველოს მხარე ითხოვს უფრო ფართო პროგრამას, ვიდრე მხოლოდ ორი მინისტრის შეხვედრაა. ის, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხს, საბოლოო დღის წესრიგი აჩვენებს.

ბეჟუაშვილ-ლავროვის შეხვედრის პერსპექტივით კმაყოფილია შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი. რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას მან სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისისა და მისი მოადგილის მოსკოვში ვიზიტის შედეგების კომენტირებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების დეტალების შესახებ არაფერი იცის:

[ტეფტის ხმა] “როგორც სახელმწიფო მდივანმა რაისმა და მისმა მოადგილე ფრიდმა, რომელიც გასულ კვირაში აქ იმყოფებოდა, განაცხადეს, მიგვაჩნია, რომ ორი მხარის წარმომადგენელთა შეხვედრის დრო დადგა. მოხარულნი ვართ, რომ მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრებს ბეჟუაშვილსა და ლავროვს შორის შეხვედრა შედგება. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პრობლემათა მოგვარებისთვის მსჯელობის დაწყება.”

ბეჟუაშვილისა და ლავროვის შეხვედრას ზოგიერთი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის წინაპირობადაც განიხილავს. თუმცა რუსული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირეა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG